სსსმ მოსწავლეებისთვის ინტელექტის შესაფასებელი ტესტი შეიქმნა
ორგანიზაციამ „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ საერთაშორისოდ აღიარებული ინტელექტის შესაფასებელი ტესტის (TONI-4) ქართულ ნორმებზე სტანდარტიზაცია და ადაპტაცია განახორციელა, რომლის გამოყენების უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდს მიენიჭა.
ტესტი არავერბალური ინტელექტის შესაფასებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ რესპოდენტს შეფასების პროცესში არ მოეთხოვება ლაპარაკი, კითხვა, წერა ან მოსმენა. ამდენად, ის იდეალური ინსტრუმენტია სმენის და მეტყველების სირთულეების მქონე მოსწავლეთა უნარებისა და პროგრესის შეფასებისთვის. ტესტი ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე და სტანდარტიზებულია ნორმებზე. შედეგად, ტესტის ჩატარების შემდეგ, შესაბამის ქულებზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდი დაადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.
ინტელექტის შესაფასებელი ტესტის შექმნის მიზანია, მოსწავლეთა შეფასება საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებისთვის, რომელიც მოიცავს აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასებას. მომავალში სსსმ და შშმ მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების შეფასება ამ ტესტის საფუძველზე იწარმოებს.
ტესტის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობენ.