მიხეილ ჩხენკელი მალგორ ზატაგოსიევსკას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის პარლამენტის წევრს მალგორ ზატაგოსიევსკას შეხვდა. მხარეებმა საქართველო-პოლონეთს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებულ საკითხები განიხილეს - პოლონეთი იქნება საქართველოს ძირითადი პარტნიორი ევროკავშირში, რომელიც ქართულ სამეცნიერო აზრს და მემკვიდრეობას ევროპული საზოგადოების წინაშე სათანადოდ წარმოაჩენს.
მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზეც, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთობლივი ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოებას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
მიხეილ ჩხენკელმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით ახორციელებს.