განათლების ზოგიერთი პრობლემური საკითხი
სოციალიზმის აპოლოგეტად არ გამოვდგები, თუმცა, განათლების ხელმისაწვდომობა სოციალისტური რევოლუციის დადებითი მხარეა. სისტემის ნგრევის შედეგად შექმნილმა ქაოსმა, ახალი ეპოქის კრიტერიუმებმა, მსოფლიოს ახალმა წესრიგმა ატიპიური ამოცანების ამოხსნა დაგვავალა. „ქმნად“ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ ჩვენს ინტელექტუალურ თუ სულიერ პოტენციალზეა დამოკიდებული განვითარების რა გზას ავირჩევთ: „გამოქვაბულში“ დავბრუნდებით, თუ გავაგრძელებთ ბრძოლას განვითარების უფრო მაღალი საფეხურზე ასასვლელად. რაციონალურად, შიშისმომგვრელი კითხვაც ამოგვიტივტივდება: შევძლებთ თუ არა სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებას ინსტიტუციურ-სახელმწიფოებრივ დონეზე გლობალიზაციის პირობებში (მომავლის მიმართ შიშით აღვსილებს ვურჩევდი კ. ჯანდიერის იუმორით და თვითირონიით გამორჩეულ მოთხრობა „გლობალიზაციას“ გადახედონ) სერიოზული რყევებისას, თუ მხოლოდ სხვისი შრომის კოპირებას დავყაბულდებით.
სურათზე კ.ჯანდიერი მოთხრობების კრებულით „გლობალიზაცია“, აქვე მისი მოთხრობების გერმანული გამოცემა
ჩემი მსჯელობა მიმართულია იმის ხაზგასასმელადაც, რომ განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ადეკვატური მომავალი თაობის აღზრდის გარანტიაა. ციფრული კომუნიკაციების ეპოქა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, გაეცნოს, დააკვირდეს, თვალი ადევნოს ევროპული და ამერიკული განათლების სისტემის წარმატებებს, მიღწევებს.
განათლების ოთხსაფეხურიანი სისტემა: დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, და ბოლოს _ სამეცნიერო განათლება ბოლონიის პროცესის მონაწილე 47 ქვეყნის განათლების სისტემისათვის საერთოა, მათ შორის, ჩვენთვისაც 2005 წლიდან (იხ. სრულად). მაშ რაშია ის ხიბლი, რაც ასე იზიდავს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ევროატლანტიკურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა სტატისტიკისა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია საგანმანათლებლო სექტორის: სკოლებისა თუ უნივერსიტეტების წარმატება-წარუმატებლობის კრიტერიუმები (იხ. სრულად PDF ).
სურათებზე: მარცხნივ ლონდონის კერძო სკოლა და მარჯვნივ ლონდონის საჯარო სკოლა
ვფიქრობ, პირველი, რაც დასავლურ სასწავლებლებში გვხიბლავს, ინფრასტრუქტურაა. ინფრასტრუქტურული მოწყობა კი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ფაქტორთან, ასევე, მასობრივ ცნობიერთან. თანამედროვე ადამიანი ცდილობს ყველა ფინანსური რესურსი მიმართოს ახალი თაობის იმდაგვარად აღზრდისკენ, რომ იგი გარემოსთან ადაპტაციის უფრო მეტ უნარს იძენდეს სკოლამდელ დაწესებულებაში, შემდეგ საშუალო სკოლაში, მოგვიანებით უნვერსიტეტსა ან უფრო იშვიათად, დოქტორანტურაში, რათა შესაბამისი „კავშირებით“ საკუთარი წარმატებული კარიერის (წარმატებაში კი, უმთავრესად, ფინანსური მხარე მოიაზრება) ანაბაზისს ქმნიდეს.
სურათზეა რურის უნივერსიტეტი, ბოხუმში, დასავლეთი გერმანია
კაპიტალისტურ ან მის მსგავს საზოგადოებაში მშობელი მზადაა სოლიდური თანხა გადაიხადოს საკუთარი შვილის აგრესიული გარემოსაგან იზოლაციაში, კომფორტის შექმნაში, სადაც ჯერ მოზარდმა, შემდეგ ახალგაზრდამ უნდა დაჰყოს იმაზე მეტხანს, ვიდრე საკუთარ სახლში, რეალურად. განათლების საკითხებში ნაკლებად ან სულაც გაუცნობიერებელი მშობელი სწორედ ინფრასტრუქტურასა და კომფორტში იხდის თანხას. მხოლოდ მშობლების უმცირესი ნაწილი აბანდებს კაპიტალს მდგრად შედეგში, რომელიც სასურველია დადგეს გვიან, თუმცა ამის სრული გარანტიაც არ არსებობს.
როგორი ცნობიერებაა დომინანტური ნაციონალურ კონტექსტში?
მშობლებს საჯარო დისკუსიებში და პირადადაც არაერთგზის გამოუხატავთ საკუთარი აზრი იმის შესახებ, რომ კმაყოფილები არიან, როდესაც ბავშვი ავლენს ასაკის შესაფერის ან უფრო მეტ ცოდნას უცხო ენებში (უნდა ითქვას, რომ მრავლობითი ენების სწავლების ფუფუნება ბევრ კერძო სკოლასაც არ აქვს, რადგან საგაკვეთილო ბადე ძირითადად ისეა გაწერილი, რომ კლასი არ/ვერ იყოფა შუაზე. მაღალი შედეგის მიღწევა ცოდნის არათანაბარი დონის მოსწავლეებთან მხოლოდ მასწავლებლის, როგორც პიროვნების ფიზიკურ და საგანმანათლებლო რესურსებზეა დამოკიდებული. მათ შორის, ვგულისხმობ მასწავლებლის ჯანმრთელობას, ხმის ტემბრს, მის ნებისყოფას და ა.შ. ამგვარი თავდადების მოთხოვნა, აშკარად, მასწავლებლის სამუშაო კონტრაქტში ასახულ კონკრეტულ ვალდებულებებს მიღმაა), მონაწილეობს სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში, დადის წრეებზე სკოლის ტერიტორიაზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ან კერძო სექტორში (ყველანაირი წრის დაფინანსება მშობლის ბიუჯეტზეა დამოკიდებული, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. ეს უკანასკნელნი ლიმიტირებულად იღებენ სასურველ განვითარებას).
სურათებზე: მარცხნივ, ევროპული სკოლის შენობა, თბილისში; მარჯვნივ: იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი, კიკეთი
გამომდინარე სახლმწიფოს მიერ პრიორიტეტულ დარგებად აგრარული და ტექნიკური მეცნიერებების გამოცხადებისა, ისედაც ინერციით მიმდინარე ღირებულებითი დამოკიდებულება ფიზიკა-მათემატიკური და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, კვლავაც ძალაშია, თუმცა არსად დამტკიცებულა, რომ აღნიშნულ საგნებში წარმატებულ მოსწავლეს უფრო დიდი სიკეთე მოეტანოს საზოგადოებისათვის, ვიდრე თუნდაც ფილოსოფიით ან სოციოლოგიით გატაცებულ ყმაწვილს, რომელსაც ე.წ. არარენტაბელური პროფესია აქვს, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური მრჩეველია ან იმ „ბესთსელერის“ ავტორია, ორმოც ენაზე რომ ითარგმნა და ა.შ.
განსხვავებით ჩვენგან, ევროპულმა საზოგადოებამ ჩვენ მიერ გადარბენით აღწერილი პროცესები უკვე დიდი ხანია უკან მოიტოვა. ერთი იმიტომ, რომ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა მათ წინაშე არასოდეს იდგა იმ სიმწვავით, როგორც აქ (არ ვგულისხმობთ შავი ჭირის ეპოქას ევროპის კონტინენტზე).
ამდენად, ინგლისური, ფრანგული ან გერმანული განმანათლებლობის დროიდან მოყოლებული, განათლების სისტემა იხვეწებოდა, ვითარდებოდა, რაც ვერ უძლებდა პილოტაციას, არაკანონიკური ხდებოდა. ერთი სიტყვით, განათლების ევროპული სისტემა, რომლის მემკვიდრეობაც წილად ხვდა, როგორც ამერიკულ, ასევე, შორეულ ავსტრალიურ ან ახალზელანდიურ საგანმანათლებლო სისტემებსაც, ძირითადად, ევროპული განმანათლებლობის და პედაგოგიკის ნაყოფია. ამასთან, არაფერია სრულყოფილი, სრულიად განსაკუთრებულ ფინურ მოდელსაც კი აქვს ბნელი მხარეები, რომელთა შორისაა კვების უკონტროლობა მოსწავლეებში მასწავლებელთა მხრიდან, ძალადობის შემთხვევების გამოსარიცხად (მინდა ვჭამ, მინდა_ არა), ან ცოდნის მიზნობრიობის გაუაზრებლობა, ხშირად, სრული უსტერეატიპობა, მოძალადის სტიგმის ასარიდებლად, საკუთარი სქესობრივი ნიშნის აბსოლუტური ნიველირება, რასაც ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიჰყავს ბევრი ფინელი მოზარდი და ა.შ. ბევრი ჩვენი ცნობიერებისათვის მიუღებელი და წარმოუდგენელი რამ ახასიათებს ესოდენ წარმატებულ ფინურ საგანმანათლებლო მოდელსაც კი.
საიდან დავიწყოთ ჩვენი განათლება ?
ვფიქრობ, იუმორის საგნად ქცეული საპირფარეშოების საკითხი, სწორედ რომ უპირველესი პრობლემაა, რომელიც ჯაჭვურად ებმის ზოგადი განათლების მოუგვარებელ პრობლემებს ჩვენში. სკოლა, ისევე, როგორც ოჯახი, საპირფარეშოს წესრიგიდან, პირადი ჰიგიენიდან იწყება. ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველი დედისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საპირფარეშოების ადეკვატურობის საკითხს. მოსწავლეთა მიმართ სისტემის მიერ გაზრდილი მოთხოვნების (ვგულისხმობ საგაკვეთილო მასალით დატვირთვას საბაზისო საფეხურზე) და ჩვენი ნების გარეშე დარღვეული ეკოლოგიის პირობებში, მოსწავლემ უნდა შეინარჩუნოს ჯანრთელობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ბავშვის, მოზარდის ან მასწავლებლის ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების მიზეზი, თანაც ანტისანიტარიით გამოწვეული დაავადებები განსაკუთრებით ხანგრძლივად მიმდინარეობს და დროში გაწელილ ართცუ სასიამოვნო შედეგებს ტოვებს. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოს მიერ და მისი ინსტიტუციების მხრივ რეგულარულად ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების უმკაცრესი კონტროლი პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მწვანე ზონის არარსებობაა სკოლების მიმდებარე ან მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე _ წითელი ყელსახვევისა და სხვა მრავლობითი აუტანელი სიმბოლოს გარდა, ავადსახსენებელ საბჭოთა დროში ჯეროვანი ყურადღება ექცეოდა მოზარდის ფიზიკურ განვითარებას, სპორტის გაკვეთილს, სხვადასხვა აქტივობებს. სპორტის გაკვეთილს არ ჰქონდა მეორეხარისხოვანი მდგომარეობა, სპორტის მასწავლებელს არ ჰქონდა მეორადობის განცდა, პირიქით, არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაკარგეს ოქროს მედლის კანდიდატებმა მედალი მხოლოდ სპორტის მასწავლებლის მიერ მინიჭებული არასასურველი შეფასების გამო. ეს, ერთმნიშვნელოვნად ცუდია, არ შეიძლება განათლება პიროვნული არასრულფასოვნების კომპლექსს ავითარებდეს, ან ადამიანის მომავალს წყვეტდეს, მაგრამ, ასევე არ შეიძლება ფიზიკური კულტურის არარსებობა ისედაც თითქმის უკვე სატიტულო ეთნოსში.
ძველად, ახალაშენებული სკოლების დაგეგმარებისას, ყოველთვის იყო გათვალისწინებული ღია და დახურული სათამაშო მოედნები, ზოგან, თუკი ამის შესაძლებლობას იძლეოდა ფართი, არსებობდა სკოლის სამეურნეო ეზო, სადაც მოსწავლეებს მკაცრად ევალებოდათ, შესაბამისი საგნის მასწავლებლის ზედამხედველობით, მიწის დამუშავება, ყვავილების ან სასურველი კულტურების კულტივაცია, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება გამწვანებულ ტერიტორიაზე. შემოდგომა-გაზაფხულის განმავლობაში ასეთი ღონისძიებებს არ ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად ბიუროკრატიული მექანიზმის ზეწოლისა, ვგულისხმობთ მეტროპოლიიის დირექტივებს, სიამოვნებას იღებდნენ, როგორც მშობლები და შვილები, ასევე, მასწავლებლებიც (დღეს ეს ფუნქცია, ფაქტობრივად ზურა შევარდნაძის „გარდენიას“ აქვს შეთავსებული და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოტანიკოსების ნიჭიერი კოლექტივი უმაღლეს დონეზეც უმკლავდება თანამედროვე გამოწვევას, მაგრამ, ბუნებრივია, სტუმრობა „გარდენიაში“ ფუფუნებად რჩება გარკვეული სკოლების და გარკვეული სოციუმის ადამიანებისათვის, ცალკერძ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონკრეტული რეისის არარსებობის გამო უშუალოდ „გარდენიის“ მიმართულებით, ცალკე ბევრი ობიექტურ-სუბიექტური გარემოებებით, ბავშვი კი ყველა თანასწორია, დამეთანხმებით).
სასკოლო ჯგუფების მსგავსი აქტივობები დღეს მაინც ფუფუნებაა. გარკვეული მცირემოსწავლიანი სკოლები ამ მხრივ ტოლს არ უდებენ ძალიან ცნობილ ევროპულ, მაგალითად ფინურ და ასევე გერმანულ საგანმანათლებლო ბრენდებს, სადაც არასაგაკვეთილო ურთიერთობები ინტერაქციაში ამყოფებს მოსწავლეებს მასწავლებლებთან, რომლებიც გაკვეთილის მიღმა ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
ვფიქრობ, პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ცვლილება ჩვენში უკვე მოხდა. ყოფიერების მეორე ეტაპი დაძლეული/დასაძლევი პრობლემების, ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილების გადააზრება და ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად მოტივაციის ძიება უნდა იყოს, მომავალი თაობის ცხოვრებისა და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენი ღირსეული მომავალი ჩვენი შვილების ადეკვატურ განათლებაშია.