თამარ ქიტიაშვილმა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
თბილისში პირველად, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
ორდღიანი ფორუმი აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და მასში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებული IT ინდუსტრიის ლიდერები, მაღალი რანგის ამერიკელი, ევროპელი და რეგიონის ოფიციალური პირები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გლობალური ტექ-ანტერპრენერები მონაწილეობენ.
COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით იმართება. მონაწილეთა ერთი ნაწილი საუბრობს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფება, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით უერთდება.
წელს ფორუმის წამყვანი თემაა "ტექნოლოგია, როგორც წამალი" და მისი მონაწილეები IT ინდუსტრიას განიხილავენ, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.
თამარ ქიტიაშვილმა პლენარულ სესიაზე „ახალი განათლება ახალი ეკონომიკისთვის“ საქართველოში აიტი დარგში პროფესიული კომპეტენციების მიწოდებაზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც მთელი მსოფლიოს განათლების სისტემები დგანან ციფრული კომპეტენციების კონტექსტში.