შეხვედრა ესტონეთის ელჩთან საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებას.
ესტონელი ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია. შედეგად, უკვე რევიზირებული და დამტკიცებულია დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა. ახლო მომავალში დამტკიცდება რევიზირებული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე, ხოლო საშუალო საფეხურის სასწავლო გეგმაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა პროფესიული განათლების შესახებ ახალ კანონპროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად. მხარეებმა იმსჯელეს კონკრეტულ ნაბიჯებზეც, კერძოდ საუბარი შეეხო სამეცნიერო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროექტების ამოქმედებას, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. შეხვედრის ბოლოს ელჩმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ესტონური გამოცდილების გასაცნობად ესტონეთში მიიწვია.