მერაბ მამარდაშვილი _ გამოღვიძება ტოტალიტარიზმიდან
1980-1990-იანი წლების ქართული მედია გაჯერებულია მ. მამარდაშვილის სუბიექტური დისკურსის ელემენტებით. დასავლურ მეცნიერებასა და კულტურას უშუალოდ ზიარებული ფილოსოფოსი ცდილობდა გამოღვიძებული მასების ყურადღების კონცენტრირებას კულტურული მეხსიერების რეპრეზენტირებით. იგი ნაკლებად აპელირებდა კოლექტიურ ტრავმაზე: „მაგალითისთვის სპარსეთი ან მეფის რუსეთი ჩაგრავს ქართველებს. ეს კლასიკური სპექტრია.[...] ჩვენს წინაშე არ არის კლასიკური სახელმწიფო, რომელიც გვჩაგრავს. ჩვენს წინაშეა ტოტალიტარული სახელმწიფო, რომლიც მხოლოდ რუსული არ არის და აქვს ევროპული განზომილება. აქ არ ვგულისხმობ, რომ რუსეთი არ არის პასუხისმგებელი.[...] ჩვენს წინაშე სხვა ფენომენია. ამიტომ ამ ფენომენის წინაშე ბრძოლის ხერხების კლასიკური ბაგაჟი ბათილდება და უვარგისი ხდება, თუ ისე არ მივუდექით, როგორც შეეფერება ამ არაკლასიკურ, არატრადიციულ ფენომენს. თუ ვერ გავერკვიეთ რა დგას ჩვენს წინაშე, შეიძლება წავაგოთ და არ განვახორციელოთ ქართველი ერის ისტორიული მისია“ (მ. მამარდაშვილი, „ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს“, თბილისი, 139,1989: 6).
ნაციონალური კონცეპტი „ერის მისია“ (მსგავსად ი.საბანისძისეული: „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი“-სა) მ. მამარდაშვილთან პროეცირებულია ეთნიკური იდენტობის მთავარ მარკერზე. კლასიკური ლიტერატურული კანონებით ნასაზრდოები ობიეტური მოცემულობა, ნაცია, მისთვის წარმოადგენს არა იმდენად ეთნიკურ ერთობას, რამდენადაც იდეურს. შესაბამისად, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ „ერის მისიას“ პოსტკოლონიურ ეპოქაში უნდა აღასრულებდეს პიროვნება, რომელიც თვითიდენტობის დადგენით, თავისთავად, ხელს უწყობს სხვა სუბიექტების ადეკვატურ აქტივობას და ამდენად, ნაციონალური იდენტობის განსაზღვრას.
წარმოსახვით საზოგადოებაზე საუბრისას სახელში „ქართველები“ მ. მამარდაშვილი გამოყოფს ქართული ეთნოსისათვის დამახასიათებელ რამდენიმე ყველაზე მკვეთრად გამოხატულ ნიშანს: არტისტიზმს, რაინდულობას, დამოუკიდებლობას, თავისუფალ სულს - ქართული იდენტობის დამდგენ რამოდენიმე მარკერს, მაგრამ მან ზუსტად იცის, რომ ყველა მონიშნული მოდელი „რეალობის ხატია, მიზანია, რომელიც უნდა განხორციელდეს“ (მამარდაშვილი: 1989, 6) სხვაგვარად იგი დარჩება იდეალურ იდეად.
მ. მამარდაშვილისეული მოწოდება საზოგადოების მიერ საკუთარ თავში ნაციონალური ნაკლოვანებების ძიებისა, მისი აღმოფხვრის მცდელობისა არაპოპულარულ პოზიციად შეირაცხა 90-იანი წლების ქართულ კულტურულ ელიტაში. მისი შეხედულებით, მთავარი მტერი ქართველი ნაციისა არა რომელიმე მტრული ეთნოსია, ვინც არ უნდა იყოს იგი, არამედ, ტოტალიტარიზმი, როგორც ასეთი - იდეოლოგია, რომლის „სულიც შემოვიდა რუსეთიდან,“ მაგრამ ჩვენს გონებაში, ჩვენს თავში „ჩაიბუდა“ (მამარდაშვილი: 1989, 6). ერთი ტიპის საზოგადოების კოლექტიური თვითმკვლელობის შემდეგ (ტერმ. ა. ბაქრაძისა), ახალი საზოგადოების შექმნა მცირე დროში, მას თითქმის უტოპიად ესახებოდა:
„ყველა გულს მოიფხანს ლაპარაკით და ეს ეგონება თავისუფლება, ჩემთვის თავისუფლება ნიშნავს მექანიზმის, დემოკრატიული პროცედურის შექმნას, რომელიც შეზღუდავს ნებისმიერ მოსალოდნელ აგრესიას, ანტიდემოკრატიულ მოქმედებას, დაჩაგვრას. აი, ეს მექანიზმი უნდა შევქმნათ და არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვაგზავნოთ დეკლარაციები დახმარებისათვის. პირადად მე დაჩაგრულის როლი არ მაძლევს ხელს. სამარცხვინოა ყოველ წუთს ყვირილიმიშველეთ, მჩაგრავენო. ეს რა თავისუფლებაა? ჩივილის თავისუფლებაა“ (Ibid).
შეიძლება ითქვას, რომ მ. მამარდაშვილის ინტელექტუალური დისკურსი სუბიექტური დისკურსის რანგში რჩება თანამედროვე კულტურული სივრცისთვისაც, მის პარადიგმის სირთულის გამო - პარადიგმისა, რომელიც იმთავითვე ინტელექტუალურ მსმენელს ითვალისწინებდა და არა ნაციონალისტურად ანგაჟირებულ მასებს, მით უმეტეს, მისი ნააზრევის აღსაქმელად მოუმზადებელს. მ. მამარდაშვილის მსჯელობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რეაბილიტირებული დისიდენტური დისკურის ჭრილშიც არ/ვერ თავსდება და შემდგომ ღრმა ანალიზს საჭიროებს. კარგად ჩანს, რომ მ. მამარდაშვილი თავის ნააზრევში, უმთავრესად, დემოკრატიული საზოგადოების ტიპურ პრობლემებზეა პროეცირებული, აღაზევებს ადამიანის უფლებების დაცვის თემას, საზოგადოდ, ჩაგვრის, ძალადობის ფენომენების წინააღმდეგ ილაშქრებს ცნობიერების დონეზე. ეს საკითხები კი, ცხადია, ზეპოლიტიკურ, ზეეთიკურ კონვენციებს განეკუთვნება.
„ჩვენ უნდა გვეყოს ღონე და სიძლიერე ავიტანოთ სიმარტოვე, რადგან, სანამ იმ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ, სულიერად მარტონი ვიქნებით. არავისგან ხსნას არ უნდა ველოდეთ“ - ამბობს მ. მამარდაშვილი და რუსულ „დემოკრატიულ“ ძალებთან ერთად დროის გარკვეული მონაკვეთის გვერდიგვერდ გავლასაც უშვებს, რადგან მიაჩნია, რომ
„ჩვენზე უფრო ძლიერი ძალები უნდა გამოვიყენოთ არანაკლები ძლიერი ძალების საწინააღმდეგოდ, უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ თამაშში, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენ ძლიერი, უკვე აშენებული დემოკრატიით შეგვიძლია გავეყაროთ ასევე ძლიერ და დემოკრატიულ რუსეთს. [...] სუსტს და ავტორიტარულ რუსეთს ვერ გავეყრებით - ან დაგვღუპავს, ან მასთან ერთად დავიღუპებით. ამიტომ ჩვენს ინტერესებში შედის, რომ რუსეთში დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ (Ibid.)“.
დღემდე სადაო საკითხი რუსული „დემოკრატიული“ ძალების ეფემერულობისა, ან სუსტი ხასიათისა, მ. მამარდაშვილის ნააზრევში რუსეთთან კულტურული ურთიერთობის ალტერნატივადვე რჩება.
საქართველოს საზოგადოებრივი და ნაციონალური განვითარების გარდამტეხ მომენტში მერაბ მამარდაშვილის მიერ სადისკუსიოდ გამოტანილი საკითხები და ამ საკითხებზე საზოგადოების მწვავე რეაქცია ცხადყოფს, თუ რამდენად რთულად მიმდინარეობს იმ სტერეოტიპების გადააზრება, რომლებიც რეალურად საბჭოური იდეოლოგიის მიერ არის თავსმოხვეული, თუმცა სოციუმის მიერ აღიქმება, როგორც ქართული ნაციონალური დისკურსის ნაწილი. როგორც ო. ჩხეიძე წერს: „სიმართლე უფრო მაღლა არის, ვიდრე სამშობლო, - ბრძანებდა მამარდაშვილი. ედავებოდნენ ბ–ნ მამარდაშვილს. მრგვალები ედავებოდნენ. ასსამოცი პარტია აბურთავებდა სამშობლოსა (ჩხეიძე: არტისტული გადატრიალება, 1999: 51).“
ფილოსოფოს ზ. შათირიშვილის დაკვირვებით, მ. მამარდაშვილმა 90-იანი წლების საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანა აღწერა „ისტორიაში დაბრუნების“ მეტაფორით, ქართული კულტურის იმპერიული / საბჭოთა პერიოდი კი ისტორიიდან ამოვარდნად განსაზღვრა. ისტორია მ. მამარდაშვილისთვის დასავლური ცივილიზაციის ანტიკურ–ევანგელური სივრცეა, ხოლო რუსეთი ამ სივრცის მიღმა მდებარე, ისტორიიდან ამოვარდნილი, მარადიული გამეორების ჯოჯოხეთური ტოპოსია. ამ კონცეფციის თანახმად, რუსეთი თავად წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის კიდეს და მიჯნას, ამიტომაც, მისი აზრით, „ისტორიაში დაბრუნების“ ამოცანა თანაბრად დგას, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის წინაშე (ზ. შათირიშვილი: ნარატივის აპოლოგია, 2005: 85).
რეკომენდებული ლიტერატურა:
- შესახებ
- და ზრდასრულობა
- სული, გრძნობებით აღსავსე”
- მითიდან ფილოსოფიისაკენ”
- ცხოვრება (ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილთან)
- ჩახშული ფიქრი” (საუბრები ანი ეპელბუანთან)
- ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან“
- Дьявол играет нами, когда мы не мыслим точно
- M. K. МАМАРДАШВИЛИ, А. М. ПЯТИГОРСКИЙ – “СИМВОЛ И СОЗНАНИЕ”
მასზე:
- ფირალიშვილი – “მეგზური და მოხეტიალე” (ესსე მერაბ მამარდაშვილის შესახებ)
- ფირალიშვილი “ბატონი ნიკო და ბატონი მერაბი”
- Георгий Майсурадзе – Дьявол. Кошмар Мераба Мамардашвили
- მარგველაშვილი – “მერაბ მამარდაშვილი იმ დროს ჯერ არშემდგარი მწერლის თვალთახედვით”
- შათირიშვილი – “მერაბ მამარდაშვილი”
- გვახარია – “დალიდაზე მოლაპარაკე “ქართველი სოკრატე”
- ღაღანიძე – “მერაბ მამარდაშვილის ლექციები”
- ვერულავა – “ლანდები” (მერაბ მამარდაშვილის გახსენება)
- Э.Ю. Соловьев – “ЭКЗИСТЕНЦИАЛbНАЯ СОТЕРИОЛОГИЯ МЕРАБА МАМАРДАШВИЛИ”
ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას და სხვა დისიდენტების დისკურსის კონტრარგუმენტები ბევრად მიმზიდველი ჩანდა მასებისათვის, ვიდრე გაწონასწორებული ფილოსოფიური დისკურსი, ამიტომ სრულიად ბუნებრივია მ. მამარდაშვილის დისკურსის განთავსება სუბიექტურ კატეგორიაში, რაციონალობის მიუხედავად ეგზალტირებული სოციუმი სწორედ არარაციონალურს მიემხრო და ამით საკუთარი თავიც და ქვეყანაც ტრავმის წინაშე დააყენა.