სწავლა მოსწავლეთა
სწავლა-აღზრდას ქრისტიანული კულტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ჩვენი წინაპრების შეხედულებით, ცოდნის, განათლების მიღება ხელს უწყობდა ადამიანის სულსა და გონებაში წარუვალი, განუქარვებელი ნათელის შეღწევას (საიტერესოა, რომ სიტყვა “განათლება” ნათელს უკავშირდება). ქრისტიან მოაზროვნეებს განსწავლულობა უმნიშვნელოვანეს გზად მიაჩნდათ სულიერი სრულყოფილების ძიებისას. ამ შეხედულების საფუძვლად გვესახება IV საუკუნის (“საუკუნე მზის”) დიდი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ნოსელის, აზრი, რომ ცხოვრება სკოლაა, ისტორიული განვითარება _ პედაგოგიური პროცესი, ქრისტიანული მცნებები _ უფლის გაკვეთილებია, ქრისტე _ მასწავლებელი, ქრისტიანი _ მოსწავლე, ღვთისა და კაცის ურთიერთობა _ სწავლება. ამიტომ ქრისტე მოძღვარია, იგივე “რაბი”, მოციქულები _ მოსწავლეები. ამგვარი თვალსაზრისი უაღრესად დამახასიათებელია შუასაუკუნეებისათვის. მისგან გამომდინარე, განათლებული კაცი თავისი ღირსებებით აღემატება უწიგნურ თანამოძმეს, მასზე ახლოს დგას უფალთან.
დავით გურამიშვილი შუა საუკუნეებში მცხოვრები პოეტი და მოაზროვნეა. მის პიროვნულ სრულყოფაში, გარდა ქრისტიანული მსოფლაღქმისა, დიდი როლი შეასრულეს ევროპელმა განმანათლებლებმა. როგორც ძველი, ასევე ახალი სააზროვნო ნაკადები ცოდნის მოპოვების აუცილებლობაში არწმუნებდა ქართველ პოეტს. ამიტომაც იგი “დავითიანში” განათლებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მისი რწმენით, ცოდნა საკუთარი თავის შეცნობის, კაცობრიობისა თუ ინდივიდის, როგორც კაცთა მოდგმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მისიის გააზრების გზაა. განათლება ადამიანს თავისი ისტორიულად კუთვნილი ადგილისა და დანიშნულების მოძიების საშუალებას აძლევს:
“ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის წავა სადაო”.
ე. ი. ქრისტიანმა ცოდნის გამოყენებით უნდა გაიაზროს კაცობრიობის წარსული, აწმყო და მომავალი, ადამიანისა და უფლის ურთიერთდამოკიდებულება, თანაც შეიცნოს საკუთარი თავი, როგორც ოლამური ერთობის მონაწილემ, რათა არ დაავიწყდეს, რომ წუთისოფელშია, მოკვდავია და უკანასკნელ სამსჯავროზე უფალთან მისვლა მოუწევს.
პოეტი ძალას არ იშურებს მშობლის იმაში დასარწმუნებლად, რომ შვილს აუცილებლად ასწავლოს, ერთმანეთს ადარებს უწვრთნელ ძაღლსა და უსწავლელ შვილს, თანაც უპირატესობას პირველს ანიჭებს. ამის მიზეზად ასახელებს, რომ უვიცი შვილი მშობელს (გვარსა და ნათესავებსაც) ამქვეყნადაც შეარცხვენს (“სირცხვილით სჭრიდეს თავებსა”) და სულსაც წარუწყმედს, რადგან ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს უფალთან იმაზეც, თუ როგორი შვილი აღზარდა;
ბ) “ჭკვა ცოდნით მოიხმარების”
“სწავლა მოსწავლეთა” საუკეთესოა დ. გურამიშვილის სწავლა-განათლებასთან დამოკიდებულების აღსაქმელად. აქ გადმოცემულია პოეტის შეხედულება ცოდნაზე. იმ ნიშანთა შორის, რომელთაც განათლებას მიაწერს დავითი, განსაკუთრებით საინტერერესოდ გვეჩვენება: “ჭკვიანი კაცი ბრიყვია”, ან “ჭკვა ცოდნით მოიხმარების”, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ განსწავლითაა შესაძლებელი გონებისმიერი ნათელის მოპოვება, რითაც კაცი მოახერხებს, “მიხვდეს, რასაც ნდომობს”, ანუ მოიპოვოს მისთვის სასურველი. ხოლო ცოდნის გარეშე ბრიყვი იქნება, ისევე დარჩება ხელმოცარული ცხოვრებაში, როგორც ვეფხვი ვერაფერს მოახერხებს კლანჭების, ან სპილო _ ხორთუმის გარეშე, ან როგორც ვერ იბრძოლებს უიარაღო მეომარი.
გ) “თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი”
ცოდნა აუცილებელია სწორად ცხოვრებისა და უფლისკენ სვლისთვის. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ ბრმად მორწმუნე ქრისტიანი, წმ. მამათა სწავლებით, უფლის მონად მოიაზრებოდა, ხოლო განათლებული მორწმუნე _ უფლის მეგობრად. ამის მიზეზად მიიჩნეოდა, რომ უცოდინარს იოლად ატყუებს ეშმა და იოლად წამოაგებს თავის ანკესზე, ხოლო განსწავლული ძნელად შეცდება. რუსთველი ამბობდა წუთისოფელზე: “ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან” ან “ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მართ მათგან საწუნელია”.
დავითიც ამბობს: “თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი”, და “ბრძენსა აქვს თავისუფლება სოფელში ყოფნა-ნებისა”. ამით გულისხმობს, რომ კაცს სწავლა ამქვეყნიურ თავისუფლებას მოაპოვებინებს, ტანჯვა-წამებას გადაარჩენს და უფალს დაუახლოებს. ბრძენს ვერ ავნებს წუთისოფლის სატანისეული ხრიკები, უვიცი კაცი კი საწუთროს მონაა და იტანჯება. ჭკვიანი და ბრიყვი, მეცნიერი და უცები ადამიანის დაპირისპირებით პოეტი სწავლის აუცილებლობაში არწმუნებს მკითხველს და შენატრის მას, ვინც სწორად გაიკვლევს გზა-სავალს წუთისოფელში. საამისოდ სიბრიყვის დაძლევაა საჭირო. დავით გურამიშვილი ბრძენს გამორჩეული პასტივისცემით იმიტომ ეპყრობა, რომ იგი “მუხლთ არვის მოექნებისა”, “ავი და კარგი გარჩევით ახლოს უწყვია”. ანუ არც ფიზიკურ-ხორციელად, არც გონებრივ-სულიერად მონა არ არის, ქედს არავის მოუდრეკს, შეცდომას არ დაუშვებს და ამით სატანას განრიდებული უფალთან ერთობას დაიმკვიდრებს.
დ) “ჯერ მწარე ჭამე”
პოეტი საკუთარ თავს ხშირად “ბრიყვსა და უცებს” უწოდებს. ამიტომ მნიშვნელოვანი და საყურადღებო აზრის გადმოცემისას, თავისი ნათქვამის ღირსების წარმოსაჩენად ბიბლიურ ავტორებს იმოწმებს. ყველაზე ხშირად ვხვდებით დავით წინასწარმეტყველის “ფსალმუნნის” დამოწმებას. დავით გურამიშვილი განსაკუთრებულ პატივისცემას ამჟღავნებს დავით წინასწარმეტყველის მიმართ. დავით ფსალმუნთმგალობელი, ღვთისგან დალოცვილი პოეტი და უფლის დიდების მეტყველია. ქართველი პოეტი თავისი საქმიანობისთვის უკეთეს შემწესა და მფარველს ვერც ინატრებდა. ამავე მიზნით, დავითმა თავისი თხზულების სათაური “გურამიანი”, რომელიც სიმბოლურ-ალეგოლიურ ქვეტექსტს არ შეიცავდა, მხოლოდ გურამიშვილებთან _ თავის ფიზიკურ ნათესავებთან აკავშირებდა პოეტს, “დავითიანად” შეცვალა. ამით საკუთარი პიროვნება დიდ სეხნიასა და სულიერ წინაპარს _ დავით წინასწარმეტყველს დაუკავშირა, ხოლო, როგორც პოეტმა თავისი თხზულება _ ყველაზე ცნობილ პოეტურ კრებულს _ “დავითნს”, როგორც საქართველოში ფსალმუნთა წიგნს მოიხსენიებდნენ ხოლმე ზეპირმეტყველებისას, თუ ეპისტოლარულ, ჰომილეტიკურ, ჰიმნოგრაფიულსა და ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში. ჯერ კიდევ “შუშანიკის წამებაში” ამოვიკითხავთ, რომ წმ. შუშანიკმა “ხელთა აღიხვნა დავითნი და ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა”.
“დავითიანში” სწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული შეხედულებანი პოეტისთვის უაღრესად ძვირფასია, ამიტომ იგი “სწავლა-მოსწავლეთაში” განსაკუთრებით ხშირად იმოწმებს სეხნია წინასწარმეტყველს. დ. გურამიშვილი პირველივე სტროფში ამბობს:
“ისმინე, სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ _ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა,
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა,
ჭირს მყოფი, ლხინში შესული შვებად მიითვლი ვნებასა”.
დამოწმების მიზანი გადმოცემული თვალსაზრისის მნიშვნელობის ჩვენებაა. ის, რომ პოეტი წინასწარმეტყველს გულისხმობს და არა _ საკუთარ თავს, თუნდაც იმით დასტურდება, რომ აღნიშნულ შეხედულებას “მცნებად” მიიჩნევს. მაშინ, კი როდესაც მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტით გვესაუბრება, მისი დამოკიდულება ნათქვამთან სრულიად სხვანაირია: სიბრძნეს უვიცობად მოიხსენიებს, გონიერებას _ უგუნურებად, მენტორულ ტონს კი თავმდაბლობით ცვლის. მაგ.:
“ჩემის უცებით შევატყვე, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია”.
მკითხველი შეუპირისპირებს რა მცნებად გამოსაყენებელ სიბრძნესა და უცებობას, ანუ უვიცობას, მისთვის თვალსაჩინოა განსხავება ამ ორ ფრაზას შორის და გამოაშკარავდება, რომ პირველ სტროფში “ფსალმუნნის” დამოწმება ან ალუზიაა.
თვით თვალსაზრისი, რომელსაც დ. გურამიშვილი დიდ წინასწარმეტყველს მიაწერს, უაღრესად ცნობილია, რადგან დამახასიათებელია შუასაუკუნეობრივი ქრისტიანული აზროვნებისათვის. ანტონიმური მსოფლაღქმა: ტკბილი და მწარე, ჭირი და ლხინი, სინანული და სიხარული _ ქრისტიანისთვის სარწმუნოებრივად ჩამოყალიბებული სააზროვნო მოდელია, რადგანაც ემყარება ისეთ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებს, როგორებიცაა: ეს და ის სოფელი, საწუთრო და მარადისობა, სიკეთე და ბოროტება, ქრისტე და ანტიქრისტე... ჩვენი ცხოვრების წესიც ამგვარივეა: აქ (ამ ქვეყანაში) გამარჯვებული იქ (იმქვეყნად) დამარცხებულია, აქ ღარიბი _ იქ გამდიდრებული, აქ მოგებული _ იქ წაგებული... “სახარებაში” ბევრგანაა ამგვარი აზრის დადასტურება. მაგ.:
“რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი” (მათე 10, 39; 16, 25; მარკოზი 8, 35; ლუკა9, 24; 17, 33);
“რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს” (მათე 10, 22; 24, 13; მრ. 8, 35);
“მრავალნი იყვნენ პირველნი უკანაისკნელ და უკანაისკნელნი _ პირველ” (მრ. 9, 35);
“მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა და უკანანი _ წინა” (მათე 19, 30; 20, 16);
“რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს” (მათე 23, 12; ლუკა 14, 11; 18, 14). ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, ამ ცხოვრებაში “მწარის მჭამელი” სამოთხეში დაფასდება, ხოლო აქ განდიდებული და პატივდებული იქ გამწარდება, დაბეჩავდება, დაიჩაგრება...
ამგვარი თვალსაზრისი “ვეფხისტყაოსანშიცაა” ასახული:
“ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად,
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?”
უთხრა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქნების რაცა ძვირად,
ოდეს ტურფა გიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.
დ. გურამიშვილისეული “ჯერ მწარე ჭამე, კვლავ _ ტკბილი” და რუსთველის “ტკბილსა მწარე ჰპოვებს”, ასევე “ჭირს მყოფი, ლხინში შესული შვებად მიითვლი ვნებასა” და “სჯობს, იქნების რაცა ძვირად” ურთიერთმსგავსი შეხედულებებია. “სწავლა მოსწავლეთაში” ავტორი სიმწარე-სიტკბოს სწავლასა და მის მოპოვებას კიდევ ერთხელ უკავშირებს:
“სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”.
ამ თვალსაზრისის თითქმის ანალოგიურია რუსული ანდაზა: „учение мучение, а плоды его сладкие” (სწავლა წამებაა, მისი ნაყოფი კი ტკბილია).
რამდენადაც შუა საუკუნეებში მცხოვრები შემოქმედნი ფართოდ და შეუზღუდავად იყენებდნენ ბიბლიურ ტექსტებს, ძველი და ახალი აღთქმის წიგნები იყო მათი ყოველდღიური საკითხავი, სააზროვნო მასალა, ამიტომ მათი თხზულებების ტექსტებში არსებული პარალელები და თანხვედრა ერთი და იმავე წყაროთი სარგებლობით უნდა აიხსნას. დავითი მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში ეს წყარო “ფსალმუნია”. თუმცა დ. გურამიშვილისა და რუსთაველის ფრაზების, თუ რუსული ანდაზის მიახლოებითი, არაზუსტი მსგავსება ბიბლიური ტექსტის ალუზიაზე მიგვანიშნებს (რაც, ჩვენი აზრით, საერო ლიტერატურაში გაცილებით უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე _ სასულიეროში, რადგან ჰაგიოგრაფები თუ ჰიმნოგრაფები თითქმის ყოველთვის ზუსტად იმოწმებენ ბიბლიურ ტექსტებს). საერო ლიტერატურაში “ფსალმუნის” ტექსტის დამოუკიდებელ ინტერპრეტაციასაც ვხვდებით. ამიტომ ერთი აზრი ნაირგვარადაა წარმოდგენილი.
შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ გურამიშვილის ტექსტის პირველწყარო დავით წინასწარმეტყველის შემდგომი ფრაზა იყოს: “რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ” (ფს. 125, 4), რადგან გაჭირვების კეთილად დაგვირგვინებაა ნაწინასწარმეტყველები, გათვალისწინებულია ნებსითი გაჭირვებაც, რადგან ადამიანი საკუთარი სურვილით “სთესს” ცრემლით. “ფსალმუნის” სიბრძნეს დ. გურამიშვილი სწავლასთან აკავშირებს და ამით მიმართავს ბიბლიური ტექსტის დამოუკიდებელ ინტერპრეტაციას: სწავლის მოპოვების მსურველმა გაჭირვებისათვის მზადყოფნა უნდა გამოამჟღავნოს _ ცრემლით სთესოს სწავლის შეძენის პროცესში და სიხარულით მოიმკოს, როდესაც მიღებული ცოდნა “კენწეროში გატკბილდება”. საანალიზო სტროფის ზოგადი შინაარსი სასუფევლის გზის ძიებაა. სწავლაც იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანს ღვთის საუფლოსკენ მიმავალი “იწრო ბილიკი” აპოვნინოს. რადგან “გემოვნება” (“თუ ეძებ გემოვნებასა”), როგორც მართებულად ხსნის გ. მურღულია, “ცხოვრების საზრისს ნიშნავს” (გ. მურღულია, 1997: 69), ანუ ისეთ ყოფას ამქვეყნად, რომელიც სამოთხის მკვიდრად გადააქცევს კაცთაგანს. “გემოვნებიანი” ადამიანი დედამიწაზე ცრემლით მთესველია, ზესთასოფელში კი სიხარულით მოიმკის, ანუ ნეტარებას მოიპოვებს. _ ამგვარად გვესახება დავით წინასწარმეტყველის ნათქვამი ქართველი პოეტის სტროფის წყაროდ.
თუმცა უნდა შეინიშნოს, რომ დ. გურამიშვილის მიერ “ფსალმუნის” ტექსტის ინტერპრეტაცია მეტად იშვიათია. თითქმის ყოველთვის, როდესაც პოეტი ნათქვამის წყაროდ დავით წინასწაარმეტყველს მიუთითებს, დამოწმება ზუსტია. მოვიხმობთ ერთ მაგალითს.
ბიბლიიიდან ცნობილია, რომ სიცხეში წვიმის გარეშე დასველებული საწმისი გედეონმა იხილა, რასაც მოგვითხრობს “მსაჯულთა წიგნი” (იხ. მსაჯ. 6, 36-38), დ. გურამიშვილი კი თავისი ფრაზის წყაროდ “ფსალმუნს” ასახელებს: “დავით თქვა ღვთისა მაგიერ სიტყვა ძლიერი ერთია” (ჩვენთვის ეს დეტალი იმითაცაა საინტერესო, რომ დავითი უპირატესობან ანიჭებს თავისი სეხნიის თხზულების მოყვანას, რითაც კიდევ ერთხელ წარმოჩდება ქართველი პოეტის დიდი მოკრძალება და პატივისცემა სეხნია წინასწარმეტყველისადმი).
დამოწმების სიზუსტე კარგად ჩანს ორივე ტექსტის პარალელური წაკითხვით:
დ. გურამიშვილი: Dდავით წინასწაარმეტყველი
“გარდამოხდესო, ვით წვიმა “გარდამოხდეს, ვითარცა წვიმაი
საწმისზედ მონაწვეთია” საწმისსა ზედა” (ფს. 71, 6).
მეორე შემთხვევაში, როდესაც ამავე ეპიზოდს ეხება, იგი წყაროს არ ასახელებს, ვფიქრობთ, დამოუკიდებელი (დაუმოწმებელი) ნათქვამის გამო:
“სახით, ვითარცა საწმისზედ, ცვარით ზეგარდმო წვეთილო”.
ასე, რომ დავით გურამიშვილის “სწავლა მოსწავლეთა” გვარწმუნებს ცოდნის შეძენის აუცილებლობაში.