ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსა და მთავარ პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაცია - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM international) წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა,
მხარეებმა 2019 წლის აკადემიური პროგრამები დაამტკიცეს და უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების გეგმა, ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა, აკადემიური პერსონალის შერჩევის წესი, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კლასტერ-ჰაბების განვითარების სისტემა და ინფრასტუქტურული მოწყობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, სადაც გაწეული სამუშაოს ანგარიში განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბს წარმოადგენს, რომელიც სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი გახდება კავკასიის რეგიონში.