ევროპელ მკვლევართა ღამეს მუზეუმები ვიდეოლექციებით უერთდება
26-27-28 ნოემბერს ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მუზეუმების ორგანიზებით ვიდეოლექციები ჩატარდება. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: www.captain2020.ge
ხელოვნებათმცოდნეები სამუზეუმო სივრცეებიდან ისაუბრებენ ისეთ საინტერესო და შემეცნებით თემებზე, როგორებიცაა: ძველი ქართული სამკაულის ისტორია, ტაძარი და მისი სიმბოლიკა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ქართული პლაკატის ისტორია, რესტავრაცია-კონსერვაცია მუზეუმში, რას მოგვითხრობენ მონეტები, ფიროსმანის პირადი საქმე, ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა გუგლის კულტურულ სივრცეში, ქართული ეროვნული კოსტიუმის ისტორია და სხვა.
ლექციების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://www.mes.gov.ge/uploads/gallery/Programme.pdf
საქართველო წელს პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.
პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები.