წყალბურთის აკადემია
საქართველოში წყალბურთი აღმავლობის გზას დაადგა. ეროვნული ნაკრების წარმატების კვალდაკვალ ამ სფეროსადმი მომავალი თაობების დაინტერესება დღითიდღე იზრდება. სწორედ ამ მიზნით ნაკრების წევრებმა ზუკა რურუამ, გიორგი ხვედელიანმა და გივი სულაძემ მეგობრებთნ ერთად ჩამოაყალიბეს ,,წყალბურთის აკადემია“, სადაც მომავალ წყალბურთელებს გამოცდილებას უზიარებენ.
დღეს აკადემიაში 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და მათი რიცხვი პერმანენტულად იზრდება. მიღება ხდება 5 წლის ასაკიდან. პატარა სპორტსმენები წყალბურთის დასაუფლებლად რამდენიმე ეტაპს გადიან: დამწყებებს პედაგოგი ბელა სამარღანაშვილი ცურვას ასწავლის, გივი სულაძე ეხმარება წყალბურთის ელემენტების ათვისებაში, ირაკლი გოგელია მოზარდთა წყალბურთის სექციას ავარჯიშებს.
ირაკლი გოგელია: ,,ვცდილობთ ბავშვებს გამოცდილება გავუზიაროთ. ზუკა და გიორგიც ხშირად მოდიან და ამეცადინებენ პატარებს. ისინი რომ წყალში ჩადიან, საოცარი სიჩუმე ჩამოვარდება ხოლმე. ბავშვები ცდილობენ მათი ყველა სიტყვა და რჩევა დაიმახსოვრონ და შეასრულონ. წყალში ილეთების ჩვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამწყებთათვის.
ჩვებ ერთად გავიზარდეთ, მოსკოვში ერთ გუნდში ვთამაშობდით, მერე მე გერმანიაში წავედი და იქ განვაგრძე კარიერა. სამშობლოში რომ დავბრუნდი, ბიჭებმა შემომთავაზეს თანამშრომლობა და ახლა ვზრდით მომავალ სპორტსმენებს.
ჩვენი გუნდი ეროვნულ პირველობაზე ასპარეზობს და ბავშვები ამით დიდ პრაქტიკასა და გამოცდილებას იღებენ“.
გივი სულაძე: ,,წყალბურთის აკადემია“ ჩამოვაყალიბეთ გიორგი ხვედელიანმა, ზუკა რურუამ, ნოდარ რაფავამ და მე. რა თქმა უნდა, ბევრი ნიჭიერი და კარგი ბავშვი იზრდება. საწყის ეტაპზე ბავშვებთან ყოფნა ცოტა რთული იყო, მაგრამ შემდეგ თანდათანობით მივეჩვიეთ. ძალიან კარგი თაობა მოდის და რაც მთავარია, წყალბურთის მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა.
– როგორც წყალბურთშია მიღებული, სპორტსმენი ჯერ კარგად უნდა დაეუფლოს ცურვის ოთხივე სახეობას და ამის შემდეგ იწყება ბურთთან მუშაობა. ეგებ აგვიხსნათ, რა დროა საჭირო მოზარდმა ეს საფეხურები საფუძვლიანად რომ გაიაროს და სრულფასოვან სპორტსმენად ჩამოყალიბდეს?
– ალბათ, სპორტსმენად რომ ჩამოყალიბდე, ამის მისაღწევად მინიმუმ 4-5 წელი მაინც არის საჭირო. დონე უკვე იმაზეა დამოკიდებული, ბავშვი როგორი ნიჭიერი და შრომისმოყვარეა!
– გვიამბეთ იმ მიღწევების შესახებ, რაც აკადემიის ბავშვებმა მოიპოვეს...
– ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს პირველობაში ვმონაწილეობთ, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ასევე სხვადასხვა ტურნირებში გამოვდივართ... მაგალითად, ქუთაისის ღია ტურნირზე მეოთხე ადგილი ავიღეთ. ასევე თბილისში მინი ტურნირში მესამე ადგილი დავიკავეთ.