მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია
თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.
როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.