მიხეილ ჩხენკელი CAIE-ს (Cambridge Assessment International Education) წარმომადგენლებს შეხვდა
ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი CAIE-ს (Cambridge Assessment International Education) წარმომადგენლებსა და ინგლისის განათლების მინისტრს (2002-2004 წლებში) ჩარლზ კლარკს შეხვდა.
CAIE-ს წარმომადგენლებმა მინისტრს საერთაშორისო გამოცდილება გააცნეს ზოგადი და პროფესიული საფეხურის კურიკულუმების შექმნასა და შეფასების სისტემების დანერგვის თაობაზე. ასევე, აქცენტი გაკეთდა ზოგადი და პროფესიული განათლების კურიკულუმების ერთიან ჭრილში განხილვის შესაძლებლობაზე, რაც ბრიტანეთში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებს სირთულეების გარეშე გადავიდნენ ზოგადი განათლების საფეხურიდან პროფესიული განათლების საფეზურზე.
მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანელ კოლეგებს სამინისტროს ახალი ინიციატივები გააცნო. მათ შორის ვრცლად ისაუბრეს პროფესიულ განათლებაში დაგეგმილ სიახლეებზე და ქართველი სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზების მნიშვნელობაზე.
ბრიტანელმა კოლეგებმა მინისტრს დაგეგმილი სიახლეების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.