საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე სამუშაოს ევროკომისია დადებითად აფასებს
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში, საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული პროექტები დადებითად შეფასდა და მასში პოზიტიური კუთხით არის საუბარი როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ანგარიშში ასევე პოზიტიურადა არის შეფასებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება, რაც მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის მთავარი ქვაკუთხედია.
უმაღლესი განათლების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რაც ასახულია ანგარიშში. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის პროგრამაში ERASMUS+ და 131 პარტნიორ ქვეყანას შორის და წარმატებული პროექტების კუთხით, მე-8 ადგილს იკავებს. შედეგად, 2015 წლიდან, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში 1500-ზე მეტი ქართველი სტუდენტის სწავლა დაფინანსდა. მობილობით ასევე სარგებლობენ მეცნიერები, ადმინისტრაცია, ლექტორები და ვიზა ლიბერალიზაცია ამ პროცესს თავისთავად ხელს უწყობს. და საყურადღებოა ისიც, რომ ერასმუსის ფარგლებში ახალგაზრდების ლიდერობისა და მეწარმეობის კომპეტენციების განვითარების კუთხით დაფინანსებული პროექტების 31% სწორედ საქართველოზე მოდის, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ახალგაზრდების საჭირო უნარებით აღჭურვისა და ლიდერებად ჩამოყალიბების კარგი საფუძველია.
ხელისუფლება დიდ ძალისხმევას დებს კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების თვალსაზრისით, რასაც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-შისაქართველოს გაწევრიანებაც ადასტურებს. 77 მილიარდიან ფონდში, რომლის წევრიც საქართველო 2016 წელს გახდა, კონკურსის წესით, ქართული ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 17 პროექტი, 5.2 მლნ. ლარზე მეტი ჯამური ღირებულებით უკვე დაფინანსდა. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების შემდგომი განვითარების მიზნით, ქვეყანას გადახდილი საწევროს ნახევარი უკან უბრუნდება. აღნიშნული სიახლე კი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჰარმონიულ ინტეგრაციას, რაც ევროკომისიის ბოლო ანგარიშში უაღრესად პოზიტიურად შეფასდა.