პოსტკოლონიური კონფლიქტი საქართველოში
ქართულ-რუსული კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ.
დასავლეთის სამეცნიერო ენაში ქართულ-აფხაზური ტიპის კონფლიქტს უკვე მიესადაგა „პოსტკოლონიური კონფლიქტის“[დულიე 2010] სახელი. 1990-იანი წლების ქართული დისკურსი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ არსებითად საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს პოსტსაბჭოთა კონფლიქტს. იგი არაა მხოლოდ „ქართველ და აფხაზ ნაციონალისტებს“ შორის წინააღმდეგობის შედეგი, არამედ რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი (XIX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე) დაპირისპირების ნაყოფია [მედია და სტერეოტიპები _ ზოგადად, „ხატების“ გამოყენება კოლექტიური იდენტობის შექმნისა და შენარჩუნების სტრატეგიაა, იგი ქმნის მომეტებული საფრთხის განცდას და ამავდროულად, აძლიერებს საზოგადოების წევრების კონსოლიდაციას. სამივე მხარის მიერ (საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი) აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენებოდა, როგორც საინფორმაციო ომის წარმოების ერთ-ერთი საშუალება. „მედია ინფორმაციის სტანდარტიზებას ახდენს, რათა იგი სტერეოტიპს მიუახლოვოს. ხშირად მედიის მიერ გათამაშებულ პერფომანსს ადამიანები იდეოლოგიური ბატონობის ფარული სისტემის პასიურ აღქმამდე მიჰყავს, ანუ ობიექტს საკუთარი პოზიციის შემუშავების საშუალებას არ აძლევს“].
1980 /1990 /2000-იანი წლების ქართულ მედია მასალებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ აღნიშნულ პერიოდთან მიმართებაში ვალიდურია რამოდენიმე სტერეოტიპი, რომელთა განმტკიცებას, მეტ-ნაკლებად, ხელი შეუწყო იმ სახის ესეისტიკამ, როგორიცაა „ცრუ ლეგენდები“ [გასვიანი 1994:6], „აფხაზები და აფხაზური ენა“ [მიბჩუანი 1995:5] და მსგავსი. შედეგად, მივიღეთ მდგრადი აფხაზური/ქართული სტერეოტიპები:
- აფხაზების ყველა პრობლემა ქართველების ბრალია;
- აფხაზი არის „არაჩვენებური“ ანუ „სხვა“ კავკასიელი;
ქართული/რუსული სტერეოტიპები (რომელთა განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტატიებმა: „რუსული სისასტიკე“ [ბრეგვაძე 2002:5] ან „მტერს მტერი დავარქვათ“ [მიშველაძე 2002:1] ) :
- რუსი არის დამპყრობელი/აგრესორი;
- კავკასიისა და რუსეთის ძალით შეთავსება არავის გამოუვიდა;
- რუსეთი კვლავაც „მარადიული გამოცანაა“.
თუკი საერთო კულტურის ერთიან ისტორიულ დროდ მივიღებთ „საბჭოთა კულტურული“ სივრცის ნიშნულს, ჰარმონიულად შეიძლება, ერთი მხრივ, ქართული კულტურის მიერ საკუთარი თავის აღქმის კომპლექსის განთავსება საერთო საბჭოურ სივრცეში და, მეორე მხრივ, აფხაზური კულტურის კომპლექსისა საბჭოთა საქართველოს ფარგლებში.
დავის საგანი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში სიტუაცია რთულდება, როცა ერთი ნაცია მეორეს აღიქვამს „სხვად“/„არა ჩემიანად“, სხვისადმი დამოკიდებულება კი ხშირად ნეგატიურ-კონფრონტაციული ხასიათით გამოირჩევა, ამიტომ პერიოდულ დისკუსიებში ვხვდებით არაორაზროვან მინიშნებებს რუსული პოლიტიკის ორპოლუსიან ბუნებაზე. სამწუხაროდ, დაინტერესებული მხარეები არ თაკილობენ საერთაშორისო სამართლის ნორმების და გაეროს წესდების თავისუფალ ინტერპრეტაციასაც, სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს თავის სტატიაში „საქართველო დასაშლელად მზადაა“ თ. ხაბეიშვილი [ხაბეიშვილი 1995:5-3_„ერთა თვითგამორკვევის უფლება წმიდათაწმიდაა, მაგრამ არც ჰელსინკის ისტორიული თათბირის დასკვნითი აქტი, არც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლი არ გულისხმობს სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით რევიზიას“], როცა აღმოაჩენს, რომ 90-იანი წლებიდან დაშლადი კავშირის ფონზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიული მოცემულობა იქცა „ეთნიკური“ კონფლიქტების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ, რადგან საბჭოთა ეთნოპოლიტიკა შეესაბამებოდა იმპერიის საერთო ამოცანებს „ნელი მოქმედების ნაღმით“ Divide et Impera-ს (დაყავი და იბატონე) პრინციპით პერიფერიის მართვისა [ხაბეიშვილი 1995: გავიხსენოთ აგენტ პ. სიტინის წერილი: „აფხაზეთის გამოყოფა უნდა მოხდეს თანდათანობით, ეტაპობრივად, ჯერ იდეოლოგიური გავლენით, შემდეგ, თუ საჭირო იქნება, იარაღის ძალით“]:
ცარიზმისა და ბოლშევიკური რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში მე-19-20 საუკუნეებში, ისე ჰგავს ერთმანეთს, როგორც წყლის ორი წვეთი. დაუოკებელი მისწრაფება ქართული კუთხეების ეთნოსებად წარმოჩენისა და მათი ერთმანეთთან დაპირისპირება, ქართველთა და აფსუათა მიზანმიმართული გადაკიდება ერთმანეთისათვის საბჭოური პოლიტიკის ფუნდამენტური უფლებაა [ფრუიძე 1999:152-158].
ვხედავთ, რომ იმპერიულ ძალაუფლებაზე ზემოქმედების სხვადასხვანაირი რეჟიმები აქტიური და უწყვეტია კოლონიზაციის მომენტიდან. წინააღმდეგობის დისკურსი და ინტერაქცია მთავარია მდგრადობის თეორიაში. მეტროპოლიის მთავრობასა და პერიფერიის მეცნიერებს შორის ჩამოყალიბებული მომგებიანი ურთიერთობა სავსებით ცხადია. როგორც ჩვენ მიერ წინარე სტატიებში მრავალგზის მოხსენებული ედვარდ საიდი [საიდი 1995] აღნიშნავს: მეცნიერები გაცნობიერებულად/გაუცნობიერებლად კონტროლისა და დამპყრობელთა გამართლების ახალ იდეოლოგიურ მექანიზმს ქმნიდნენ.
კოლონიზატორული სტრატეგიის საფეხურებიდან:
ა) დაქვემდებარებულის ასიმილაცია/ჰიბრიდიზაცია ენის საშუალებით;
ბ) ისტორიული მითოსის ქმნადობა – გაზვიადებული წარმოდგენების შექმნა საკუთარ წარსულსა და წარმომავლობაზე
სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, წარმატებით განხორციელდა აფხაზეთთან მიმართებაში.
შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ: 1980-1990-იანი წლების (ქართულ-აფხაზური) მედიური ნარატივის შესახებ.