თვალსაზრისი: რეალობისა და რაციონალურობის ზღვარზე
„ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნებსა და ამოცანებში“ (ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი) სახელმწიფოს მიერ იდეალურადაა განსაზღვრული საგანმანათლებლო მიზნები. ჩემი საუბარი განპირობებულია მე-11//მე-12 (ასევე მე-10) კლასის პროგრამების შინაარსის მომცველი დოკუმენტების რეალურ ვითარებასთან აცდენით. (ქართული XI კლასი პროგრამის შინაარსი), (ქართული XII კლასი პროგრამის შინაარსი).
ზემოთმოყვანილ დოკუმენტებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად, მე-12 კლასის მასალაში, სასურველია უცხოური ლიტერატურის (როგორც პოეზიის, ისე პროზის) იმ ნიმუშების წარმოდგენაც, რომლებიც იმავე ეპოქაშია შექმნილი და ტიპოლოგია-პრობლემატიკის თვალსაზრისით ახლოს დგას სწავლების ამ ეტაპისათვის შერჩეულ მხატვრულ ნაწარმოებებთან, რამდენადაც ასეთი მიდგომა განსაზღვრავს ქართული ლიტერატურის ფართო რაკურსით დანახვას.
განათლების მიზანი
საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამთავრებს საჯარო სკოლის საშუალო საფეხურს, უნდა აცნობიერებდეს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კულტურას, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედ პროცესს XI კლასში მოსწავლეს საშუალება აქვს შეისწავლოს, გააანალიზოს და შეადაროს სხვადასხვა პერიოდის რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
XII კლასში იმავე საქმიანობას მოსწავლე უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების საფუძველზე ანუ მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში, კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
რეალობა:
ცხადია, დამამთავრებელ კლასში გაზრდილია ნათარგმნი ლიტერატურის ხვედრითი წილი (იგულისხმება, რომ მოსწავლე ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა ფლობდეს რომელიმე ერთ უცხოურ ენას მაინც, რაც მას საშუალებას
მისცემს, დედანი თარგმანს შეადაროს), მაგრამ სად არის სანდო კვლევა იმისა, რომ მასწავლებელი იყო სწავლის ფასილიტატორი სწავლების წინა საფეხურებზე?_ ფიგურალურად, მასლოუ/როჯერსის რჩევებს მისდია, უკვე მიაღწია შედეგებს: ემპათიის, სანდოობის, „მე“-ს ეგოისტური საფრთხის უკუგდების, განათლების ავტორიტეტების ან პირადი გამოცდილების ხარჯზე და ჟანრობრივ-თემატურად მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალის გარდა სწავლების ამ ეტაპზე, ლიტერატურული კრიტიკის, სამეცნიერო და კვლევითი ხასიათის, საკითხის კვლევის ისტორიის ამსახველი მასალაც შემოიტანა _ ეს იდეალური შედეგი იქნებოდა.
აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისათვის შექმნილი (საშუალო საფეხური: მე-10; მე-11; მე-12 კლასები) გრიფირებულ-პილოტირებული სახელმძღვანელოები იცავენ ზემოთ მითითებულ პრინციპებს, თუმცა დღევანდელი პრობლემები: ა) მოსწავლეთა უმრავლესობის კვლავაც არადამაკმაყოფილებელი ცოდნა, ბ) სხვადასხვა სასწავლო უნარების არაორგანიზებულობა სახეზეა, როგორც უფრო მეტად, ცნობიერებითი, ფსიქოლოგიური, სტერეოტიპული ხასიათის, ვიდრე,_ კოგნიტურის (პიაჟეს სქემები: აკომოდაცია, ასიმილაცია და ექვილიბრიუმი).
სავსებით ცხადია, მე-12 კლასის მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში მიმართულია ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების, პროფესიის განმსაზღვრელ საგნებში გადამზადებისაკენ სასურველ „რეპეტიტორთან“, სხვათა შორის, არცთუ უმნიშვნელო ანაზღაურების ფასად. ფაქტობრივად, თანამედროვე სახელმწიფოს მცდელობა, რომელიც ეპოქალურ გამოწვევებზეა აქცენტირებული, ადეკვატურ ახალთაობას ამზადებს რეალობაში ჯერ რეფლექსირებისა და შემდგომ ღირსეული არსებობისათვის, ნიველირებულია მასზე მოთხოვნილების ფრუსტრაციის გამო (მოსწავლეთა მიერ გაცდენილი საათების რაოდენობა მე-12 კლასში უმრავლესად იმდენია, რომ მას არ უწევს შესაბამის საგანმანათლებლო ცენტრში ე.წ. ექსტერნად გამოცდის ჩაბარება ან მოსწავლე ფიზიკურად ესწრება გაკვეთილებს, თუმცა ინტერაქცია საგაკვეთილო პროცესთან მინიმალურია). მასწავლებლების უმრავლესობა აცნობიერებს პრობლემას, რომლის გასაღები მის ხელში არ არის. მასწავლებელი, ძირითადად, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეც, ახერხებს ლავირებას, პოზიტიური იმიჯის მორგებას ან არაიშვიათად, მოსწავლეთა ბინაზე მიზიდვას, კერძო პრაქტიკის მიზნით, ეკონომიკური ფაქტორით დაინტერესების გამო (აქ სრულიად გამოვრიცხავ ყოველგვარ ნეგატიურ ქვეტექსტს) და ა.შ. [საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპი „უხილავი ხელი“ (ტერმ. ადამ სმითის) ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალი უნდა იყოს. თუკი ცალკეული პირი ნაკლებად ფიქრობს საზოგადოებრივ ინტერესებზე და მხოლოდ საკუთარ ინტერესს ემსახურება, „უხილავი ხელი“ მის მოქმედებას ისე წარმართავს, რომ საბოლოო ჯამში მისი ქმედება საზოგადოებისათვისაც სასარგებლოა (Smith:1776; სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელოში; სტატიების კრებული; მსოფლიო ეკონომიკა და ეკონომიკის ძირითადი პრინციპები №3; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
_ ვინ უნდა შეასრულოს „უხილავი ხელის“ როლი პრობლემის აღმოსაფხვრელად?_ ბუნებრივია, სახელმწიფომ, რომელიც „ანგელოზი“ არაა, მაგრამ ვალდებულია სამართლიანობას ამკვიდრებდეს, სხვა შემთხვევაში მისი ინსტიტუტები, ადრე თუ გვიან, შესუსტდება, რაც ავტორიტეტის დაკარგვის ტოლფასი იქნება და არ ესადაგება სახელმწიფოს უმთავრეს მიზანს.
იქნებ შედეგიანი იყოს:
ა) მე-11/მე-12 კლასის, საშუალო საფეხურის მასწავლებელთა პრინციპული გადამზადება არა საგნობრივი, არამედ შემოქმედებით-კრეატიული, ფსიქოლოგიური, მეთოდოლოგიური კუთხით;
ბ) დამამთავრებელი კლასების მცირემოსწავლიან ჯგუფებად დაყოფა;
გ) სკოლის ხელმღვანელობასთან შეთანხმებით, კლასის უმრავლესობის ხმით „რეპეტიტორის“ კომპეტენციის მინიჭება გარე რესურსისთვისაც: რეალური კონკურსის წესით (თუკი შიდა რესურსი არადამაკმაყოფილებელია, სკოლის დაკვეთით შესრულებული სტატისტიკური კვლევითი შედეგის მიხედვით).
დ) ზემოთჩამოთვლილი სამი პრინციპის წარმატების შემთხვევაში, ძალიან მალე შესაძლებელი გახდება დამამთავრებელი კლასის CAT-ის სტანდარტს ჩაენაცვლოს ეროვნული გამოცდების სისტემური სტანდარტი და ჩვენში, ისევე, როგორც ევროატლანტიკურ საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლის ატესტატი სრულიად საკმარისი საფუძველი გახდეს ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიენტის უგამოცდოდ ჩარიცხვისა.
თუკი საყოველთაოდ ვაღარებთ, რომ პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება და განაპირობებს ადამიანის თავისუფალ განვითარებას, საჭიროა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ჩვენი ლიტერატურის სწავლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით, პატივისცემითა და რუდუნებით, რა თქმა უნდა, კომპარატივისტული მეთოდითაც: დასავლურ-აღმოსავლური კულტურული მოდელების გათვალისწინებით. მხოლოდ ამგვარად, მე-12 კლასდამთავრებული მოსწავლე შეძლებს სწავლის პროცესი აღიქვას, როგორც სასიამოვნო/საინტერესო/სასარგებლო ქმედება, შეაფასებს არსებულ ღირებულებებს და წვლილსაც კი შეიტანს ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში.
სასარგებლო ლიტერატურა:
- ვაჟა-ფშაველა, კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი; ლიტერატურის თეორიის ქრესტომათია. ტ. II. თბ. 2010. გვ. 37-40;
- რატიანი, ირმა. ნაციონალური ლიტერატურები და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საზღვრები; „წახნაგი“ 2. ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული. თბ., 2010. გვ. 150-159;
- ჩხარტიშვილი, მარიამ. ქართული იდენტობა და მისი მთავარი მარკერი _ თვითსახელწოდება. ქართული ეთნიე რელიგიური მოქცევის ეპოქაში. თბ. 2009. გვ. 33-63;
- მარინო, ადრიან. კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია. თბ. 2010. გვ. 40-44.
- პოლ არონი, ალენ ვიალა, ლიტერატურის სოციოლოგია. თბ., 2011. გვ. 19–24.
- წიფურია, ბელა. ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში. თბ. 2016.