სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლი სამინისტროს მხრიდან აქტიურად გრძელდება
15 თებერვლიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი ხორციელდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სისტემატურად სტუმრობს სხვადასხვა საჯარო სკოლას და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად ადგილზე აფასებს მოსწავლეებისა და სკოლების პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ზომებს.
ეკატერინე დგებუაძე ამჯერად თბილისის 161-ე, 128-ე და 62-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეებსა და სკოლების ადმინისტრაციას საკლასო ოთახებში დაბრუნება მიულოცა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი სამუშაო ჩატარდა როგორც უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის, ასევე, მოსწავლეებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის ორგანიზების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სკოლას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით.
საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემატურ რეჟიმში გაგრძელდება.