ახლადრეაბილიტირებული ახალციხის N1 და ქალაქ ვალეს N1 საჯარო სკოლები გაიხსნა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს.
ახალციხის N1 საჯარო სკოლაში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთი ათასამდე კვადრატულ მეტრს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000 მოსწავლისთვის, ხოლო ვალეს საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირდა ორი ათას კვადრატულზე მეტი ფართი და 300 ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე გარემოში განაგრძობს განათლების მიღებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.
პარალელურად მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს. სასწავლო გარემო, დამატებით 12 ათასი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.