განათლების მინისტრმა არაქართულენოვანი სტუდენტები დააჯილდოვა
დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „მე მიყვარს ქართული ენა - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პროგრამა 1+4 მოქმედებს, მოსამზადებელი განყოფილების არაქართულენოვანმა სტუდენტებმა ქართულ ენაში კარნახი დაწერეს. ჟიურიმ მათგან 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი შეარჩია. გამარჯვებულების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა მათგანმა იგრძნოს თავი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ, რაც მათი მოტივაციის ასამაღლებლად და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის აუცილებელია.