განათლებისა და მეცნიერების სფეროში უნგრეთთან თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად შეაფასა უნგრულ მხარესთან ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან უნგრული მხარე ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოყოფს ქართული მხარისთვის. ქართული მხარეც მზადაა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს უნგრელი სტუდენტების სწავლებას წამყვან ქართულ უნივერსიტეტებში.
უნგრეთის ელჩმა საქართველოში კმაყოფილება გამოხატა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობით და მისი შემდგომი გაღრმავების კონკრეტულ წინადადებებზე ისაუბრა. მან დაინტერესება გამოხატა, რათა უნგრულ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცეთ ჩაერთონ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემდგომ საქმიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უნგრული და ქართული ენების სწავლების საკითხს შესაბამის უნივერსიტეტებში, 2018 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებს შორის დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებს, პროფესიული განათლების მხრივ თანამშრომლობის პერსპექტივებს და ა.შ.
შეხვედრის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა და პირადად დაპატიჟა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.