ქართული ლიტერატურის ინოვაციური სწავლებისათვის
თანამედროვე კულტურა თვითგამოსახვის ისეთ ფორმებს ეძებს, როცა ინდივიდის ორიგინალური სათქმელი მარტივი და გასაგებია ნებისმიერ კულტურასთან იდენტიფიცირებული სუბიექტისათვის. სიმპლიფიკაცია (გამარტივება) ეხება, როგორც ლიტერატურას, მედიას ანუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ისეთ დარგებს, სადაც ლოგოსი წამყვან პოზიციაშია, ასევე _ თანამედროვე ქორეოგრაფიას (პოსტმოდერნულ ბალეტში გარკვეული რეპლიკები მაყურებლის ემოციური გაცნობიერების ფუნქციითაა დატვირთული), კინოს, თეატრს და ა.შ.
შანხაი ჯუკუ-იაპონური ავანგარდული თეატრი (მარცხნივ); ჰამბურგის საბალეტო პერფომანსი გუსტავ მალერის მესამე სიმფონიაზე (მარჯვნივ).
მისწრაფება გამარტივებისაკენ თავშივე გამორიცხავს პრიმიტიულობას. ამ სიმარტივის მიღწევა ავტორისაგან ორჯერ მეტ ძალისხმევას და ოსტატობას მოითხოვს. სიმპლიფიკაცია და თითქმის მათემატიკური სტრუქტურირება ინტერდისციპლინარულ შინაარსს სძენს ისედაც არამარტივ ქართულ ლიტერატურულ კონსტრუქტს, რომელშიც სულ მცირე ტექსტოლოგიური კორექტივის შეტანაც კი, საკმაოდ ტრავმულია ხსენებული დარგის მესვეურთათვის მაშინაც კი, როცა სავსებით ნათელია, რომ ობიექტური მიზეზების გამო, სამეცნიერო სფეროს მიღწევები, პრობლემების თანამედროვე გადაწყვეტა გვიან, ძალიან გვიან/ვერ აისახება სკოლის პედაგოგთა მიერ მოსწავლეებისათვის მიწოდებულ თეორიულ მასალაში.
მისტიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო სკოლის უფროსკლასელთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის უცხოა ქართული ლიტერატურის პერიოდიზაცია (მათი ევროპელი თანატოლები, განსაკუთრებით ფრანგი ან გერმანელი მოსწავლეები სასწავლო მასალის უცილობელ კომპონენტად აღიქვამენ სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ არსებული ცოდნის ფლობას); მცირე წარმოდგენა აქვთ ტროპებზე; ესეს აკადემიურ სრუქტურაზე; უფრო უარესი, იკვეთება სამწუხარო ტენდენცია_ წერის კულტურის დაბალი დონე.
უდაოდ, განათლების სამინისტროს და მასწავლებელთა სახლის გარკვეული პროექტებიც მიმართულია ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგთა გადამზადებისაკენ, რაოდენობრივი კომპონენტის თვისობრივ კომპონენტთან შერწყმისაკენ, თუმცა ჯერჯერობით, მსგავსი აქტივობები სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენს სოციალურ კონტექსტთან უმიმართებო ან არსაკმარისია (კერძო საგანმანათლებლო სექტორს, წესით უფრო მეტი საშუალება გააჩნია, თავად მიიწვიოს დარგის ექსპერტები საკუთარ საგანმანათლებლო სივრცეში და მასწავლებელთა კვალიფიკაცია აამაღლოს, თუმცა, აქაც არ ჩანს უკეთესი მდგომარეობა. არის შემთხვევები, რომ მეცნიერ ფილოლოგს უნდა სკოლაში ასწავლოს საშუალო საფეხურზე, მაგრამ სხვადასხვა სახის ბიოროკრატიული მექანიზმის, მათ შორის, პედაგოგთა პროფესიული გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, მათ სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ, რაც აბსურდული მიზეზი მგონია კულტურული უარისათვის).
ასევე, შეინიშნება გრამატიკისა და ლიტერატურის დეზინტეგრაცია, ზოგჯერ, ერთგვარ უპირატესობაში ჩანს გრამატიკა. ეს მოვლენა დამოკიდებულია კონკრეტული სკოლის კათედრაზე და არაფორმალურად იმ ფაქტორზეც, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას, მომავალი მასწავლებელი ენათმეცნიერების სექტორზე იყო თუ ლიტერატურისმცოდნეობის, კავკასიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა თუ რომელიმე კონკრეტული საენათმეცნიერო ავტორიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა მისი განათლება სტუდენტობისას (ეს ფაქტორი უცნობია არაფილოლოგიური განათლების მქონე ადამიანებისათვის. მაგალითად: 1990-ინ წლებამდე აწ განსვენებული პროფესორის ო. ურიდიას სტუდენტები უფრო მყარ ცოდნას ავლენდნენ ენაში, ვიდრე პროფესორ ი. ვეშაპიძის და ა.შ. ვფიქრობ, ენასა და ლიტერატურას შორის უადგილოა უპირატესობის მცდელობა, მით უფრო, სკოლაში).
„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“
თანამედროვე სკოლაში (11-12 კლასებში) ქართული ლიტერატურის მხოლოდ სიუჟეტურ დონეზე სწავლება სრული აცდენაა თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნილებებთან, მის ინტერესებთან, ასევე სახელმწიფოს და პიროვნების გრძელვადიან პერსპექტივასთან,_ გამოიყენოს ათვისებული ცოდნა პრაქტიკულად. დღეს, თაობის „მენტალური ციფრულობა“ დისონანსშია ჰაგიოგრაფიულ, რენესანსულ და აღორძინების ეპოქის მოდელებთან. მეთოდების უმრავლესობა, რომელსაც გადამზადებული მასწავლებელი იყენებს საკლასო ოთახში, უმეტესწილად, მაინც ავტორიტარულია (კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არსებობენ კონკრეტული მასწავლებლები და კონკრეტული მოსწავლეებიც, რომლებიც კრიტიკას არ იმსახურებენ, პირიქით, თუმცა ეს უშუალოდ მათი ინდივიდუალური განათლების ხარისხზე, პოზიტიურ სოციალურ გარემოზე, მაღალ მოტივაციაზეა დამოკიდებული და არა სისტემურ სპეციფიკაზე).
ციტატების დაზეპირება, ტექსტის მექანიკური დასწავლა გაცნობიერებული ცოდნის შეძენის ან კრიტიკული ანალიზის პირობას მხოლოდ ერთეულ მოსწავლეებთან იძლევა. ასეთი მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) მოსწავლეებს საკუთარი ნება და მყარი მოტივაცია ამოძრავებთ, რომ მიიღონ სრულყოფილი ცოდნა.
ზეპირმა გამოკითხვამ თბილისის საჯარო სკოლის 11-12 კლასის მოსწავლეებში ე.წ. აბიტურიენტებში გამოკვეთა შემდეგი ტენდენცია:
- აბიტურიენტების უმრავლესობას არ ესმის ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების მიზანი;
- მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისათვის ჰაგიოგრაფიული იდეოლოგია პრაქტიკული ცხოვრების საწინააღმდეგოა.
- მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობა ღრმად რელიგიური ხასიათისაა, ამდენად სპეციფიკურია.
- აბიტურიენტები შედარებით ლოიალურები არიან კლასიკური პერიოდის ქართული მწერლობის მიმართ, რომელსაც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ნ. ნათაძისეული რედაქციით შეისწავლიან (ეს საკითხი ძირითადად ასაკობრივი ინტერესებითაა განპირობებული: მიჯნურობის თემა, სიყვარულის მარადიულობა, მეგობრობა და ა.შ.).
- რამდენად ხალისიანადაც ეკიდებიან მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის არაკების შესწავლას, იმდენად ბუნდოვანი რჩება მათთვის ამ ნაწარმოების ერთიანი სტრუქტურა, ფაბულა.
- აბიტურიენტების აზრით, რთულად დასასწავლ ტექსტებში განთავსდა დ. გურამიშვილის „დავითიანი“ („სწავლა მოსწავლეთას“ გამოკლებით).
კრიტიკული/შემოქმედებითი აზროვნების აუცილებლობა
ჰალპერნის (Halpern, 1996) და დიუის (1993) მიერ გაანალიზებული კრიტიკული, იგივე „ანალიტიკური“ აზროვნება, საკმაოდ რთული უნარ-ჩვევაა, რომელიც ერთდროულად ორ ან მეტ განსხვავებულ მოსაზრებაზე ფიქრს, რაიმე შეხედულების დასაბუთებას მოიცავს, სხვადასხვა მიდგომის საფუძველზე: (უფრო კონკრეტულად იხ.: კრებული „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა,“ 2007) ინდუქცია, დედუქცია, ანალოგია. შემოქმედებითი აზროვნება ანალიტიკურ აზროვნებას არაფრით ჩამოუვარდება, გილფორდმა უკვე დაასაბუთა ეს საკითხი. პრაქტიკაში ორივე ტიპის აზროვნება ერთობლივად მოქმედებს და რთულია მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა.
კვლავაც იმ აზრზე ვარ, რომ ჩვენს შესანიშნავ მოსწავლეებს შეუძლიათ ნათლად და სხარტად აზროვნება, დაკვირვება, გაცნობიერება, გააზრება-გადააზრება, ხოლო იმის სწავლებას კი, თუ როგორ უნდა განივითარონ მათ დასწავლისათვის საჭირო უნარები (Presseisen, 1988), უბრალოდ, ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო და შესაბამისად, სკოლა.