სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს
მთავრობის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტების 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია სტუდენტთა ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა როგორც საქართველოში სწავლის, ასევე საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის.
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად ქონებრივი ზიანი მიიღეს და რომლებიც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.
2013 წელს, სამინისტროს მიერ 471, 2014 წელს 586, 2015 წელს 736, 2016 წელს 905 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს, სამინისტრო 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს.