მიხეილ ჩხენკელმა სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთობლივი ცენტრის – სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის – საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე საჯარო-კერძო უნივერსიტეტების პარტნიორობის საფუძველზე სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერების სფეროში ჩამოყალიბებული პირველი ინტერდისციპლინური ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს. ასევე, გაიმართა საკორპორაციო სამართლის კომიტეტის პრეზენტაცია, რომლის შემადგენლობაში უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შედიან.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის დამფუძნებლებს იუბილე მიულოცა და სახელმწიფოსთვის განმსაზღვრელ სფეროებში ინტერდისციპლინური კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრს მივულოცო იუბილე. ცენტრი ახორციელებს უაღრესად მნიშვნელოვან ინტერდისციპლინურ კვლევებს და წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების თანამშრომლობის ძალიან კარგ მაგალითს. ასევე, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი ასპექტი ცენტრის მოღვაწეობისა გახლავთ ის, რომ სამეცნიერო-კვლევით პროცესში სტუდენტებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული“.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამართლისა და ეკონომიკის ცენტრსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის, რომელსაც ხელი ირაკლი ბურდულმა და ნინო ქადაგიძემ მოაწერეს.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ საუნივერსიტეტო ბაზაზე ერთობლივად დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო თუ პრაქტიკული პროცესების სტიმულირებასა და მონიტორინგს, პრობლემასა და გამოწვევაზე ეფექტიან რეაგირებას, სამართლებრივ-ეკონომიკურ ექსპერტიზას, კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობასა და პრაქტიკაში ინკორპორირებას.
ორი წლის განმავლობაში ცენტრის ეგიდით ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სამართლისა და ეკონომიკის სფეროს აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში გაიმართა ინტერდისციპლინური დისკუსიები, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, კერძო იურიდიული კომპანიებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
სამართლისა და ეკონომიკის საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.