ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დისტანციურად მიმართა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM-ის მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი, გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.
რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარულია KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. ამ პროგრამაზე წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტი და ბოლოს მათემატიკა. მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.
უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.
სტუდენტთა რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნული კონკურსისა და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები. მათ შორისაა მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებებისათვის. ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება საერთაშორისო ჰაბი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.