მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პროფესიული განათლებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
კონფერენცია მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს ეკონომიკურ ონლაინ ფორუმში მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დიდწილად ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი გახლავთ ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა და შრომის ბაზრის შესაბამისი ახალი პროგრამების დანერგვა. ამგვარი მიდგომა კონკურენტუნარიან გარემოს შექმნის და დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ მიზნის მისაღწევად პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გვესახება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროფესიული განათლების სისტემის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა კვლავ გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.“
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მიღწევებზე პროფესიული განათლების სფეროში, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მოჰყვა შედეგად. ბოლო დროს განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა პროფესიული განათლების ხარისხი. შეიქმნა ზრდასრულთა მომზადება/გადამზადების პროგრამები და გაძლიერდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევებია ასევე გეოგრაფიული არეალის დაფარვის თვალსაზრისით.
მიხელ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელმაც აღმოფხვრა დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკანონმდებლო ჩიხი და გააუმჯობესა კავშირები განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის. კანონი დუალური პროფესიული პროგრამების დანერგვის საშუალებას იძლევა საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში, რაც ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმებიც.
მინისტრმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევა უზრუნველყოფს ხარისხიანი პროფესიული განათლების ჩამოყალიბებას. მიხეილ ჩხენკელის თქმით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით სამინისტრო ქმნის ახალ შესაძლებლობებს კერძო და საჯარო სექტორთან უკეთესი პარტნიორობისათვის პასუხისმგებლობის განაწილების გზით. აღნიშნული მიდგომა საქართველოს ეკონომიკას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF) თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც 2020 წლის ივლისში დაიწყო შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერით და რომელიც მყარ საფუძველს შექმნის საჯარო და კერძო პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარებისათვის “Closing the Skills Gap Accelerator in Georgia” ფარგლებში.