პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ტრენინგი „სამეცნიერო კომუნიკაციის აქტივობების მომზადება“ ჩატარდა
ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანიას“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ტრენინგს ორგანიზებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უწევდა.
ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო ექსპერტებმა: დოქტორმა გილბერტ აჰამერიმ (ავსტრია), მუზა კირიუსინამ (ლატვია), აგრეთვე, DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონკურსისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა მეცნიერებმა.
ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში შემდეგ თემებს მოიცავდა: საკომუნიკაციო სტრატეგია სამიზნე აუდიტორიისათვის, საკომუნიკაციო მესიჯები, საკომუნიკაციო მედიუმი, ენა, დიზაინი და სტრუქტურა, პრეზენტაციის მომზადება, სამეცნიერო პროექტის წარდგენა და ა. შ.
საქართველო წელს პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.