მიხეილ ჩხენკელი: მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება და სტანდარტებთან შეუსაბამობა სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება.
პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის თქმით, მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება და ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა, უმაღლესებისთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება.
ამოქმედდება ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების სტანდარტებთან თავსებადი მოდელი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით კი, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, გაცილებით ეფექტური მექანიზმი.
დიდი ყურადღება დაეთმობა დისტანციური სწავლების დანერგვას, რაც გულისხმობს როგორც უცხოელი პროფესორების რესურსის გამოყენებას, ასევე შესაძლებლობას საზღვარგარეთ ქართველმა პროფესორებმაც წაიკითხონ ონლაინ ლექციები.
საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუსა“ და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს, რომლის შედეგად, ქუთაისში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება.