მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელებს Covid-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით გადამზადების სწრაფი კურსები უტარდებათ
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელების გადამზადების პროცესი დაწყებულია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად) უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის ტრენერები.
ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას.
კურსის ვიდეომასალა განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.mes.gov.ge/ - და ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტორიზებული უნივერსტიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელი სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი.
სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება. ამ მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო პროგრამა - „Covid-19-ის მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის. აღნიშნული კონტიგენტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტები შეადგენენ იმ სტუდენტთა სიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ჩაირიცხონ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზაში.
გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სწორედ აღნიშნული ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა ექნებათ.