გურამ ფანჯიკიძის პუბლიცისტიკის კვალდაკვალ
ათასიანი ტირაჟით გამომავალმა 1980-ინი წლების ქართულმა პრესამ დიდი ადგილი დაუთმო ისტორიული ტრავმის რეპრეზენტირებას.
1980-1990-იანი წლების ნაციონალური ამბიციების ჩვენებას პუბლიცისტურ ჟანრში საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ და „საბჭოთა ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა“ გ. ფანჯიკიძემ ძალიან საინტერესო წერილი მიუძღვნა (აღნიშნული წერილი რუსული კულტურის მოღვაწე ვ. კოროტიჩს მიემართება). 1924-1937-1951 წლების ტრაგიკული ფაქტების გახსენებით მწერალი ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი რუსული წარმოშობის სტალინური კომპლექსის არაადეკვატურობაში:
„თუ საბჭოთა კავშირში ვინმე უნდა იყოს გაბოროტებული სტალინზე, პირველ რიგში ალბათ, ჩვენ, ქართველები. ყველა სარეპრესიო კამპანია, რომელიც მან წამოიწყო თითქმის ორმაგი ძალით იწვნია ქართველმა ხალხმა, მას ხომ უნდა დაემტკიცებინა თავისი ობიექტურობა და მიუკერძოებლობა“ (გ. ფანჯიკიძე, „ღია წერილი ვიტალი კოროტიჩს... და სხვებსაც,” ლიტერატურული საქართველო, 43–44, 1988: 2–4).
იმ ფონზე, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის წინარე პერიოდში საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე მიტინგებზე მეგაფონიდან ისმოდა განუწყვეტელი პრეზენტაცია ჩვენი ერის განსაკუთრებული მისიისა, ლამის მთელი „სამყაროს“ წინაშე, 1980-იან წლებში 1990-იან წლებამდე მწერლები ხშირად შუამავლის როლს ირგებდნენ საზოგადოებასა და ფაქტობრივ ხელისუფლებებს შორის, რიგ შემთხვევებში, აღელვებული მომიტინგე მასების დასაშოშმინებლად, რიგ შემთვევაში კი, საკუთარი მედიატორული ფუნქციის ღრმა გაცნობიერებით. მათ მიაჩნდათ, რომ ზედა და ქვედა სოციალური საფეხურების დასაკავშირებლად, ერთმანეთის ნარატივების გასაშიფრად, გასაგებინებლად ეს აუცილებელი ხარკი იყო. ამიტომაც, მწერალი „ერის“ სახელით საუბრისას საკუთარ თავს სწორედ ამ მედიუმის სივრციდან ხედავდა და გვესაუბრებოდა საკუთარი პერსონისადმი სრულიად სერიოზული ლეგიტიმაციის მინიჭებით: „მთელ ქართველ ერს აღელვებს ის აგდებული დამოკიდებულება, თქვენ და თქვენისთანები რომ ავლენთ ქართველებისა და საქართველოს მიმართ.“ არ ივიწყებს რა ვ. ასტაფიევის „ღვაწლს“ ნაციონალური კულტურის წინაშე, გ. ფანჯიკიძე ხაზს უსვამს რუსი მწერლის მიერ „რესპუბლიკების“ მიმართ გამოვლენილ შოვინიზმს, რომლითაც „დავრჩით გალანძღული მთელ კავშირში“. ასევე, მწერალი არც ჟურნალისტ ცვეტოვის „ვიდეო-ვენდეტას“უშვებს მხედველობის არის მიღმა.
როგორც ჩანს, ურთიერთშეურაცმყოფელი კონოტაციის შემცველი დისკუსიები ნაციონალურ პრობლემებზე რეაგირების ერთგვარი ალტერნატიური გზა იყო 1980-იანი წლების საქართველოში, თანაც ამ დისკუსიებს გააჩნდათ სრულიად კონკრეტული მნიშვნელობა მოვლენების „დაძაბვის და გადატვირთვის“ თვალსაზრისით.
გ. ფანჯიკიძის კოლეგა, ქართველი ლიტერატორი, ისტორიკოსი და პოეტი, დღეს უსამართლოდ მივიწყებული დ. მჭედლური, ამავე პერიოდში საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებდა სოციალური მედიის სრულიად კონკრეტულ პრობლემაზე ჩვენში, ეროვნების მისათითებელი გრაფის გაუქმების საკითხზე საბჭოთა პასპორტში. ეს საკითხი იმ დროსაც და ახლაც მტკივნეულად აღიქმებოდა ეთნიკურად ქართველი სუბიექტების მიერ, რადგან ეროვნულობის მარკირება მისთვის ნაციონალურ თავმოყვარეობასთან იყო გადაჯაჭვული.
„1977 წლის კონსტიტუციის დამტკიცებისას იმაზეც იყო საუბარი, რომ პასპორტში არ ჩაეწერათ ეროვნება. ცენტრსა და რესპუბლიკებს შორის ჩამოყალიბდა თავისებური კოლონიურ–მეტროპოლიური ურთიერთობა. საკავშირო უწყებებმა ხელი მიჰყვეს ეროვნულ სიმდიდრეთა ძარცვას, რესპუბლიკებმა დაკარგეს კონტროლის უფლება საკუთარი ბუნებრივი რესურსებისა და მიწა-წყლის დაცვა-გამოყენებაზე“ (დ. მჭედლური, „რაც შემეხება მე.“ ცისკარი, 6 ,1989 : 123–134).
ეროვნულობის მადისკრიმინებელი რეალური ფაქტის კონსტანტირება დაეხმარა მწერალს ისტორიულ რეპრეზენტაციაში. 1921 წლის მოვლენების გახსენების შემდეგ, ისტორიკოსი, პოეტი და წლების განმავლობაში, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე დ. მჭედლური თავის წერილში შეშფოთებას გამოხატავდა, არ მომხდარიყო საქართველოს რუსეთთან
„ნებაყოფლობითი შეერთების მითის ხელახალი რესტავრაცია, რასაც დაემატა მითი საქართველოში ბოლშევიკური აჯანყებისა და რუსეთის არმიების ინტერნაციონალური დახმარების შესახებ.“ (დ. მჭედლური, „მოვლენები და დაკვირვებები,“ ცისკარი, 3 , 1990: 94–110).
პოსტსაბჭოთა ეპოქაში ისტორიული მეხსიერების ნარატივის და ისტორიული ტრავმის რეპრეზენტირება საშულებას აძლევდა „მამების თაობის“ მწერლებს, ღიად ესაუბრათ გარდამავალი პერიოდის საქართველოს ყველაზე მტკივნეულ პრობლემებზე. იგივე რეპრეზენტირების მეთოდი ამავე უფლებას უტოვებდა ახალი თაობის მეამბოხე ლიტერატურასაც. სწორედ 1989-ში „ახალთაობელი მეამბოხე“ დ. ტურაშვილი ირონიით შენიშნავდა:
„ხომ არ დადგა დრო საქართველოში დაწესდეს ანატოლი შავკუტას რაიმე პრემია ან ჯილდო იმ რუსი მწერლებისათვის, ვინც ერთი წლის მანძილზე ხშირად და უკეთ გალანძღავს ქართველებს. [...] თვითონ პატივცემული ანატოლის გვარი ამ შემთხვევაში დიდებული მინიშნებაა“ (დ. ტურაშვილი, „მინდა სხვა რაღაც უფრო მეტი,“ ლიტერატურული საქართველო, 44, 1989: 10).
ანტიკოლონიური პათოსით გამოირჩევა გ. ფანჯიკიძის 1990–იანი წლების პუბლიცისტიკაც. განსაკუთრებით, მწვავდება იმპერიის კულტურასთან კონფლიქტი, როდესაც საქმე ეხება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან (ოსებთან და აფხაზებთან) ქართველების არაადეკვატურ/არათანასწორუფლებიან დამოკიდებულებას, როცა ცენტრი პერიფერიას მცირე ეთნიკური ჯგუფების იმავე კატეგორიებით ჩაგვრაში ადანაშაულებს, რასაც თავად ქართველები რუსული იმპერიალიზმის მტრულ მემკვიდრეობად მიიჩნევდნენ (ვგულისხმობთ საქართველოს „მცირე იმპერიად“ შერაცხვას აკადემიკოს ა. სახაროვის მიერ და ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ პერიპეტიებს).
„შემთხვევით რუსეთს ისევ თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ?“ (გ. ფანჯიკიძე, „პასუხი რუს მწერლებს,“ ლიტერატურული საქართველო, 38 (1992): 4) _ გამომწვევი შეკითხვით, ახალი საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენელი გ. ფანჯიკიძე, ნებსით თუ უნებლიედ, მწვავე კონტრმიმიკრიულ პოლემიკას იწყებს ნაციონალურ მედიაში, ხშირად იგი გადაჭრით მოითხოვს რუსი მწერლებისაგან რეაგირებას მეტროპოლიის გააზრებულ ბოროტმოქმედებებზე, რადგან მათ მეტროპოლიის კულტურის აგენტებად მიიჩნევს. ამ აქტივობით, გ. ფანჯიკიძე ა. ბაქრაძის მსგავსად, ცენტრის მნიშვნელოვან სუბიექტს აკისრებს პასუხისმგებლობას, რომელიც კოლონიალისტმა უნდა ატაროს, მაგრამ, ცხადია, შეკითხვა: „რატომ არ ისმის რუსი მწერლების ხმა? კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური პოსტსაბჭოთა ქართულ სალიტერატურო სივრცეში. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, ხელოვნურად თავსმოხვეული „უფროსი ძმის“ მითი გაქარწყლების სტადიაში იმყოფება, რიგ გარემოებათა გამო.
გ. ფანჯიკიძის დაკვირვებით, ქართველი კარგა ხანია ევროპასთან ეძებს ურთიერთობას და ნანობს, რომ ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მისი განვითარება შეწყდა: „აბა, ევროპასთან ჰქონოდა ურთიერთობა ქართველ ერს, როგორი მაღალგანვითარებული იქნებოდა დღეს?!“ (გ. ფანჯიკიძე, „ინტერვიუ,“ ლიტერატურული საქართველო, 43 (1993): 4). 90–იანი წლების მიწურულს, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის პირობებში, განვითარებად „სამშობლოს,“ რომელიც ნაციონალური იდენტობის ძიების გზაზე იყო და ჯერაც არ გათავისუფლებულიყო „კომუნისტური წყობის რელიქტური ზემოქმედებისაგან“ (გ. ფანჯიკიძე, „საით მიდის ადამიანი?“ ლიტერატურული საქართველო, 15, 1995: 4–5), გონებაში ჩაჭედილი წარმოდგენებისაგან, მწერალი ეკითხება: საით მიდის პოსტსაბჭოთა ქართველი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ლანძღვაში იღებს დივიდენდებს და არა კონკრეტული, რაციონალური ნაბიჯების გადადგმაში, ანუ იმდაგვარ აქტივობებში, რომლებიც მისი ნაციის ახალი იდენტობის განსაზღვრის საუკეთესო გზა იქნებოდა.
რა ვქნათ, თუკი „რუსმა ახალგაზრდებმა კავკასიის ომებს დიდი იმედები დუკავშირეს. მოდიოდნენ რწმენით, რომ აქ სისხლს გადაისხამდნენ, საზრისს მოიპოვებდნენ, საკუთარ ვინაობას და რაობას დაადგენდნენ“, მაგრამ ნაცვლად „ჩემისა“ ისინი აქ „სხვას“ აღმოაჩენდნენ და თავად კოლონიზდებოდნენ ავთენტურ კულტურასთან შეხებისას (თ. წოწონავა, „პასუხი რუს მწერლებს,“ ლიტერატურული საქართველო, 38, 1992: 4). ცნობილია, რომ ტოლსტოისაც კი, დამოუკიდებელ მხატვრულ ფენომენად კავკასია არ აღუქვამს, მისთვის კავკასია რუსთა მოქმედების ფონი და გარემოა მხოლოდ. საბოლოოდ, კავკასიაში აღთქმული ქვეყანა არ აღმოჩნდა, რადგან ეს უკანასკნელი, როგორც „თავისთავადი ელემენტი, ტოლსტოის არ აინტერესებდა.“ ტოლსტოის კავკასიელები მხოლოდ აბრაგები არიან, თანაც ამავდროულად, რუსები ტოლსტოის ნარატივებში საკმაოდ ჰუმანურადაც გამოიყურებიან.
ე.წ. კავკასიური ნარატივის პირველი კარგად ცნობილი მეტაფორა მზიური საქართველოა; მეორე მნიშვნელოვანი მეტაფორა კი,_სამოთხე, გამოყენებული ა. პუშკინის შემოქმედებაში, საქართველოს მისამართით (არზრუმის შემდეგ), ლოკალურ კონტექსტში. პროფესორ ბ. წიფურიას დაკვირვებით:
„[...] როცა აქცენტი კეთდებოდა საქართველოს მზიურობაზე, ბუნებრივად იგულისხმებოდა, რომ მის გარეთ არსებობს სხვა, ცივი, მტრული, დისჰარმონიული რეალობა. სწორედ ამ სამყაროს ემიჯნებოდა ჩვენი ნათელი და ჰარმონიული სამყარო. რასაკვირველია, გამიჯვნა ხდებოდა, უწინარესად, ეროვნული ნიშნით და ეროვნული საზღვრების მონიშვნის სურვილით: საზღვარი, რომელიც არ იყო დადებული მატერიალურ დონეზე, ფიქსირდებოდა სახეობრივ თუ განცდისმიერ დონეზე ნაციონალურ მსოფლმხედველობაში და კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ ცნობიერებაში განამტკიცებდა ეროვნული თავისთავადობის შეგნებას (წიფურია: 2016, 101).“
რომელ სინამდვილეში აღმოჩნდნენ ქართველები მზიანი, ღვინიანი, მშობლიური სამყაროს წილ?_ საბჭოთა პერიოდის სახეობრივ სისტემაში ეს ანატაგონიზმი მხოლოდ შეფარული სახით იყო წარმოდგენილი“. ის, რომ საბჭოური იდეოლოგია ცდილობდა საკუთარი მეტანარატივის ფარგლებში მოექცია მეტროპოლიის მიერ ხელდასხმული ან რეალური ლიტერატურული ავტორიტეტები და ამ ფორმით განემტკიცებინა საკუთარი ავტორიტეტულობა და მოეპოვებინა კონტროლი საერთო სიტუაციაზე, როგორც ჩანს, შედეგიანი არ აღმოჩნდა რეალურ ისტორიულ დროსთან მიმართებაში. ავტორიტეტები, ერთგვარად ხელიდან გასხლტნენ, როგორც კი ამის საშუალება მიეცათ, როგორც კი ფსიქოლოგიური საზღვრების მატერიალურ საზღვრებად ქცევის ფანტომმა ხორცის შესხმა დაიწყო. როგორც ვხედავთ, „საბჭოური, სოცრეალისტური ჰარმონიის მითს ქართულ ლიტერატურაში ჩაენაცვლა საქართველოს, როგორც ჰარმონიული და იდილიური სამყაროს მითი და ნაციონალური ნარატივის ფარგლებში, ფაქტობრივად, ამოქმედდა ნაციონალური, ანტისაბჭოური უტოპია. [...] ამ ნიშან-სახეთა მეშვეობით ხდებოდა საქართველოს, როგორც გეოგრაფიული, სულიერი, ეროვნული არეალის გამოყოფა, გამოცალკევება საბჭოური არეალისაგან [...] (წიფურია: 2016, 101).“
ამ ხანგრძლივ, ორ საუკუნეზე მეტხანს მიდინარე პროცესზე, რომლის დაგვირგვინება გახდა პოსტკოლონიური ქართული საზოგადოების მტკივნეული ანამნეზის რეპრეზენტაცია, შემდეგ წერილში ვისაუბრებთ ჭ. ამირეჯიბისა და ო. ჭილაძის რომანების მაგალითზე.
რელევანტური ლიტერატურა:
- ფანჯიკიძე გურამ. „იქნებ შევაფურთხოთ ეშმაკს?“. „ლიტერატურული საქართველო“. 38 (1996): 3.
- -------------------------„კითხვები დახვრეტის შემდეგ“. „ლიტერატურული საქართველო“. 15 ( 1994): 3.
- ---------------------------„პასუხი რუს მწერლებს“. „ლიტერატურული საქართველო.“ 38 (1992): 4.
- --------------------------- ინტერვიუ. „ლიტერატურული საქართველო“. 43 (1993): 4.
- ---------------------------„საით მიდის ადამიანი?!“ „ლიტერატურული საქართველო“. 15 (1995): 4-5.
- ------------------------- „საქართველო ახლა ჰგავს ჩასაძირად განწირულ ძირგამომპალ ნავს“. „ლიტერატურული საქართველო“. 43 ( 1993): 4.
- -------------------------- „ღია წერილი ვიტალი კოროტიჩს... და სხვებსაც“. „ლიტერატურული საქართველო“. 43–44 (1988):2–4.
- მიმინოშვილი,რ. ფანჯიკიძე,გ. „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე,“ ლიტერატურული საქართველო, 48 (1989): 2-15.