პოსტკოლონიური კონფლიქტი საქართველოში
ქართულ-რუსული კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ
1980-1990-იანი წლების (ქართულ-აფხაზური) მედიური ნარატივი
I ნაწილი
გლობალურად მიმდინარე დეკოლონიზაციისა და ეროვნული თვითგამორკვევის ფონზე „გაწონასწორებული“ პოლიტიკური დისკუსიის საპირისპიროდ მედიაში აშკარად შეინიშნება საკმაოდ მკვახე პოლიტლექსიკის მოძალება. 1990-იან წლების, ნაციონალური რიტორიკით გაჯერებულ ქართულ პრესას, როგორც ჩანს, არ ან ვერ გაუთვალისწინებია, როგორ მოიქცეოდნენ: აფხაზეთი (ოსეთი) საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ახალფეხადგმული ქვეყნის ხელისუფლება კი, ოფიციალურ/არაოფიციალურ დონეზე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს იგივე შეტყობინებებს უგზავნის, რაც თავად მეტროპოლიის ძირითად ნაკლად მიაჩნდა (ორი საუკუნის მანძილზე) და განიკითხავდა მას ამ თითქმის დევიანტური ქცევისთვის. იქნებ თავისდა უნებურადაც, ახალი ნაციონალური იდენტობის მატარებელი სუბიექტები (ა. ბაქრაძე, ზ. გამსახურდია [გამსახურდია 1989], მ. კოსტავა, გ. ფანჯიკიძე, დ. მჭედლური, ჭ. ამირეჯიბი [ამირეჯიბი 1990], თ. მიბჩუანი და ა.შ.) „პაწაწინა“ ორიენტალისტებს დაემსგავსნენ (უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევარ თ. ჯანელიძის აზრით, „ქართული ნაციონალიზმის“ თეორიის დამკვიდრებით დასავლურ სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ ლიტერატურაში „ხდება ერთგვარი რუსოფილური მიდგომის იდეოლოგიური ლეგიტიმაცია“). ამ „სიმახინჯის“ გამოვლინება იყო აფხაზთათვის ტერმინ „აფსუას“ დაკანონების მცდელობა აკადემიურ/საჯარო დონეზე, თანაც აფხაზთათვის შეურაცხმყოფელი კონოტაციით: „აფსუები იგივე აბაზინელები, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩნდებიან მხოლოდ გვიან შუა საუკუნეებში. 1621 წლამდე არცერთი აფსუა აფხაზეთში არ ცხოვრობდა“ [მიბჩუანი1996; 1998: 3; 2001]. „ახლაც მოისმენ „მეცნიერულად“ გასაღებულ თეორიებს იმის შესახებ, რომ „დღევანდელი აფხაზები“/აფსუები სხვაგნით მოსული ხალხია, მეორე მხრივ, სრულიად საწინააღმდეგოს, აფხაზები ისეთივე ქართველებია, როგორც ფშაველები ან რაჭველებიო [...], ურევია არ ნიშნავს იმას, რომ ჩერქეზი აფხაზია ან პირიქით“ [თოფურია 2000:7; ვადაჭკორია 1997] და ა.შ.
1. ფოტო: აფხაზი და ქართველი გენერლები მე-19 საუკუნე // 2. ფოტო: აფხაზი მუჰაჯირები
შეიძლება ითქვას: აფხაზური ინტელექტუალური „ელიტა“, სულ ცოტა ორი მიზეზის გამო:
ა) აფხაზთა განთავსება ქართველური ტომობრიობისაგან განსხვავებულ ეთნიკურ არეალში;
ბ) აფხაზი სუბიექტის „სხვა“ თავისიანად წარმოდგენის რესიგნიფიკაცია სამეცნიერო დონეზე.
ლოგიკურად განაგდებს ქართველ სუბიექტს „საკუთრად“ აღქმული ფიზიკურ-ვირტუალური ტერიტორიიდან ისევე, როგორც თავად ქართული ეთნოსის სუბიექტი _ რუსიფიკატორს (მით უმეტეს, რომ ქართველი [ქარჩხაძე 1994] მეტადაა ინფორმირებული, ამდენად, მეტი პასუხისმგებლობაც ენიჭება). აფხაზი სუბიქტი კი, გარკვეული ქართული წრეების განცხადებით, „დეზინფორმირებულია“ [პაპასქირი 1994:8] რეალურ-ისტორიულ პროცესებზე და იმპერიალისტური სფეროდან იმართება მისი საინფორმაციო პოლიტიკაც.
ამდენად, რაციონალური მეცნიერული პოზიციიდან მოსაუბრე პოსტკოლონიური სუბიექტები, მით უფრო, კონფლიქტის მოგვარების ინიციატორები, ყოველთვის ხვდებოდნენ, რომ დაუსრულებელი ხმაური აბორიგენობასთან დაკავშირებით არაფრის მომტანი იყო, გარდა განხეთქილების გაღრმავებისა: წარმოშობის ყველა ვერსია ერთნაირად გამაღიზიანებელი იყო ორიენტირდაკარგული, იმპერიის მიერ მიზანმიმართულად დამუხტული ეთნიკური ერთობისათვის.
თუ კარგად დავაკვირდებით აღნიშნულ პროცესებს, რეგულარული ძალადობა, რომელიც ახასიათებდა კოლონიურ სამყაროს, იმანენტურად განმეორდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაშინ, როცა უკვე განადგურდა ძირძველი სოციალური სხეული, ყოფა (ცნობილია, რომ მუჰაჯირობის ეპოქაში თურქეთში გადასახლებული აფხაზებიდან უკან დაბრუნება მხოლოდ უმცირესობამ მოახერხა, დანარჩენები, არასწორად ინფორმირებულობის გამო, ყველაფერში ქართველებს ადანაშაულებდნენ). საქართველოს დამცავი აბაზები, აფსუები თუ აფსარები ქართველურ ცნებასთან გაუცხოებულები იყვნენ იმ მეცნიერული პოზიციებიდან, თუ ინტელექტუალური „ელიტის“ ხელით, საიდანაც ე.წ. „აფხაზური სეპარატიზმი“ გამოიძერწა, აბაზთა ქვეცნობიერება უკიდურეს ზომამდე იყო გაღიზიანებული, მათი არსებობა ქართველურობიდან გარიყეს და ეს ვაკუუმი კი რუსული „ძმური მეგობრობით“ ჩაანაცვლეს.
მკვლევარი უ. გრუსკა [გრუსკა 2000:3] მიიჩნევს, რომ კონფლიქტი აფხაზეთში, ძირითადად, ქართველ და აფხაზ ნაციონალისტებს შორის დაპირისპირების შედეგია. მე კი ვფიქრობ, ეს არის კონფლიქტის გაღვივების მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორი. მთავარი როლი აფხაზეთის კონფლიქტში ითამაშა რუსეთის სურვილმა, შეენარჩუნებინა პოლიტიკური გავლენა „ახლო საზღვარგარეთში“.
მსჯელობის გაგრძელებას შემდეგ სტატიაში იხილავთ.