ციკლიდან: საუბრები პოსტკოლონიალიზმზე, კოლონიური პერიოდის კულტურულ-ისტორიული ტრავმა და საბჭოთა იმპერიის ძალადობრივი პრაქტიკა
პუბლიცისტურ მასალაში, რომელზე დაყრდნობითაც კვლევა ვაწარმოე პოსტკოლონიური თეორიის ქართულ კონტექსტთან ვალიდურობის დასასაბუთებლად, მკვეთრადაა გამოხატული კოლონიზატორთან ასიმილაციის საწინააღმდეგო ტენდენცია: ამ მიზნით 1980-1990-იანი წლების ქართული მედია პერმანენტულად ახდენს მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის მოღვაწეების ინტელექტუალურ რეტროსპექციას (ი. ჭავჭავაძის, ი. გოგებაშვილის, ნ. ნიკოლაძის, კ. საძაგლიშვილის ნააზრევის).
ამავე სულისკვეთებითაა აღბეჭდილი ა. ბაქრაძის რეფლექსიები ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. (ა. ბაქრაძის „მწერლობის მოთვინიერება“, რომელიც სტატიების სახით ქვეყნდებოდა), მ. მამარდაშვილის, მ. კოსტავას, რ. მიშველაძის, ნ. გელაშვილის, გ. გეგეშიძის, ლ. სანიკიძის, ზ. კიკნაძის, გ. ყორანაშვილის შეხედულებები.
ზემოთაღნიშნულ პუბლიცისტიკაში იმპერიალიზმის/პოსტიმპერიალიზმის ეპოქის კულტურულ-ისტორიული ტრავმა წარმოჩენილია, როგორც „ჩემისა“ და „სხვის“ კონფლიქტი, ნაციონალურ ცნობიერში არსებული ბრძოლა პარადიგმებთან კი,_ როგორც პოსტკოლონიალიზმის ძირითადი ბინარული ოპოზიციების ურთიერთდაპირისპირება, დაპირისპირების, ძალადობის ბუნება,_ როგორც მომიჯნავესთან გამოყოფისა და თვითიდენტიფიკაციის პროცესი, ერთგვარი „დაკარგული სამოთხის“ ძიების კონსტრუქტი კოლექტიურ კულტურულ მეხსიერებაში და ახალი (მიწიერი) სამოთხის შექმნის მოთხოვნილება საბჭოთა სუბიექტთან უკვე რადიკალურად დიფერენცირებულ პოსტსაბჭოთა სუბიექტში. აქვე გამოვყოფდი, რომ პუბლიცისტურ სტილთან სიახლოვის და საკვლევი საკითხებისადმი მიმართების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: ო. ჩხეიძის პროზა, ო. ჭილაძის პროზა, ჭ. ამირეჯიბის პროზა, გ. ფანჯიკიძის პროზა, ნ. გელაშვილის პუბლიცისტიკა, კ. ჯანდიერის პროზა, თ. ფხაკაძის პროზა, გ. სოსიაშვილის პროზა, და ჩვენი თანამედროვე ავტორების 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით შთაგონებული ლიტერატურული ნარატივებიც.
ნაციონალური დისკურსი და გათავისუფლების სტრატეგია
დაქვემდებარებულის (სუბალტერნის) კომპლექსისაგან გათავისუფლების სტრატეგია, ნათელს ჰფენს, თუ როგორ აქტიურდება აქამდე კონვენციური საზღვრებით შებოჭილი ნაციონალური კონცეპტი კოლონიური პერიოდის პარადიგმული ფობიების დასამარცხებლად. ამ მიზნით, შეგიძლიათ იხილოთ ერთმანეთისაგან ჟანრობრივად, ესთეტიკური და სტრუქტურული თვალსაზრისითაც კი ძალიან განსხვავებული ტექსტები: ო. ჩხეიძის: „თეთრი დათვი“, „არტისტული გადატრიალება“; ჭ. ამირეჯიბის: „გორა მბორგალი“; ო. ჭილაძის: „აველუმი“; გ. თევზაძის: ფილოსოფიური ესეები.
დასასრულს, უნდა ითქვას, რომ 1980-იანი წლებიდან დღემდე, ინტელექტუალური აზრის გენეზისი და მისი ადგილგადანაცვლება ჯერ სამწერლო სივრციდან ფილოსოფიურ/სოციალურ-ინტელექტუალურ სივრცეში მოხდა _ 2012 წლამდე, შემდეგ კი, კვლავ უკან, მწერლობაში დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება.