მიხეილ ჩხენკელმა ევროპული უმაღლესი განათლების ონლაინ მინისტერიალში „რომი 2020“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროსა და ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს ორგანიზებულ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ონლაინ მინისტერიალში - „რომი 2020“, რომელსაც ბოლონიის პროცესის წევრი 48 ქვეყნის დელეგაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით დასახული საერთო მიზნები და საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა და ამ კუთხით ევროპული პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ ვიზიარებთ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ხედვას ინკლუზიური, ინოვაციური და ურთიერთდაკავშირებული უმაღლესი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, ინოვაციური მიდგომების გავრცელებასა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მექანიზმების დანერგვას. ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტებს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვთ ციფრული ტექნოლოგიებისა და სწავლების შერეული მეთოდების გამოყენების მიმართულებით.
ჩვენი დიდი ძალისხმევისა და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, დღეს საქართველო არის Erasmus+ პროგრამის პარტნიორი ქვეყანა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი. ამავდროულად, დაინტერესებულები ვართ, განვიხილოთ ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანების წევრობის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ევროპული ღირებულებების წახალისებას, ასევე, ევროპულ სივრცეში უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის ზრდას.“
მინისტრმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები იქმნება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება, რომელიც იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო ჰაბი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის IBA-ს მიერ დამზადებული ორი ციკლოტრონი განთავსდება. ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო პროცესს. ქართველ მეცნიერებთან ერთად კვლევებში უცხოელებიც ჩაერთვებიან, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიურ და სამეცნიერო კერად აქცევს.
ბოლონიის პროცესს, რომელიც უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ითვალისწინებს, საქართველო 2005 წელს ბერგენის სამიტზე შეუერთდა, რის შემდეგაც უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდა.