მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ასამდე ქვეყნის განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ლონდონში 21 იანვარს გაიხსნა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი შეხვედრებს გამართავს როგორც სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან, ასევე განათლების ექსპერტებთან.
დღეს შეხვედრა პროფესიული განათლების ბრიტანელ ექსპერტ ენდრიუ ჰოლთან შედგა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს პროფესიული განათლების სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა ისაუბრეს როგორც პროფესიულ განათლებაში დამსაქმებელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გზებზე.
მიხეილ ჩხენკელის აზრით, აუცილებელია პროფესიული განათლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება, რათა ის მიმზიდველი და პრესტიჟული გახდეს. სწორედ ამ მიზნით, უკვე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია იმ საუკეთესო მაგალითებზე ხაზგასმით, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ შეცვალა პროფესიულმა განათლებამ სტუდენტთა მომავალი.
მინისტრმა უცხოელ ექსპერტს სამომავლო ინიციატივები გააცნო, რომლის თანახმად, საქართველოში დაგეგმილია პროფესიული კოლეჯების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირება. კერძოდ, კოლეჯები ბმაში იქნებიან უნივერსიტეტებთან და იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მოესურვება პროფესიული განათლების დაუფლების შემდეგ ან პარალელურად, უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლა, ამას ის მარტივად შეძლებს. ასეთი მიდგომა კი, პროფესიული განათლების პრესტიჟს და მისდამი დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად აამაღლებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ქართული და ბრიტანული პროფესიული კოლეჯების დამეგობრებაზეც ისაუბრეს, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემთ გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა და ბრიტანულ კოლეჯში განათლება და გამოცდილება გაიღრმაონ.