მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან სასკოლო კვების საკითხი განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხი განიხილა.
მხარეებმა ისაუბრეს მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე და მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ კვების რაციონში, რომელიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტები.
მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მუშაობის დეტალური შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თათია უგულავა.