მაიკროსოფტი საქართველოს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება
ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უცხოელ კოლეგებთან და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად მინისტრი მაიკროსოფტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ზოგად განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, კონკრეტულად, მაიკროსოფტის ვირტუალური თამაშებისა და პროგრამების დანერგვაზე იმსჯელეს, რაც სასწავლო პროცესს ეფექტურს და საინტერესოს გახდის.
საგანმანათლებლო კომპიუტერული თამაშებითა და პროგრამებით შესაძლებელი გახდება მოსწავლეებმა თამაშით შეისწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები და ამავდროულად, ცხოვრებისათვის აუცილებელი ისეთი უნარები გამოიმუშავონ, როგორიცაა გუნდური მუშაობა, შემოქმედებითი აზროვნება და ა.შ.
ორმხივ შეხვედრაზე მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მასწავლებელთა გადამზადების კუთხით დაგროვილ გამოცდილებაზეც გაამახვილეს ყურადღება და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვეს.
შეხვედრის შედეგად, გადაწყდა, რომ ახლო მომავალში სკოლის მოსწავლეებისთვის მაიკროსოფტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო რესურსი ქართულ ენაზე გახდება ხელმისაწვდომი.