ციკლიდან: საუბრები პოსტკოლონიალიზმზე, ნაციონალური თვითიდენტიფიკაცია
საგულისხმოა, რომ ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის ხელახალი პროცესი თავს კვლავ იჩენს 21-ე საუკუნის ურბანულ სივრცეში (ფართოდ ამ საკითხზე იხილეთ ცირა კილანავას დისერტაცია: „ქართული ნაციონალური დისკურსის ფორმირება: საქართველოსა და რუსეთის იმპერიის მარკირების მოდელები და ქართული ნაციონალური თვითიდენტიფიკაცია მე-18 საუკუნის დასასრულისა და მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში,“ სრულად.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოსტსაბჭოურ კონტექსტში, „ქალაქის ინტელექტუალის“ დისკურსში ჩამოყალიბდა ის მარკერები, რომლებიც „ქართველ ერად შედგომას“ აწმყოშივე ახორციელებს, წარსულს და მომავალს აქ, ჩვენსავე დროში აერთიანებს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი კვლევის რაკურსში მოექცა ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ტექტებიც, ინტელექტუალთა გარკვეული ნაწილის რეფლექსიები რუსულ აგრესიაზე, როგორც მეტროპოლიის ძალადობაზე; ასევე, 2008 წლის „თავისუფლების დღიურების“ ტექსტები, როგორც ანტიძალადობრივი სუბკულტურული ნარატივები:
1. „ინტუიციით მაინც ვგრძნობთ, რომ რუსეთისაგან არაფერი გამოვა, რადგან რუსებს მართლა ურჩევნიათ ტოტალურ [...ში] იცხოვრონ, ოღონდ რუსეთის იმპერიამ იარსებოს“ (ტურაშვილი: 2008).
2. „ჩვენი გაორებაც პირდაპირ კავშირშია ტყუილთან და შიშთან და რაც მალე გავაკეთებთ ნამდვილ არჩევანს, უფრო მალე დავაღწევთ თავს რუსულ სივრცეს, რომელიც ჯერ კიდევ გვთვლის თავის ნაწილად, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვგავართ მათ საბჭოური ინერციის გამო“ (მამარდაშვილი: 1989).
3. „მე და მაქსიმი ერთმანეთს სიცოცხლეში არაბულად ვესაუბრებოდით, აქ კი, სიზმარში, რუსულად მელაპარაკება და მეც რუსულად ვეუბნები, რომ წავიდეს, რომ ახლა უკვე აღარ შეიძლება ქართველისა და რუსის მეგობრობა, რადგან მისმა დიდმა ქვეყანამ ჩემი პატარა გორი დამობომბა!“ (ლობჟანიძე: 2009, 241-251).
4. „მოკლედ ჩვენი სახლის ეზოში ტანკი დგას! შესევიან ეზოს ოკუპანტებია თუ ჩემი ფეხებია. ზოგი თხილს გლეჯს, ზოგი ატამსა ჭამს, ზოგი ქათამს დასდევს “ (ფხაკაძე: 2008, 303).
საკითხზე: კოლონიური პერიოდის კულტურულ–ისტორიული ტრავმიდან საბჭოთა იმპერიის ძალადობრივ პრაქტიკის გაცნობიერებამდე შემდეგ სტატიაში გავაგრძელოთ საუბარი.
დათო ტურაშვილი მერაბ მამარდაშვილი გიორგი ლობჟანიძე თამრი ფხაკაძე