საქართველო და იაპონია განათლების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ
2017 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
იაპონია-საქართველოს შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მინისტრმა იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობისთვის ახალი განზომილების შეძენაზე როგორც პროფესიული განათლების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერების, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა ქართული და იაპონური ენების პოპულარიზაციის კუთხით, საქართველოსა და იაპონიის უნივერსიტეტებს შორის იაპონური და ქართული ენების შემსწავლელი პროგრამების წარმატებულ საქმიანობაზე.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ლაბორატორიების მოწყობის მიმართულებით თანამშრომლობაზე იაპონური საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით; ასევე, იმსჯელეს პროფესიული კოლეჯების ინსტიტუციურ და ტექნოლოგიურ განვითარების მიზნით, საქართველოში მოქმედ პროფესიულ კოლეჯებსა და იაპონური კომპანიებს შორის კერძო-საჯარო პარტნიორობების ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიცირებული პროფესიული კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.
უმაღლესი განათლების მიმართულებით, მხარეებმა ისაუბრეს გამოჩენილი იაპონელი და ქართველი ლექტორების მიერ ელექტრონული სწავლების და ონლაინ საგანმანათლებლო კურსების დანერგვის შესაძლებლობებზე, ასევე ქართველი და იაპონელი სტუდენტებისა და პროფესორების მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე.
იაპონიის ელჩის თქმით, იაპონიაში დიდი ყურადღება ეთმობა კულტურული მრავალფეროვნების სწავლებას. ამ მხრივ, საქართველო, თავისი მდიდარი ისტორიით და გეოგრაფიული მდებარეობით, ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. შესაბამისად, იაპონური მხარე დაინტერესებულია იაპონელ სტუდენტებს ქართული გამოცდილება გაუზიაროს, საქართველოს ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა აქტივობებისა და პროგრამების შეთავაზებით.
იაპონიის ელჩმა ისაუბრა იაპონური კულტურის მნიშვნელობაზეც, რომელიც საფუძვლად უდევს ბიზნესის მართვის იაპონურ მოდელს და რითაც ევროპისა და ამერიკის მოდელებისგან გამოირჩევა. აღნიშნული თემის აქტუალურობის გათვალისწინებით, მიხეილ ჩხენკელმა, იაპონური მხარის სურვილის შემთხვევაში, გამოთქვა მზადყოფნა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის მსგავსი შინაარსის ლექციის ორგანიზებების ხელშეწყობაში.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაფართოებული დიალოგის დაწყების თაობაზე, რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროგრამების მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, იაპონური და ქართული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს.