მანანა რატიანი: გარე დაკვირვების საპილოტე პროგრამა იწყება
გარე დაკვირვება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ერთადერთი კომპონენტია, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა. გარე დაკვირვების წესი მაისში დამტკიცდა და გასულ სასწავლო წელს მისი წარმართვა ვერ მოესწრო. მიმდინარე სემესტრში მოხდება ამ კომპონენტის პილოტურად ამოქმედდება. გარე დაკვირვების წესზე და პროცედურებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი
_ უკვე მზად ვართ, რომ პირველ სემესტრში ჩავატაროთ გარე დაკვირვების საპილოტე პროექტი, რომელიც მოიცავს იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს. ამ ეტაპისათვის 105 მასწავლებელია დარეგისტრირებული გარე დაკვირვებაზე. უფროსი მასწავლებლებიდან, რომლებმაც უკვე დააგროვეს შესაბამისი კრედიტქულები და გარე დაკვირვებას წარმატებით გაივლიან, ნაწილი უკვე შეიცვლის სტატუსს და გახდება წამყვანი მასწავლებელი, ხოლო ნაწილს ორამდე კრედიტიღა დარჩება შესავსები, რომ წამყვანი მასწავლებელი გახდეს. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებიც თანმიმდევრულად და მოტივირებულად ჩაერთნენ სქემაში, გაიარეს წინა ეტაპები და ახლა კარიერულად კიდევ ერთი საფეხურით წავლენ წინ. აქვე დავძენ, რომ გამოიკვეთა სკოლები, საიდანაც გარე დაკვირვებაზე არაერთი მასწავლებელია დარეგისტრირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სკოლების ადმინისტრაცია ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას; სკოლის შეფასებაში ეს იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
რა ნიშნით მოხდა ამ რეგიონების შერჩევა?
ეს რეგიონები შეირჩა მასწავლებელთა იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებსაც უკვე ჰქონდათ შესაბამისი კრედიტქულები, რაც სავალდებულო წინაპირობაა გარე დაკვირვების გავლისათვის. ასევე, საგნობრივი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, რადგან გვინდა, გარე დაკვირვების კომპონენტის და შეფასების რუბრიკის პილოტირება ყველა საგანში მოხდეს.
როდის დაიწყება გარე შეფასებები?
უახლოეს დღეებში, პროცესი დაწყებულია, 8 ნოემბერს ქუთაისში გვქონდა შეხვედრა დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან. თითქმის ყველა მასწავლებელი მოვიდა შეხვედრაზე, ასევე გვესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები. მასწავლებლებს კიდევ ერთხელ განემარტათ თუ რა პროცედურებს გაივლიან, როგორ უნდა მოხდეს გეგმის შევსება, რეფლექსიის მომზადება, ვინ დააკვირდებათ, როგორ მოხდება შეფასება, ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. 10 ნოემბერს ანალოგიური შეხვედრა შიდა ქართლშიც გაიმართება;
რა საკითხების მიმართ გამოიხატა მაღალი ინტერესი?
გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმატმა, რომელიც ნაწილობრივ განსხვავებულია სხვა ფორმატებისგან, წარმოშვა კითხვები. მასწავლებლებს აინტერესებთ იგივე ფორმატი სავალდებულოა თუ არა შიდა დაკვირვების გაკვეთილისთვის, ან სამოდელო გაკვეთილისთვის? რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ გარე დაკვირვებისთვის შეთავაზებული ფორმატი, თუ მასწავლებლებს მოეწონებათ, შესაძლებელია ის გამოიყენონ შიდა დაკვირვების და სამოდელო გაკვეთილებისთვისაც, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო. კითხვები დაისვა გაკვეთილების გადანაცვლებაზე, აინტერესებთ შეუძლიათ თუ არა მეორე სემესტრში დაგეგმილი გაკვეთილები ახლა ჩაატარონ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შეუძლიათ, თუ ეს სწავლების პროცესს ხელს არ შეუშლის. თემების თანმიმდევრობას შეიძლება მათემატიკაში ჰქონდეს პრინციპული მნიშვნელობა, წინარე ცოდნის შესაბამისობისათვის. ეროვნული სასწავლო გეგმა თანმიმდევრულობას არსად უწესებს მასწავლებელს. მოცემულია წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები, შესაბამისად, მასწავლებელს არ ეზღუდება თავისუფლება თემისა და რესურსის არჩევაში. იყო შეკითხვები პროცედურებთან დაკავშირებითაც. მასწავლებელს გარე დაკვირვებისთვის დაესწრებიან ცენტრის მიერ შერჩეული გარე დამკვირვებელი და სხვა სკოლის ფასილიტატორი, რომლებიც ცენტრის მიერ გადამზადდნენ.
როგორ შეირჩნენ დამკვირვებელი ფასილიტატორები?
ამ ფასილიტატორებს აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მათ კომპეტენციები უკვე დადასტურებული აქვთ. ამავდროულად, ისინი საგაკვეთილო დაკვირვების ტრენინგზე მაღალი ქულებით არიან შეფასებულები. ამ პრინციპით, შევარჩიეთ ფასილიტატორები რეგიონებში, სადაც პილოტი მიმდინარეობს. სამომავლოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, საშუალება მიეცემათ ჩაერთონ ამ პროცესში და თავად გახდნენ გარე დამკვირვებლები.
რა ვალდებულებები აქვთ მასწავლებელს და დამკვირვებლებს ამ პროცესში?
მასწავლებელი სისტემაში წინასწარ ტვირთავს 5 თანმიმდევრული გაკვეთილის გეგმებს, ცენტრი არჩევს ერთერთ გაკვეთილს და ამის შესახებ წინა დღეს ატყობინებს სკოლას და მასწავლებელს. მასწავლებელმა წინა გაკვეთილებზე მიღწეული შედეგის (ვთქვათ მოსწავლეებმა ვერ შეძლეს წინა გაკვეთილზე რაიმე საკითხის დაძლევა, ან პირიქით, უფრო სწრაფად წავიდნენ წინ) გათვალისწინებით, შეიძლება გეგმაში ცვლილებები შეიტანოს. აქედან გამომდინარე, მასწავლებელს საშუალება აქვს წინასაგაკვეთილო შეხვედრაზე წარადგინოს გაკვეთილი, რომლის ჩატარებასაც აპირებს, დააზუსტოს გეგმასი შეტანილი ცვლილებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საგაკვეთილო პროცესი ცოცხალი პროცესია და ცვლილებები დასაშვებია. გაკვეთილზე მასწავლებელს აკვირდება ორი გარე დამკვირვებელი. ასევე დასწრების უფლება აქვთ მასწავლებლის ფასილიტატორსა და რესურსცენტრის წარმომადგენელს. გარე დამკვირვებლები სპეციალურ ფორმაში აღწერენ გაკვეთილის მსვლელობას. შემდეგ გარედამკვირვებლები ერთმანეთს ხვდებიან, აჯამებენ შედეგებს. გაკვეთილის შემდგომ შეხვედრაზე მასწავლებელი აჯამებს თავის გაკვეთილს და წინარე ზეპირ რეფლექსიას აცნობს გარე დამკვირვებლებს, როგორ ჩაიარა, თუ ცვლილებები დასჭირდა, რით იყო განპირობებული. ამავდროულად, გარე დამკვირვებლები უკუკავშირს აწვდიან პედაგოგს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს საშუალება ექნება ექსპერტებისაგან, საგნობრივი კოლეგებისაგან მოისმინოს უკუკავშირი ჩატარებულ გაკვეთილზე. ამის შემდგომ მასწავლებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე რეფლექსიის ასატვირთად. რეფლექსია უნდა პასუხობდეს შეფასების რუბრიკის ოთხივე კრიტერიუმს, რადგან დადებითი შეფასებისთვის აუცილებელია მაქსიმალური ქულის მოგროვება. აქვე, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მინდა შევახსენო პედაგოგებს, რომ რეფლექსია გააზრება-გაანალიზებას გაანალიზებას გულისხმობს და მხოლოდ აღწერით არ შემოიფარგლონ. კრიტერიუმების გათვალისწინება მათ ამ ხარვეზს ააცილებს და გარე შემფასებელს შეუქმნის შესაძლებლობას რეფლექსიაში დადებითი შეფასება დაწეროს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა დააგვიანა და არ ატვირთა რეფლექსია, ეს გაკვეთილი ვერ შეფასდება; ამის შემდეგ გარე დამკვირვებლები განსაზღვრულ ვადაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასახავენ საბოლოო შეფასებას სისტემაში. სისტემა ავტომატურად აჯამებს ქულებს. თუ გაკვეთილი 32 შესაძლო ქულიდან 24 -ს ან მეტს მიიღებს, მასწავლებელს მიენიჭება შესაბამისი კრედიტქულა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კომპონენტში ჩართული მასწავლებლების დიდი ნაწილი შეძლებს ბარიერის წარმატებით გადალახვას და უკვე გვეყოლება წამყვანი მასწავლებლები, რომლებმაც გადანაწილებით კი არა, სქემაში შესაბამისი აქტივობების განხორციელებით მოიპოვეს ეს სტატუსი.
სხვა რეგიონების მასწავლებლებისათვის ეს კომპონენტი როდის გააქტიურდება?
მომავალ სემესტრში უკვე ყველა რეგიონის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება ჩართონ ამ პროცესში. დიდი მადლობა იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და პირველები ჩაერთნენ. შეხვედრები ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ყველაფერი იციან წესისა და პროცედურების შესახებ, მხოლოდ დაზუსტება და ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა გვიწევს, რომ მათ უფრო მშვიდად ჩაატარონ გაკვეთილი.
დირექტორების, ადმინისტრაციის პოზიციები ამ პროცესში როგორია?
სქემაში ორი კომპონენტი გვაქვს, რომელიც სკოლის შეფასების ჯგუფებს ავარიდეთ, ეს არის კომპეტენციების დადასტურება და გარე დაკვირვება. აქ დირექტორების , ადმინისტრაციის წილი არის მინიმალური და მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს, მშვიდი სამუშაო გარემო შეუქმნას მასწავლებელს, მოაგვაროს გაკვეთილების განრიგის საკითხი და გამოყოს სამუშაო სივრცე გაკვეთილის წინა და შემდგომი შეხვედრებისათვის.