მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და 2021 წლის მარტში საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული და პოპულარული გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამა – “Stipendium Hungaricum“, რომელიც ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვლითი პროგრამის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ ეწერება ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას, ასევე ინოვაციების სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. მინისტრის თქმით, შესაძლებელია უნგრეთის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადება და განხორციელება. მიკლოშ კაშლერმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამის “Horizon Europe” კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. დაწყებულია Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. მათი ფუნქცია იქნება მეცნიერთა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. ასევე, უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება “Horizon Europe”-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებს შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
მინისტრმა კოლეგას განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ როგორც უნგრელ პროფესორებს, ასევე სტუდენტებსაც.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს განაპირობებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კოლაბორაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნგრელ მეცნიერებსა და კვლევით დაწესებულებებსაც ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.
თავის მხრივ, უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრმა მიკლოშ კაშლერმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში მიიწვია.
უნგრეთის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილე, ზოლტან ლორინჩი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მინისტრის მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე.