ქართული ენა და ლიტერატურა
ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, აბიტურიენტებო, სტუდენტებო ინტერნეტპორტალი „განათლებული საქართველო“ www.edulive.ge გთავაზობთ სამეცნიერო-მეთოდურ სტატიებსა და სხვადასხვა საინტერესო მასალას ქართული ენისა და ლიტერატურის უკეთ შესწავლისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს თქვენთვის საინტერესო იქნება, რადგან კარგად ვიცით, როგორი ენთუზიაზმით ხვდებით სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით გამოსაყენებელ ყოველ სიახლეს.
ჩვენი საიტი თავიდან რამდენიმე მიმართულებას დაისახავს მიზნად (ვიმედოვნებთ, შემდეგში დაემატება რუბრიკები), სტანდარტისა და ესგ-ს შესაბამისად. მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მასალას განვიხილავთ სწავლების მეთოდიკის პრინციპებზე დაყრდნობით. ვიმედოვნებთ, რომ ამოვწურავთ სავალდებულო ლიტერატურას, შემდეგ კი გავითვალისწინებთ სახელმძღვანელოებში ავტორთა მიერ დამატებული მასალის ანალიზის საკითხებსა და მეთოდიკასაც.
როგორც ცნობილია, ესგს აქვს 4 ძირითადი სეგმენტი. ესენია:
- მიზნები (აღზრდა,მოსწავლისთვის გარკვეული უნარების ჩამოყალიბება);
- შინაარსი (მასალადა მისი სწავლება);
- მეთოდოლოგია (სწავლების მეთოდიკა);
- შეფასება (მოსწავლისა და მასწავლებლის).
ვფიქრობთ, წერილები გამოვაქვეყნოთ ოთხივე მიმართულებით.
შეგახსენებთ საბაზო საფეხურის (VII-IX კლასების) სავალდებულო ლიტერატურის სიას (ქვემოთ წარმოდგენილი ჩამონათვალი შეადგენს საბაზო საფეხურისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60 პროცენტს)
ლეონტი მროველი - „ცხორება და მოქალაქეობა ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარის ნინოსი“: მირიანის ნადირობა და მზის დაბნელება;
იოანე მინჩხი - ,,ჰიმნი“(ჟამნი ჩუენნი, ვითარცა სიზმარნი...);
არსენ იყალთოელი - ,,დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“ (ვის ნაჭარმაგევს მეფენი…);
შოთა რუსთაველი - ,,ვეფხისტყაოსანი“: ,,ანდერძი ავთანდილისა“; „თათბირი ნურადინ ფრიდონისა“, „თათბირი ავთანდილისა“, „თათბირი ტარიელისა“.
სულხან-საბა ორბელიანი - ,,წიგნი სიბრძნე სიცრუისა“: იგავ-არაკები: ,,მოცინარი და მოტირალი“, ,,უნაღვლოთა მძებნელი“, ,,კაცი და გველი“, ,,კეისრის მაგისტროსი“; ,,მოგზაურობა ევროპაში“ (მითითებული სახით);
დავით გურამიშვილი - ,,დავითიანი“: ,,სწავლა მოსწავლეთა“ (მითითებული სახით); ,,ქართლის ჭირი“ (ლეკთაგან დატყვევება; სიზმარი ტყვეობასა შინა; ტყვეობიდან გაპარვა); ,,დინარი“ (ვაქოთ, ვადიდოთ ვინაო…);
მზეჭაბუკ ორბელიანი - ,,სიტყვა, თქმული დარბაზში საქართველოს გაერთიანების თაობაზე“;
ბესიკ გაბაშვილი - ,,ტანო ტატანო“;
გრიგოლ ორბელიანი - ,,სადღეგრძელო “: ,,ჰე, მამულო...“;
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ,,ბედი ქართლისა“, ,,ცისა ფერს“, ,,საყურე“, ,,ფიქრნი მტკვრის პირას“, ,,არ უკიჟინო, სატრფოო“, ,,სული ობოლი“, ,,წერილი მაიკო ორბელიანისადმი“ (მითითებული სახით).
1. ილია ჭავჭავაძე - ,,აჩრდილი “ (,,მარად და ყველგან...“, ,,მაგრამ ქართველნო...“, ,,დედავ ღვთისაო...“), ,,ქართვლის დედას“, ,,ბაზალეთის ტბა“, ,,ჩემო კალამო“, ,,სარჩობელაზედ“, ,,ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ (მითითებული სახით); ,,სიტყვა წინამძღვრიანთ-კარის სკოლის გახსნაზე“ (მითითებული სახით); ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ (მითითებული სახით); ,,ერი და ისტორია“ (მითითებული სახით);
2. აკაკი წერეთელი - ,,ხატის წინ“, ,,განთიადი“, ,,სულიკო“, ,,თორნიკე ერისთავი“, ,,ბაში-აჩუკი“;
3. ვაჟა-ფშაველა - ,,ჩემი ვედრება“, ,,იას უთხარით ტურფასა“, ,,სამეფოს სიმღერა“ (ქალო, გნახე ფეხშიშველი...), ,,დამსეტყვე, ცაო“, ,,კაი ყმა“, ,,ამოდის, ნათდება“, ,,ენა“ (მითითებული სახით); ,,ნიჭიერი მწერალი“ (მითითებული სახით);
4. იაკობ გოგებაშვილი - ,,ბურჯი ეროვნებისა“ (მითითებული სახით), ,,რანი ვიყავით გუშინ“ (მითითებული სახით);
5. დავით კლდიაშვილი - ,,დარისპანის გასაჭირი“;
6. მიხეილ ჯავახიშვილი - ,,მიწის ყივილი“, ,,ეშმაკის ქვა“;
7. ნიკო ლორთქიფანიძე - ,,საშობაო მინიატურები“, ,,ლიტერატურული საღამო“;
8. გალაკტიონ ტაბიძე - ,,მამული“, ,,რაც უფრო შორს ხარ“, ,,(გაგონდება თუ არა...), ,,მზეო თიბათვისა“, ,,წამყე ბეთანიისაკენ“, ,,შინდისის ჭადრებს“;
9. კონსტანტინე გამსახურდია - ,,დიდი იოსები“;
10. ტიციან ტაბიძე - ,,რია-რია“;
11. პაოლო იაშვილი - ,,დარიანული“;
12. ვალერიან გაფრინდაშვილი - „სენტიმენტალური ტრიოლეტი“;
13. კოლაუ ნადირაძე - „25 თებერვალი“;
14. გიორგი ლეონიძე - „ნატვრის ხე“: „მარიტა“;
15. ლადო ასათიანი - „სპარსელ ასულს“;
16. მირზა გელოვანი - „ნუ მწერ“;
17. სიმონ ჩიქოვანი - „თბილისის თოვლი“;
18. ირაკლი აბაშიძე - „ხმა კატამონთან“;
19. ანა კალანდაძე - „რა ვარ? სტვირი ვარ“, „მოდიოდა ნინო მთებით“, „ფეხი
დამადგით“;
20. მურმან ლებანიძე - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო";
21. რევაზ ინანიშვილი - „ჩიტების გამომზამთრებელი“, „პატარა ბიჭი
გოლგოთაზე“;
22. არჩილ სულაკაური - „არ ვიცი, ამას რა ჰქვია“;
23. ნოდარ დუმბაძე - „კორიდა“;
24. მუხრან მაჭავარიანი - „საბა“;
25. შოთა ნიშნიანიძე - „ცოტნე დადიანი“;
26. თამაზ ჭილაძე - „ყინწვისი“;
27. ოთარ ჭილაძე - „როდესაც ასე ახლოა გრემი“;
28. ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“: მოსე ზამთარაძის ნაამბობი;
29. რევაზ ჭეიშვილი - „მუსიკა ქარში“: „ლურჯი ფრინველი“;
30. ნუგზარ შატაიძე - „მოგზაურობა აფრიკაში“.
საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) სავალდებულო ლიტერატურა (ქვემოთ წარმოდგენილი ჩამონათვალი შეადგენს საშუალო საფეხურისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60 პროცენტს) კი ასე გამოიყურება:
იაკობ ცურტაველი - „შუშანიკის წამება";
იოვანე საბანისძე - „აბოს წამება";
გიორგი მერჩულე - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, 12 ეპიზოდი: 1. გრიგოლის ცხოვრება სასულიერო მოღვაწეობის დაწყებამდე; 2. ზენონის ეპიზოდი; 3. გრიგოლი და გაბრიელ დაფანჩული; 4. გრიგოლისა და აშოტ კურაპალატის პირველი შეხვედრა; 5. საბა იშხნელისა და ბაგრატ კურაპალატის დიალოგი; 6. გრიგოლი დასავლეთ საქართველოში; 7. გრიგოლის შეხვედრა დედასთან; 8. ჯავახეთის საეკლესიო კრება; 9. ეფრემ მაწყვერელის ღვაწლი; 10. რომანული ეპიზოდები (აშოტი, ადარნერსე); 11. ცქირის ეპიზოდი; 12. გრიგოლის აღსასრული.
შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“: „დასაწყისიდან“ „ტარიელის თათბირის“ ჩათვლით; „დასასრული“.
სულხან-საბა ორბელიანი - „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“: ლეონის თავგადასავალი; იგავ-არაკები: „მეფე ხორასანისა“, „ძუნწი დიდვაჭარი‟‟, ,,უგუნური მცურავი“, ,,სამნი ბრმანი“, ,,მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;
დავით გურამიშვილი - „დავითიანი“: ,,ქართლის ჭირი“ (ისტორიული ნარატივი); ,,კაცისა და საწუთროს ცილობა“; „ვაი, რა კარგი საჩინო“, „სახით სიტყვა-შუენიერო“, „საწუთრო სოფლის სამდურავი“;
ალექსანდრე ჭავჭავაძე - „გოგჩა“;
გრიგოლ ორბელიანი - „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „საღამო გამოსალმებისა“, „პასუხი შვილთა“;
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „მერანი", „შემოღამება მთაწმინდაზედ“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“;
ილია ჭავჭავაძე - „მგზავრის წერილები“, „კაცია-ადამიანი?!“, „პასუხის პასუხი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „განდეგილი“, „ბედნიერი ერი“, „ორიოდე სიტყვა“ (მითითებული სახით), „ზოგიერთი რამ“ (მითითებული სახით);
აკაკი წერეთელი - „გამზრდელი", „ქებათა ქება (სხვებმან სვან ღვინო...), „აღმართ-აღმართ";
ალექსანდრე ყაზბეგი - „ხევისბერი გოჩა";
ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური", „სტუმარ-მასპინძელი", „ბახტრიონი", „რამ შემქმნა ადამიანად", „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი" (მითითებული სახით), „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" (მითითებული სახით);
1. დავით კლდიაშვილი - „სამანიშვილის დედინაცვალი";
2. მიხეილ ჯავახიშვილი - „ჯაყოს ხიზნები";
3. ნიკო ლორთქიფანიძე - „შელოცვა რადიოთი";
4. კონსტანტინე გამსახურდია - „დიდოსტატის მარჯვენა";
5. პოლიკარპე კაკაბაძე - „ყვარყვარე თუთაბერი“ (I და IV მოქმ.);
6. გალაკტიონ ტაბიძე - „თოვლი“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „მშობლიური ეფემერა“, „შერიგება“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „ქებათა-ქება ნიკორწმინდას“;
7. ტიციან ტაბიძე - „ლექსი მეწყერი“, „ანანურთან“, „პოეზია“;
8. გიორგი ლეონიძე - „ყივჩაღის პაემანი“, „ნინოწმინდის ღამე“;
9. გურამ რჩეულიშვილი - „ალავერდობა“;
10. ანა კალანდაძე - „მკვდართა მზე ვარ“ (...ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ...);
11. გურამ დოჩანაშვილი - „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“;
12. ჯემალ ქარჩხაძე - „იგი“.
ცხადია, წერილებს გამოვაქვეყნებთ ენის, სტილისა და ლიტმცოდნეობის საკითხებზეც, გარკვეულ ყურადღებას დავუთმობთ საზღვარგარეთის ლიტერატურას.
გაზეთის მთავარი მიმართულებაა, შეესაბამებოდეს და შეძლებისდაგვარად ამოწუროს ესგ-ს მიერ დასახული ამოცანები. შეგახსენებთ, საბაზო საფეხურის დასრულებისას რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს:
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ლექსიკოლოგიური ასპექტები: სინონიმია და ანტონიმია; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებანი; ეტიმოლოგია.
გრამატიკული ასპექტები: ზმნური კონსტრუქციები და მარტივი წინადადება (ქართული ენის სპეციფიკა – ოთხი მთავარი წევრისგან შედგენილი წინადადება); ზმნის ცენტრალური როლი ქართულ წინადადებაში (პირთა მართვა); ზმნის დრო-კილოთა ფორმების ურთიერთმიმართების საკითხი რთულ წინადადებებში ("დროზე რომ მოვსულიყავი, სახლში დამხვდებოდი"...); ზმნისწინი და მისი ფუნქციები (მიმართულება, ასპექტი, სიტყვათწარმოება); ქვემდებარე-შემასმენლისა და მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმება; სახელდებითი და უქვემდებარო წინადადებების მხატვრული ფუნქცია; ინფორმაციის დამაზუსტებელი და სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (დანართი, ჩართული); ნომინალური წინადადებები, პირობით-შედეგობითი კონსტრუქციები; მონოტონური და დინამიური მეტყველებისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები.
თხრობითი, კითხვითი, ძახილის წინადადებების სტრუქტურა; მარტივი გავრცობილი და გაუვრცობელი, თანწყობილი, ქვეწყობილი წინადადებების ძირითადი ნიშნები; სასაუბრო, სამეცნიერო, მხატვრული, ოფიციალურ-საქმიანი, პუბლიცისტური სტილისათვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები; განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები; პირდაპირი და ირიბი ნათქვამი; სასვენი ნიშნების ხმარება ციტირებისა და დიალოგის გადმოცემის დროს; მართლწერისა და ორთოგრაფიის ნორმები.
შერწყმული წინადადება და მისი ფუნქციები; კავშირების როლი რთულ წინადადებაში; უკავშირო შეერთების მიზეზი და მიზანი; თანწყობის და ქვეწყობის არსი; ქვეწყობილ წინადადებებში მისათითებელი სიტყვებისა და წევრ-კავშირების ფუნქციები (წევრ-კავშირთა როლი მხატვრულ ნაწარმოებებში); სიტყვა - წინადადება - ტექსტი); წინადადება - გრამატიკის უმაღლესი ერთეული, ხოლო ტექსტის ლინგვისტიკის უმარტივესი ერთეული; აბზაცი. აღწერის, თხრობისა და მსჯელობის სინტაქსი. რა თავისებურებებია დამახასიათებელი თითოეული მათგანისთვის? მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები, შესაბამისი კავშირები, გრამატიკული ფორმები, სპეციალური ლექსიკა (მაგალითად, „რადგან ... “; „თუ ... მაშინ“, „მაშასადამე...“, „ესე იგი“, „აქედან გამომდინარე...“ და სხვ.); ანალოგიაზე დამყარებული მსჯელობისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები, კავშირები, ლექსიკა (მაგ., „შესაბამისად“, „გათვალისწინებით“, „მსგავსად“, “როგორც,... ისე“ და სხვ.); ინდუქციაზე დამყარებული მსჯელობისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები, კავშირები, მოდალური სიტყვები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი ცნებები: ჯგუფური დისკუსია და მისი სტრატეგიები, სადისკუსიოდ განსხვავებული თვალსაზრისების ჩამოყალიბება, დრამატული მონოლოგი, როლური ტექსტები, რადიო და სატელევიზიო ინტერვიუ, ტექსტი და კონტექსტი, ტექსტი და ფონური ინფორმაცია; დისკუსიების, დებატების, პოლიტიკური / რიტორიკული გამოსვლების, დრამატული მონოლოგის, აუდიტორია და მისი სოციალურ-კულტურული ინტერესები, და ა.შ. მსჯელობა და მსჯელობის სახეები, მიზეზ-შედეგობრივი, ანალოგიაზე დამყარებული, ინდუქციური), ზეპირი მოხსენების მომზადება და წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის მიზნის, სოციალურ-კულტურული დონის, თავისებურებების, ინტერესების გათვალისწინებით.
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
სწავლების ამ ეტაპზე მოზარდთა ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალის შერჩევა.
შერჩეულმა მხატვრულმა ტექსტებმა ხელი უნდა შეუწყოს მოზარდთა დამოუკიდებელი, შემეცნებითი, შემოქმედებითი და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარებას.
ლიტერატურული ტექსტები უნდა გამოირჩეოდეს აქტუალური (როგორც მხატვრული, ისე ყოფითი თვალსაზრისით) პრობლემატიკით, რათა მოზარდს მიეცეს მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე მსჯელობის, განსხვავებული თვალსაზრისის გამოთქმის საშუალება.
სასურველია, სახელმძღვანელოში შევიდეს სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ტექსტები, რომლებიც მოზარდთათვის თვალსაჩინოს გახდის ლიტერატურაში ასახული კონკრეტული პრობლემის სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში, სხვადასხვაგვარად გააზრების აუცილებლობას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდს შეექმნას გარკვეული თეორიული წარმოდგენა ლიტერატურის, როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენის შესახებ, შეძლოს ყოფითი რეალობისა და მხატვრული გამონაგონის ურთიერთმიმართების თავისებურებების გაცნობიერება.
თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად სასურველია უცხოური ლიტერატურის იმ ნიმუშების შეთავაზებაც, რომლებიც ტიპოლოგიისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით მსგავსებას ამჟღავნებს სწავლების ამ ეტაპისათვის შერჩეულ მხატვრულ ნაწარმოებებთან.
ხოლო საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლის ცოდნა და უნარები ასეა ჩამოყალიბებული:
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
გრამატიკული ასპექტები: სტილის რაობა; ტავტოლოგია და პარონომაზია, კალკი, ატროფია; ფუნქციური სტილის გამოყენება და დანიშნულება; ენათმეცნიერული და პოეტური სტილისტიკა; მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი; რიტორიკული შეკითხვების არსი და სტრუქტურა; მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა; ენა, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალება; მხატვრულ სახეთა შექმნის ენობრივი მექანიზმი; პოეზიის ენა; პოეტური ლოგიკა; პირდაპირი, ირიბი და არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამი; არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამის ქვესახეობები; ტექსტის რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული, პუნქტუაციური და ორთოგრაფიული წესები და ნორმები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
სასწავლო პროექტი. პროექტის დაგეგმვა, წინასწარი კვლევები და მათი შედეგები; პროექტის წერილობითი გაფორმება და პრეზენტაცია.
ტექსტის ტიპები: სასწავლო პროექტი, გამოკვლევა (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომი), სასწავლო რეფერატი.
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
თუ XI კლასში მოსწავლეს საშუალება ჰქონდა შეესწავლა, გაეანალიზებინა და შეედარებინა სხვადასხვა პერიოდის შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით, XII კლასში იმავე საქმიანობას ის ახორციელებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების საფუძველზე. მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში, კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამიტომ, დამამთავრებელ კლასში იზრდება ნათარგმნი ლიტერატურის ხვედრითი წილი (უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსწავლე ამ დროისათვის უნდა ფლობდეს რომელიმე ერთ უცხოურ ენას მაინც, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს დედანი თარგმანს). ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვან ლიტერატურულ მასალასთან ერთად სწავლების ამ ეტაპზე შესაძლებელი და სასურველიცაა ლიტერატურული კრიტიკის, სამეცნიერო და კვლევითი ხასიათის, საკითხის კვლევის ისტორიის ამსახველი მასალის შემოტანაც.
ცხადია, გვესმის, რამდენად რთულ ამოცანას ვეჭიდებით. ამიტომაც ვიმედოვნებთ თქვენს მხარდაჭერას.
გიწვევთ ყველას სათანამშრომლოდ. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:
- სურვილები და შენიშვნები
- თქვენი წერილები, შესასწავლი საკითხების თქვენეული ხედვა;
- გაკვეთილების გეგმები;
- პროექტები;
- თქვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეები;
- სახალისო სავარჯიშოები და თამაშები;
- ინფორმაციები თქვენი სკოლის (ან თქვენთვის ცნობილი) საინტერესო, გამორჩეული, ღვაწლმოსილი მასწავლებლის შესახებ, თქვენი აზრით რომ იმსახურებს აღიარებას. გავაცნოთ ის ჩვენს კოლეგებს.
იმედი გვაქვს, რომ თქვენთან თანამშრომლობით შევქმნით ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვან საიტს.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით, რედკოლეგია
www.edulive.ge სკოლა-კათედრები-ქართული ენა და ლიტერატურა