ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. სკოლის დირექტორმა აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო და იმ ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიულ გადამზადებასა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას გულისხმობს.
პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგების სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ლტოლვითა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი, ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მუნიციპალიტეტების ახალი მერები, საკრებულოს წევრები და პოტენციური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სკოლა საქმიანობას 2005 წლიდან ახორციელებს. აღნიშნულ სკოლაში დღემდე 1498 საჯარო მოხელე გადამზადდა, ხოლო 9136 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს უფასოდ შეასწავლა სახელმწიფო ენა. ჟვანიას სკოლა ქვეყნის 11 რეგიონულ ცენტრსა და 93 სოფელში ფუნქციონირებს.
სკოლის მიზანია ხელის შეუწყოს, ერთი მხრივ, თვითმმართველ ორგანოებში საჯარო მოხელეების გაძლიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას სახელმწიფოს ერთიან სივრცეში.