ახალი სკოლა სოფელ თვალადში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლის მშენებლობა გასულ წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.
თვლადის 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, გააჩნია მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი, ბიბლიოთეკა. შენობა თანამედროვე ევროპული სკოლის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
ამავე დღეს მინისტრი კასპის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. კასპის პირველი საჯარო სკოლის ახალი თანამედროვე შენობა მომავალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. შესაბამისად, სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ამ მიმართულებით ძალისხმევას.