„ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მდგრადი კოვიდ-19-ის შემდგომი მსოფლიო“ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს რომლის წლევანდელი გზავნილია - „ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მდგრადი კოვიდ-19-ის შემდგომი მსოფლიო“.
ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ, ორგანიზაცია „World Vision საქართველოსთან“ თანამშრომლობით, შექმნა პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის - „სკოლები პანდემიის დროს“, რომელშიც გაიწერა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის პანდემიის პირობებში დასწრებითი და დისტანციური სწავლების ორგანიზების დეტალები. აღნიშნული გზამკვლევის მიხედვით, დისტანციური სწავლების პირობებში სპეციალური მასწავლებლები, თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის დისტანციურ სწავლებას ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ, რაც ონლაინ გაკვეთილების ჩატარებასა და შესაბამისი დავალებების მიცემასთან ერთად სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობის ხელშეწყობასაც გულისხმობს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესები გათვალისწინებულია „ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვის პროცესშიც: ვიდეო გაკვეთილები მზადდება სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, ასევე, პროექტის ფარგლებში გაკვეთილები ითარგმნება ჟესტურ ენაზე.
ინკლუზიური განათლების განვითარებისა და ყველა მოზარდისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს „ინკლუზიური სწავლების პროგრამას“.
აღნიშნული პროგრამა, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ და შშმ მოსწავლეებისა და სტუდენტების ხელშეწყობასთან ერთად, საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობისა და სოციალური ინკლუზიის, მულტიდისციპლინური გუნდისა და ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამებს მოიცავს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, კერძოდ:
• სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ მიენიჭათ სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსი;
• ცვლილებები შევიდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში;
• სპეციალურ მასწავლებლებსა და საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს გაეზარდათ ანაზღაურება;
• პირველკლასელთა რეგისტრაციაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, რეგისტრაციის პირველ ეტაპად განისაზღვრა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაცია.
• განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი;
• განხორციელდა 6 თვიდან 6 წლამდე ბავშვის განვითარების მდგომარეობის შესაფასებელი ტესტის ადაპტაცია;
• დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი;
• განხორციელდა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და შეიქმნა ახალი ქართული ჟესტები, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე http://ge.signwiki.org/index.php/New_Signs;
• „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელდა ინკლუზიური განათლების სპეციალისტების აყვანა;
• მცირემხედველი და უსინათლო მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოები ბრაილის ანბანით დაიბეჭდა.
ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, სამინისტრო ორიენტირებულია პარასპორტის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიურ ჩართულობას. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პარასპორტის მხარდაჭერა: თბილისში აშენდა პარასპორტის განვითარების ცენტრი და გაიზარდა პარასპორტის დაფინანსება. შედეგად, საქართველოს პირველად ჰყავს პარალიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თბილისსა და რეგიონებში 30%-ით გაიზარდა იმ სპორტული ობიექტების რაოდენობა, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
სპორტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის მხარდაჭერის კუთხით, მომავალშიც არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ახალი ეროვნული პარაცენტრის აშენება. ამასთან, პარალიმპიური ჩემპიონების მსგავსად, სტიპენდიები პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებსაც დაენიშნებათ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე ოფიციალურად 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 47/3 რეზოლუციით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, აღიარეს.