თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.
კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო 175-ე საჯარო სკოლის ცალკეული კლასები ონლაინ სწავლებაზე იქნა გადაყვანილი, ხოლო 45-ე სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესი მთლიანად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების შემდეგ სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აღდგა. ამჟამად ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოწყობილია საიზოლაციო ოთახები, სადაც ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოსწავლის განთავსება მშობლის ადგილზე გამოცხადებამდე არის შესაძლებელი.
ეკატერინე დგებუაძე: „სკოლებში სასწავლო პროცესი, მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, შერეულ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვასთან ერთად ონლაინ სწავლებასაც მოიცავს.
მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები. სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ხოლო მათ, ვისაც სურვილი აქვთ, დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ სწავლა, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ სწავლების პორტალზე.“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში აწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, რაც გულისხმობს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ან მთლიანად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ან წერტილოვნად - კონკრეტული კლასი/სართული.
სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება .