ნუ გავზრდით შვილებს ტელემანებად!
დაახლოებით ორი ათეული წლის წინათ ფრანგმა სოციოლოგებმა უმარტივესი გამოკითხვა ჩაატარეს: ბავშვებს ერთადერთი რამ ჰკითხეს; მამა უფრო გიყვართ თუ ტელევიზორიო. წარმოიდგინეთ, რომ 300 გამოკითხულიდან ნახევარმა მამას ტელევიზორი არჩია!
ცისფერ ეკრანზე ავადმყოფურ დამოკიდებულებას თავისი სახელიც აქვს. ტელემანია ისაა, რისგანაც თავის დაღწევა მოზრდილსაც კი უჭირს. და, თუ ეს პრობლემაა ჩვენთვის, როგორ უნდა მოვთხოვოთ მისი გადაჭრა პატარა ბავშვს, რომელსაც ეკრანი მაგნიტივით იზიდავს?
მართლაც, რა არის იმაში ცუდი, რომ ბავშვი ტელევიზორს საათობით უზის? მისი მეშვეობით რაღაც ახალსაც ხომ შეიტყობს? თანაც, ამ დროს შინ ხელსაც ხომ არავის უშლის? უტელევიზოროდ კი, განსაკუთრებით -– დღის ბოლოს, გაცილებით ძნელდება მისი გართობა. მაგრამ გადის მცირე ხანი და გვიკვირს, ბოლო დროს რატომ ჭირვეულობს ჩვენი ჯანმრთელი და მშვიდი პატარა და აზრადაც არ მოგვდის, რომ მისი ეს პრობლემები ტელეეკრანთან საათობით ჯდომის ჩვევიდან მომდინარეობს.
რა შეიძლება გამოიწვიოს ტელემანიამ? უპირველეს ყოვლისა, ბავშვს მხედველობა შეიძლება დაუზიანოს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტელეეკრანის წინ საათების გატარება მის ხერხემალზეც აისახება: ხანგრძლივი უმოძრაობა ხომ მას ძალიან აზიანებს. ამასთან, უმოძრაობა, ანუ ჰიპოდინამია ჭარბი წონისა და სიმსუქნის ხელშემწყობია. მოდი, გავიხსენოთ, დროს როგორ ვატარებთ ხოლმე ტელეეკრანთან -– გაუნძრევლად ვსხედვართ და ხანდახან რამე კალორიულსაც მივირთმევთ! სხვათა შორის, მისი საჩუქარია ჩვენი თუ ბავშვის სხვადასხვაგვარი ნევროლოგიური დარღვევებიც. და მერე გვიკვირს, ექიმი– ნევროლოგი ტელევიზორთან, თუ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობის დეტალებს ასე პედანტურად რომ უღრმავდება.
ბავშვი და ცისფერი ეკრანი ჩვენი ჭარბად ტექნიზირებული ეპოქის ერთ–ერთი უმართავი პრობლემაა. არის ოჯახები, სადაც ტელევიზორი შვილის ამხანაგად და გამრთობად მიაჩნიათ, იმასაც კი ვერ აკონტროლებენ, რომ სასხვათაშორისოდ ჩართულ და უყურადღებოდ მიტოვებულ ტელევიზორში პატარას მისი ასაკისა და ფსიქიკასთან შეუთავსებელი ათასგვარი უხამსობის ან აგრესიის ყურება უხდება. ალბათ, ცოტაა იმის თქმა, რომ ტელეეკრანი დამღუპველად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. მერე კი გვიკვირს, რატომ მოუსვენრობს ძილში ჩვენი პატარა, რატომ უჭირს ჩაძინება, ენას რატომ უკიდებს, რატომ აქვს აგზნებადობა ან სხვადასხვა ტიკები... და არ გვინდა ჩავუფიქრდეთ იმას, რომ ყველა ეს ტელევიზორთან გატარებული საათების სახსოვარია. აღარაფერს ვიტყვით იმ დათვურ სამსახურზე, რომელსაც მის მყიფე ფსიქიკას უწევს კონკრეტულად, რეკლამა და „ბოევიკი“.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოციმციმე ეკრანის „ჯადოს“ ახსნა სულ უფრო შეუძლებელია. ადამიანის გონებრივ პოტენციალზე ტელევიზიის გავლენას მეცნიერები უკვე ათწლეულებია, იკვლევენ. „ცისფერმა ნარკოტიკმა“ რა ხანია მთელ მსოფლიოში დააცარიელა პარკები და ქუჩები და ადამიანი ოთხ კედელში გამოამწყვდია.
შეცდომა #1. ჩვენ ტელევიზორს ვუყურებთ, ბავშვი კი იქვე თავისთვის თამაშობს. თუ ამ დროს პატარა მეორე ოთახშია და ოთახის კარიც მიხურული გვაქვს, მართლაც ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ იქვეა, ოთახის კუთხეში, თავისთვისაც რომ თამაშობდეს, მაინც ისმენს და უყურებს ტელეეკრანზე მომხდარის, სულ ცოტა, ორ მესამედს მაინც და, პრაქტიკულად, ყველაფერს იმახსოვრებს.
შეცდომა #2. "ჩვენ არ ვანებებთ ბავშვს ყველაფრის ყურებას, მარტო მულტფილმებს და საბავშვო გადაცემებს ვურთავთ", - ამბობენ მშობლები. რა თქმა უნდა, დღეს ტელეარხების ფართო არჩევანია და შეიძლება საბავშვო გადაცემებიც ვიპოვოთ, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი. ხშირად მულტფილმების ყურებაში ბავშვი მთელ დღეს ატარებს. ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, თუ ბავშვი შემეცნებით გადაცემებს უყურებს, ცოდნას დამოუკიდებლად შეიძენს და შესაძლოა, ენაც ისწავლოს. არც ეს შეხედულებაა სწორი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეეკრანის დახმარებით პატარა ბავშვმა შეიძლება მხოლოდ ცალკეული სიტყვები გამოიცნოს, კარგი შედეგისათვის კი აუცილებელია, უფროსების ხელმძღვანელობით, რეგულარული მეცადინეობა. ისინი უნდა ეხმარებოდნენ პატარას, უხსნიდნენ გაუგებარ საკითხებს, აკონტროლებდნენ მასალის ათვისებას.
შეცდომა #3. მშობლები თვლიან, რომ თუ ბავშვს მუსიკა იტაცებს, მისთვის უბრალოდ აუცილებელია მუსიკალური გადაცემების ყურება; რა ჯობია, თუ ბავშვს ცეკვა და სიმღერა უყვარს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ალბათ, აუდიოჩანაწერებით უნდა
შემოვიფარგლოთ, რადგან ერთი შეხედვით, სრულიად უვნებელი სატელევიზიო კლიპები, ფსიქიკაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რეკლამის ანალოგიურია. კაშკაშა კადრები ძალიან სწრაფად იცვლება და ბავშვიც მონუსხულივით შესცქერის ეკრანს. ამასთან ერთად, კლიპის სიუჟეტი იშვიათადაა საბავშვო; ძირითადად, ძალადობისა და პატარებისთვის არასასურველი სცენების შემცველია. არც ის დაივიწყოთ, რომ მუსიკალური გადაცემებიც უწყვეტი რეჟიმითაა ხოლმე ეკრანზე და გამოდის,რომ ბავშვიც, თუ ამის ნება დავრთეთ, მასზე დღედაღამ მიჯაჭვულია.
შეცდომა #4. "ჩვენ ბავშვს მხოლოდ ხარისხიან, კლასიკად ქცეულ მულტფილმებს ვუჩვენებთ. სახლში საკმაოდ კარგი ვიდეოთეკა გვაქვს", -- ასეთია ზოგიერთი მშობლის არგუმენტი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა, ზომიერებაც გვმართებს. მიუხედავად მაღალი მხატვრული ღირებულებისა, დაუშვებელია ხანგრძლივად და შეუსვენებლად, ამ მულტფილმების ყურებაც, ეს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად ა ზიანებს.
განვითარებულ ქვეყნებში ადამიანი ტელეეკრანთან, საშუალოდ. 3 საათს ატარებს. ეს 75 წლის ადამიანის სიცოცხლის დაახლოებით 9 წელიწადია. შესაბამისად, ზრდასრულთა 10 პროცენტი აღიარებს თავის ტელემანობას.
კიდევ ერთი ნიუანსი: ადამიანის ტვინის ენცეფალოგრაფიული გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ორგანო გაცილებით პასიურია ტელევიზორის ყურებისას, ვიდრე წიგნის კითხვისას, აქტიურ მაყურებელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ტელესენსების“ შემდეგ მათ უჭირთ სიტუაციებში სწრაფად გარკვევა, მაშინ, როდესაც კითხვის შემდეგ ასეთი რამ გამორიცხულია. ამ თვალსაზრისით, არანაკლებ საინტერესოა კვლევის შედეგები, რომლებიც ერთ–ერთი უცხოური საბავშვო ტელეპროგრამის რედაქტორმა გამოაქვეყნა, მათი მიხედვით, ტელევიზია მართლაც სერიოზულად აფერხებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას, საგრძნობლად აზარალებს მისი მეტყველების კულტურას და პატარას სკმაოდ სტანდარტულ აზროვნებასაც აჩვევს.
ამ მონაცემთა გამოქვეყნებას არნახული ხმაური მოჰყვა. ტელემოყვარული პატარების თითქმის ყველა მშობელმა ერთბაშად აღმოაჩინა, რომ მათ შვილებს უჭირთ სხვა ადამიანებთან შეგუება, ან ურთიერთობისას დისტანციის გრძნობა ღალატობთ და მიღებულ ინფორმაციას მთლად სრულფასოვნად ვერ აანალიზებენ. რა თქმა ინდა, ეს შედეგი არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი: ისინი ხომ შეაჩვიეს მზამზარეული ინფორმაციის მიღებას?!
ბოლო წლებში მეცნიერები ცდილობენ მიაგნონ ტელემანიისა და ნარკომანიის თავისებრივ ერთგვაროვნობას და მიიჩნევენ, რომ ტელევიზია რომ ნარკოტიკის ერთ–ერთი ნაირსახეობაა. მათი აზრით, ეს არის ე.წ. „ლომკა“, რაც ტელემანიით შეპყრობილისთვის განსაკუთრებით პირველი სამი–ოთხი დღე არანაკლებ მტკივნეულად მიმდინარეობს. ექიმები ამტკიცებენ, რომ ჯადოსნური ეკრანის მიზიდულობის მთელი საიდუმლო ორიენტირების რეფლექსშია. მისი დახმარებით, ორგანიზმი მთელ სისტემას მობილიზებს და სწრაფად აფასებს შექმნილ სიტუაციას. მუდმივი რეფლექსი ფიტავს ადამიანის ორგანიზმს –– ჩართული ტელევიზორი კი მთლიანად ნთქავს მის ყურადღებას.
პედიატრთა გამოკვლევებით, ადრეული ასაკებიდანვე ინტელექტუალური გადაცემების ცქერა ავითარებს და აფაქიზებს მოზარდის ფსიქიკას. თუმცა, ალბათ, საორჭოფოა. რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ტელეპერსონაჟებთან ურთიერთობა ჯობდეს რეალურ ადამიანებთან და მით უფრო, მშობლებთან ცოცხალ ურთიერთობას. ტელესინდრომით შეპყრობილ პატარა პაციენტებს ექიმები სქოლიოზთან თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის რიგ დარღვევებთან ერთად, თვალების წვასა და თავის ტკივილებსაც აღმოუჩენენ ხოლმე.
მიუხედავად ამისა, ბავშვთა ცნობილი ფსიქოლოგი ბრუნო ბეტელჰაიმი ხაზს უსვამს ტელევიზორთან ნორჩი არსების კონტაქტის აუცილებლობას. თუნდაც, იმ მოსაზრებით, რომ მისი განვითარებისთვის აუცილებელია მულტფილმები, სათავგადასავლო ისტორიები და თანატოლთა ცხოვრების ამსახველი მხატვრული ფილმები, რაც, რა თქმა უნდა, ტელეეკრანიდან მიმდინარე ათასგვარ მელოდრამულ ბანალობასა და სადისტურ ძალადობებზე არ ვრცელდება.
არსებობს დაკვირვება, რომ საგადასავლო თუ დეტექტიური ფილმები სულაც არ აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას. რადგან, მას, განსაკუთრებით, 5–დან 11 წლამდე ასაკში, როგორც წესი, უჭირს ტელეპროგრამებზე ყურადღების კონცენტრირება და ამ ყურადღებაგაფანტულობის წყალობით, ნაკლებად ემუქრება სტანდარტული აზროვნების საფრთხე. თუმცა, ტელევიზია ქმნის სხვა საშიშროებასაც. უჩლუნგებს პატარას ილუზორულისა და რეალურის გარჩევის უნარს და, შესაბამისად, აძლევს „შანსს“, რომ მძაფრსიუჟეტიანი თუ პრიმიტიული ზღაპრული ბანალობების გავლენით, სულ იოლად ჩამოყალიბდეს უსულგულო ან სისულელეში გადასული მიამიტობის მქონე არსებად.
მშობელი კი სწორედ იმისთვისაა, რომ დაეხმაროს ბავშვს მისთვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლოს მიგნებაში. სწორედ მან უნდა აპოვნინოს შვილს ის ოქროს შუალედი, ჩვეულებრივ კეთილგონიერ მაყურებელს რომ განასხვავებს ტელეჰოლიკისგან –– პრაქტიკულად, ტრანსში ჩავარდნილი მაყურებლისგან, რომლისთვისაც სულ ერთია, რას უყურებს – საინფორმაციო პროგრამას, სარეცხი საშუალების რეკლამას თუ მორიგ ბანალობას. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ ტრანსიდან თუ „ცისფერი ნარკოტიკიდან“ თავის დახსნა ადამიანს მხოლოდ ძლიერი განცდების ჩანაცვლებით შეუძლია.
ტელეგადაცემათა გავლენების შესწავლის თვალსაზრისით, საგულისხმოა ერთი ასეთი დაახლოებით 30-წლიანი დაკვირვებაც. ფსიქოლოგებმა შეისწავლეს მაღალმთიანი რაიონების მცხოვრებთა ფსიქოემოციური მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ საკაბელო ტელევიზიის ამოქმედებამდე ეს ადამიანები უფრო ინიციატივიანები, თამამები და ნებისმიერი სადავო პრობლემის გადაჭრისას გაცილებით ნაკლებაგრესიულები ყოფილან.
ვფიქრობ, თუნდაც, მარტო ასეთი უმტკივნეულო დაკვირვებების შედეგთაგან გამომდინარე, შეიძლება ზოგიერთი მოწინავე ქვეყნის ზოგიერთი გამოცდილების გადმოღება. ცნობილი, რომ აშშ რამდენიმე შტატში, ასევე კანადასა და ავსტრალიაში ბავშვებს უტარდებათ სპეცკურსები, რომელთა მიზანია მათში ტლევიზორთან ურთიერთობის კულტურის აღზრდა და ჩამოყალიბება. მართალია, დღეს ეს საკითხი ჯერ კიდევ არ დგას ნომერ პირველ პრობლემად, მაგრამ აღდგომა და ხვალეო: სატელევიზიო საცთურთა მატების ტენდენცია ასე „უმსხვერპლოდაც“ არ ჩაივლის და ალბათ, სულ მალე ტელესინდრომით შეპყრობილი თაობები გვეყოლება... თუ მშობლებმა ახლავე არ გავაკეთეთ არჩევანი ჩვენს მავნე და ჯანსაღ მიდრეკილებებს შორის და შვილებს საკუთარი მაგალითით არ ვუჩვენეთ, სად მთავრდება ნორმალური გაწონასწორებული ტელემაყურებელი და სად იწყება ის, რასაც ჰქვია „ცისფერი ნარკოტიკი“.