მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან საქართველოში ვიქტორია ჰორვატთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის, მათ შორის, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამისთვის – “Stipendium Hungaricum“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მიიღონ უნგრეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა სფეროში. უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, რომ პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა ვიქტორია ჰორვატს საკოორდინაციო საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.
მიხეილ ჩხენკელმა და ვიქტორია ჰორვატმა განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტზე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის განვითარებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკას საგანმანათლებლო პროგრამების წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შემუშავების შესახებ. მისი თქმით, უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგიური საბაკალავრო პროგრამები. მომდევნო წლებში ამგვარი მიდგომა გაგრძელდება და გაჩნდება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მკურნალობისათვის განკუთვნილი იქნება ერთი ციკლოტრონი, ხოლო სპეციალურად სამეცნიერო კვლევებისათვის კი – მეორე. დაგეგმილია მისი გამოყენება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად, რომელში მონაწილეობის მიღება შეეძლება უცხოელ მეცნიერებს, მათ შორის, დაინტერესების შემთხვევაში, უნგრელ მეცნიერებსაც. ვიქტორია ჰორვატმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, მათ შორის, კვლევებში ახლაგაზრდა მეცნიერების ჩართვის თვალსაზრისით.
მიხეილ ჩხენკელმა და ვიქტორია ჰორვატმა შეხვედრაზე აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს, როგორც უმაღლესი, ასევე, პროფესიული განათლების საფეხურზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ამჟამად პროფესიული კოლეჯის განვითარების პროცესი მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა აგრარული პროგრამის დანერგვა და განხორციელება იგეგმება. უნგრეთის მხარის ჩართულობა ამ პროცესში პროფესიული პროგრამების განვითარებას დაეხმარება და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.
მხარეებმა კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, მათ შორის, ქართულ-უნგრული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, „მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის“ შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.