საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეციერების სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებული თანამშრომლობა და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ უკრაინელი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს საზაფხულო ბანაკებში ჩამოდიან. ამ მიმართულებით მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევის გააქტიურებაზე, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულმა მეტმა მოზარდმა შეძლოს საზაფხულო ბანაკებში დასვენება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო აგრეთვე ზოგიერთი უკრაინული უმაღლესი დაწესებულების საქმიანობას, რომლებიც საშუალებას აძლევენ ქართველ აბიტურიენტებს თავი აარიდონ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ამ მიმართულებით კოორდინირებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობა გამოიკვეთა. შეხვედრისას უკრაინულმა მხარემ კერძო სკოლებში რუსეთიდან შემოტანილი სახელმძღვანელოების საკითხი დასვა, სადაც დამახინჯებულადაა გაშუქებული და ასახული ზოგიერთი ისტორიული მოვლენა და გეოგრაფიული რუკა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაზე დაუყოვნებლივი და სწრაფი შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.
შეხვედრის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უკრაინის ელჩი პირადად დაპატიჟა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.