მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის მნიშვნელობაზე.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტს. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს. მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიულოცა ის ფაქტი, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რითაც უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მიდგომა ნარჩუნდება და კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით აკადემიური პროგრამების შექმნაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო და ლუვენის უნივერსიტეტებთან, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიზნით.
საბჭოს შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კვლევების განხორციელებაში, მათ შორის, ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, საამაყოა, რომ მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს სწორედ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ასრულებს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოში მონაწილეობა მიიღეს, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, დეკანმა მაგდა მაღრაძემ, საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და ფონდის პროექტებისა და ოპერაციების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საბჭოს საერთაშორისო წევრებმა, რომლის შემადგენლობაში არიან: დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორი, პროფესორი სებასტიან შმიდტი; ქუირონსალუდის საუნივერსიტეტო კლინიკის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო მიმართულების დირექტორი, პროფესორი რაიმონდ მირალბელი; იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი (INM-5), პროფესორი ბერნდ ნოიმაიერი; ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის (The Instituto Europea di Oncologia) სამეცნიერო დირექტორი პროფესორი რობერტო ორეკია; იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირობიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი (INM-4), პროფესორი ნადიმ ჯონი შაჰი; აახენის უნივერსიტეტის პროფესორი ახიმ შტალი; ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (Institute for Nuclear Physics) პროფესორი ჰანს შტროერი; ფიზიკისა და მასალების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) პროფესორი იურგენ ფასბენდერი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და იმსჯელეს უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების საკითხებზე