„მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ - მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო.
პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. პედაგოგებმა სურვილი გამოთქვეს გაუზიარონ მინისტრს გამოცდილება, ასევე ესაუბრონ სკოლის საჭიროებებზე, პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციები შესთავაზონ. ასეთი შეხვედრების მიზანი სწორედ ღია საუბრია თემებზე, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხს, მოსწავლეებს შორის და სკოლებში ბულინგის საკითხების გადაჭრას ეხება.
დღევანდელ შეხვედრაზე მასწავლებლებმა აქცენტები გააკეთეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე, მშობლებთან კომუნიკაციაზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, რაც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება.
მასწავლებლებთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და როგორც მინისტრი, ასევე სამინისტროს ყველა წარმომადგენელი მზად არის მოუსმინოს თითოეულ პედაგოგს და გაიზიაროს მათი მოსაზრებები.
შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს კლასის მართვის საკითხებზე ლიტერატურა გადაეცათ. ამასთან, ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, რომელსაც უახლოეს დღეებში ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი მიიღებს, რათა ინფორმირებულნი იყვნენ, თუ რას ეხება ბულინგი, რა არის ძალადობა და როგორ უნდა იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში.