თანამოაზრეობის ბედნიერება
დიდ ოჯახს დიდი გული აქვს და სიყვარულიც დიდი იცის. გაგნიძეებს სწორედ ასეთი ოჯახი აქვთ: მყუდრო, იმედიანი, დედმამიშვილური სიყვარულით გაჯერებული და, რაც სულ უფრო იშვიათია, თანამოაზრე, ერთმანეთის მომსმენი. დედა ნახე, მამა ნახეო.. იშვიათად, რომ სხვა ასე ამართლებდეს ამ ხალხურ ანდაზას. გაგნიძეები ამაგიანი ხალხია, თითქმის მთელი სოფელი მათი ნამოწაფარია, ოჯახის მამა, ბატონი გიგლა, წლების განმავლობაში დირექტორობდა ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საშუალო სკოლას; მისი მეუღლე, ქალბატონი ნუნუც, ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა ამ სკოლაში.
სოფელს უყვარს თავისი ინტელიგენცია და ქინძათელებსაც გამორჩევით უყვართ გაგნიძეები. ახლა მშობლებს ვაჟიშვილები, კობა და ზვიადი, შეენაცვლნენ და აქაურებს მათი იმედი აქვთ -- ჭკუასაკითხავებადაც ეგულებათ და მომხმარეებადაც.
მასწავლებელი შვილს სხვაგვარად ზრდის და სხვა ღირებულებებს აჩვევსო... გაგნიძეების მთავარი ღირებულება სწავლაა, მთავარი მოსწრაფება -- მაქსიმალური ინვესტიციის ჩადება შვილების განათლებაში. ამ ოჯახში ყველაზე ბეჯითი ბავშვები ცხოვრობენ. ქინძათელები, რა ხანია, მიეჩვივნენ იმასაც, რომ სოფლის საჯარო სკოლა, რომელშიც ყველა აქაური აღიზარდა, გაგნიძეებისთვის, ფაქტობრივად, მეორე სახლია.
მათი ამბავი იოლად მოსაყოლია: გიგლა და ნუნუ გაგნიძეებმა საკმაოდ ერთსულოვანი და მიზანსწრაფული შთამომავალი დატოვეს. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და რძალ-დედამთილობაში კი არა, დედაშვილობაშიც კი, ხმაშეუმაღლებლობა ძნელად გამოგვდის. გაგნიძეები კი ამ მხრივაც სანიმუშონი გამოდგნენ: 17 წელი ერთ დიდ ოჯახად იცხოვრეს დედამთილ-მამამთილმა და დაცოლშვილებულმა ვაჟებმა და მათი შეკამათება არავის სმენია. ეს ის წლებია, ერთიმეორის მიყოლებით რომ ჩნდებოდნენ ბავშვები: ჯერ კობას ია დაიბადა. მერე ზვიადის ნინო, მერე -- ისევ კობას გიგა და მერე ისევ ზვიადის ნუნუ. ზვიადის კოსტასთვის ნინო ბიცოლას „ტყუპისცალი“ აღარ გაუჩენია, შინ თუ გარეთ მასაც რომ გამოდგომოდა ამხანაგად, სამაგიეროდ, ალალად აღიარებდა ხოლმე „დანაშაულს“, რაკიღა ჩემი ბრალია, მე უნდა წამოგყვე სკოლაში და გავხდე შენი მეწყვილეო. კოსტას კობას ანი მოჰყვა, მათ შორის დაშორება სამი თუ ოთხი წელია, მერე კი ნაბოლარა ბიძინაც გამოჩნდა, ისიც ზვიადისა. დღეს ეს შვიდივე ბავშვი თბილისის ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის № 199 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ან მოსწავლეა. უფრო სწორად, ოთხმა უკვე გადაინაცვლა უმაღლეს სასწავლებლებში, კოსტა, ანი და ბიძინა კი ჯერაც კომაროვში სწავლობენ. ესეც შედეგი იმ მიდრეკილებისა, ბებიისგან რომ გამოჰყვათ და ცდა არც ზვიადს დაუკლია: ყველას ახსოვს, ერთად დასხამდა ხოლმე ჯერ სულ პატარებს, სკოლამდელებს და სახალისო მათემატიკის ზეპირ ამოცანებში წვრთნიდა ავარჯიშებდა.
ეს მხარე, ალბათ, საგანგებოდ უნდა გამოიყოს: მათემატიკა, ფიზიკა, მექანიკა გაგნიძეების მთავარი გატაცებაა. დაამთავრებენ თუ არა ექვს კლასს, როგორც წესი, გადიან ეროვნულ გამოცდებზე, რომ სწავლა კომაროვის სპეციალიზებულ სკოლაში გააგრძელონ. შარშან ამ გამოცდების ჩაბარება ანის მოუხდა, წელს კი-- ბიძინას. ამ პატარებისთვის საქმე უფრო გაიოლებულია: მათთვის მარტივია იმის გადაწყვეტა, როგორები იყვნენ, წინ და-ძმის იმდენი მაგალითი აქვთ, თუ საიდან დაიწყონ და რაში უფრო განვითარდნენ.
ასე რომ, ხაშურში უკვე აღარავის უკვირს დედაქალაქში გაგნიძეების გადმობარგება. თუმცა, სოფელიც არ მიუტოვებიათ, სხვა რომ არაფერი, ზვიადის მეუღლე ია დღემდე ქინძათის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებს ასწავლის და სკოლის ყოველდღიურობაშიც მთელი დატვირთვით არის ჩართული.
ახლა წინა თაობის ამბებიც ვთქვათ... სამივე შვილს ადრეული წლებიდანვე გამოეკვეთა ფიზიკა-მათემატიკოსი დედის გავლენა. სამაგიეროდ, როცა ამის დრო დადგა, ოჯახის მამასაც გაუმართლა და ნინოს სახით, რძალი შეხვდა ისტორიკოსი. ქეთინო დედის კვალს გაჰყვა: დაამთავრა მათემატიკისა და ფიზიკის ფაკულტეტები და რაკიღა გათხოვების მერე, სურამში დამკვიდრდა, დღემდე სურამის საჯარო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელია. ძმებმა უმაღლესი განათლება ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გავლით მიიღეს. კობა მშენებელი ინჟინერია, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. ზვიადი მათემატიკოსია -- ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ორივე დაბრუნდა თავის მშობლიურ რაიონში. აქვე დასაქმდნენ. ზვიადი -- მათემატიკის მასწავლებლად, მოგვიანებით კი -- მშობლიური სკოლის დირექტორადაც.
კობამ თითქოს უგანა ოჯახის პედაგოგიურ ტრადიციას, მაგრამ, ეს „ხარვეზი“ მეუღლემ, ნინო ხარაიშვილმა, შეავსო. თავისი მაზლისცოლის, ია ბახტაძისა, არ იყოს, ისიც პედაგოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ასე შეიკრა საკმაოდ შთამბეჭდავი კოლეგიალური წრე, საბჭოთა ეპოქაში საოჯახო დინასტია რომ დაერქმეოდა; მის შუაგულში კი აღმოჩნდა სწავლისმოყვარე შვიდი ბავშვი, შვიდი კომაროველი, რომელთაგან ერთი, დღეს უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სპეციალობის სტუდენტი ნუნუ გაგნიძე, ამ გამორჩეული სკოლის ორი წლის წინანდელი ოქროსმედალოსანია, ხოლო მისი ძმა, მეთორმეტეკლასელი კონსტანტინე გაგნიძე, ეროვნული, ევროპის და საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადების არაერთგზის წარმატებული მონაწილე. მათი უფროსი და ნინო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელია, ხოლო ბიძაშვილები, და-ძმა ია და გიგა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის სპეციალობებზე სწავლობენ.
კოსტას წარმატებებზე, ალბათ, ცალკე უნდა მოგიყვეთ. მით უფრო, რომ მექანიკითა და ინჟინერიით მისი გატაცება ადრეული ასაკებიდან იწყება, როცა ფიზიკის კანონების ცოდნაზე არც შეიძლებოდა ლაპარაკი. სადღაც სამი-ოთხის წლის ასაკიდან ახსოვთ, რომ სულ რაღაც სათამაშოს შლიდა და აწყობდა. მაგალითად, 9-10 წლისამ მუყაოსგან დაამზადა საკმაოდ შთამბეჭდავი სატვირთო მანქანა, რომელსაც ძარაც თავისუფლად უმოძრავებდა და, პულტის მეშვეობით, დაუბრკოლებლად მოძრაობდა ეზოს აღმართ-დაღმართებზე. მერე იყო მისი განთქმული მოტოციკლი, რომელიც, ფაქტობრივად, არაფრისგან ააწყო. რკინის მილები მიღუნ-მოღუნა, რაღაც დეტალები გამოჩორკნა, ზოგიც, მაღაზიაში იყიდა, მიადუღ-მოადუღა და ერთმანეთს მიადგა. ისეთი მოტოციკლი გამოუვიდა, ავ თვალს არ დაენახვებოდა. ძია კობა არ უსვენებდა ხოლმე, მათხოვე, ბიჭო, ეგ შენი მოტოციკლი, ტყეში წავალ და ზამთრისთვის შეშას მოვზიდავო.
კომაროვში თავიდანვე შენიშნეს პატარა ხაშურელი ბიჭის გამორჩეული საზრიანობა, ის დღე იყო და ის დღე, მონაწილეობს მათემატიკისა და ფიზიკის სხვადასხვა მასშტაბის ოლიმპიადებში. უკვე მერვე კლასიდან I და II ხარისხის დიპლომები, ინდივიდუალური და გუნდური წარმატებები, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები... თავიდან მათემატიკაშიც. ახლა უფრო ფიზიკაში. ეს ინტერესი უფრო გამოეკვეთა, იმდენად, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრების თითქმის მუდმივი წევრია, ასე წარმოაჩენს საკუთარ თავსაც, სკოლასაც და საქართველოსაც.
შორს აღარ წავალ, მხოლოდ 2017 წელს უკვე ჩავლილი ამბებით შემოვიფარგლები. როცა მეთერთმეტეკლასელ კოსტა გაგნიძეს საქართველოს ნაკრების 4 დანარჩენ წევრთან ერთად, იანვარში ყაზახეთის, ალმა-ათის ფიზიკის საგნობრივ საერთაშორისო ოლიმპიადაში მოუწია მონაწილეობა. ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეთა ნახევარზე მეტს აჯობა თავისი მონაცემებით. ასევე, შარშანდელ სასწავლო წელს, მაისში ესტონეთში მოხვდა ევროპის ქვეყნების ტრადიციულ ოლიმპიადაზე, სადაც მშვენივრად იასპარეზა (მე-19 ადგილი) მისთვის გამორჩეულად საინტერესო თეორიულ და ასევე, ექსპერიმენტულ ფიზიკაში.
მერე იყო ზაფხულის ტრადიციული საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც ინდონეზიაში, ჯაკარტაში ჩატარდა. ნორჩ ფიზიკოსთა ამ რიგით 48-ე საერთაშორისო ასპარეზობაში მსოფლიოს 88 ქვეყნის 500-მდე მეთერთმეტე-მეთორმეტეკლასელი მონაწილეობდა.
2 ოქტომბერს ამ ბავშვებს, საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ სხვა მოსწავლეებთან ერთად, საგანგებო შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადების გამარჯვებულებს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოფილი კომაროველი გიორგი კვირიკაშვილი და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ღირსეულად წარმოჩენისთვის, მათ ჯილდოები გადასცა. ყმაწვილებს გამარჯვება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც, რომელიც ასევე ყოფილი კომაროველია. ეს იყო ცოდნისა და ნიჭის ნამდვილი ზეიმი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მსოფლიო ოლიმპიადებზე ხუთივე დისციპლინაში წარდგენილი მოსწავლეთა ნაკრები გუნდები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 14 მედლითა და საპატიო დიპლომებით დაბრუნდნენ საერთაშორისო ასპარეზობიდან. საქართველოს ნორჩ ფიზიკოსთა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედლისა და ერთი საპატიო დიპლომის (კონსტანტინე გაგნიძე) მოპოვება შეძლო, რაც, როგორც ითქვა, ძალიან კარგი შედეგია.
თუ გინდა, რომ შვილმა საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ გამოავლინოს, მაქსიმალურად კონკურენციულ გარემოში უნდა გაზარდო. კომაროვის სკოლა, ტრადიციულად, ასეთი გარემოა. ეს სკოლა, დღიდან შექმნისა, იყო და რჩება ძლიერთა შორის უძლიერესად. მარტო 2016-17 -ის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულებში 28 კომაროველი მოზარდია, ამ ყმაწვილებს შორისაა ჩვენი წერილის ერთ-ერთი გმირი კონსტანტინე გაგნიძეც, ბიჭი, რომელზეც ოჯახი დიდ იმედებს ამყარებს, რომელიც, თავის ბევრ თანატოლთან ერთად, საქართველოს დიდი იმედია!
კოსტას ლაპარაკი ძალიან არ ხიბლავს, შესაბამისად, ძუნწად გვიყვება დამდეგი 2018 წლის საოლიმპიადო გრაფიკის შესახებაც, თუმცა, ერთზე იოლად ვთანხმდებით: მომავალი წელი მისთვის გამორჩეულად დაძაბულია. იანვარში ყაზახეთის საერთაშორისო ოლიმპიადა, მაისში -- ევროპის ქვეყნებისა, ასევე, ფიზიკაში, რომელიც უკვე იცის, რომ მოსკოვში ჩატარდება. ამას პლუს, ასევე, ფიზიკის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა პორტუგალიაში. ეს უკვე ზაფხულში ხდება, ზაფხულში, რომელიც მეთორმეტეკლასელისთვის ისედაც ყველაზე ცხელი და დაძაბულია: კოსტას კი წინ აქვს თავისი ცხოვრების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი „ოლიმპიადა“ -- ეროვნული გამოცდები, რომელმაც თავის საოცნებო ფიზიკოსობას კიდევ ერთი ნაბიჯით უნდა მიაახლოოს. ჯერ არ იცის, რა არჩევანი ექნება. დღესდღეობით, მხოლოდ, ჩვენს უნივერსიტეტებზე არის ორიენტირებული, თუმცა, სამარქაფოდ, ჯერ კიდევ შარშანდლიდან ყაზახეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო გრანტიც აქვს. ვნახოთ, რას მოიტანს 2018, წარმატებათა ცხელ კვალზე კიდევ რა შემოთავაზებები გაჩნდება.
გაგნიძეები ყოველმხრივ გამართული ხალხია, საკუთარი საქმისა და მეურნეობის პატრონი. ეს იმიტომ რომ მრავალსულიანობა აქ სხვის მოიმედეობას, სხვისი ხელის შემყურეობას არ ნიშნავს, ძმებმა შვილებს თავიდანვე მისცეს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა, გონებრივ შრომაშიც გაწვრთნეს და ტექნიკასთნ ურთიერთობაც ასწავლეს. მანქანის საჭესაც ყველა შეაჩვიეს პატარაობიდან, განურჩევლად ბიჭობისა და გოგოობისა. ეს თავდაჯერება ამის შედეგია, ბავშვებმა იციან, რა უნდათ და რა შეუძლიათ, გააზრებული აქვთ, რისკენ მიმართონ და რამდენზე გათვალონ საკუთარი შესაძლებლობები, სურვილები და უნარები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრება ოჯახის თბილ გარემოზე გაცილებით უშეღავათოა, თანაც -- საუკეთესოსა და უვარგისის გათანაბრებაც კარგად ემარჯვება.
დღეს, როცა ზნეობრივად აჭრელდა ჩვენი საზოგადოება და შავი თუ თეთრი მართლა ძნელი გასარჩევია, უბრალოდ, ადამიანურად, გახარებს, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები. მრავალშვილიან ოჯახს მრავალგვარი უპირატესობა აქვს, ასეთ გარემოში „მე“-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება. ბავშვი პატარაობიდანვე ამარცხებს ეგოიზმს, სწავლობს მშობლის სიყვარულის დედმამიშვილისთვის განაწილებას და თუ ამას მისი აზროვნებისა და უნარების სწორად წარმართვაც დაემატა, ალბათ, მივიღებთ ისეთ გასახარ სურათს, როგორც დღეს ჩვენი წერილის გმირი გაგნიძეების დიდ ოჯახშია: სადაც დედმამიშვილებს ერთმანეთზე მზე და მთვარე მართლა ამოსდით და ბიძაშვილებს ერთმანეთი და-ძმაში მართლა არ გამოერჩევათ.
ფოტოზე: გამარჯვებულთა დაჯილდოება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში; მარჯვნიდან მესამე -- კონსტანტინე გაგნიძე.