მოდის ზამთარი და გრიპიანობაც თან მოაქვს
შემოდგომა და განსაკუთრებით, ზამთრისპირი, იდეალური სეზონია ვირუსების გასავრცელებლად. ამ თვეებში, ისევე, როგორც ზამთარსა და გაზაფხულზე, გრიპი იბევებს თავის პოტენციურ კონტიგენტს. მწვავე რესპირატორული დაავადებები ეხშში შედის. ინფექციები სასწავლო წლის დაწყებისთანავე იმატებს. სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უმაღლეს სასწავლებლების სრულ დატვირთვას, საზაფხულო შვებულებების დამთავრებას თან სდევს ხალხის მკვეთრი მატება დაწესებულებებში, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. ინფექციის გავრცელების ხარისხის ზრდას ლოგიკურად ემთხვევა სეზონის ცვლილებაც. იკლებს ჰაერის ტემპერატურა, მის ტენიანობას ქარიც საგრძნობლად ამცირებს. ცივი და მშრალი ჰაერი აშრობს და აღიზიანებს ცხვირის, პირის, თვალის ლორწოვან გარსებს და ზრდის მათში ვირუსების შეღწევადობას, ეს კი ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ნაცნობ "გაცივებასა" და გრიპს იწვევს.
ასეა თუ ისე, ქუჩებში რა ხანია, გამოჩნდნენ ცხვირმოგუდული და ხმაჩახლეჩილი ადამიანები, თავს ისევ გვახსენებს ყოვლისშემძლე ლიმნიანი ჩაი და C ვიტამინი და განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ათასჯერ უკვე მოსმენილ-გადაღეჭილი საექიმო რეკომენდაციები, რომ შეძლებისდაგვარად, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, არ დავიზაროთ სპეციალური სამედიცინო პირბადის გამოყენება და ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ, რაც შეიძლება მეტი ხახვი, ნიორი, თაფლი, ცაცხვისა თუ გვირილის ჩაი და ასკილის ნაყენი. ერთი სიტყვით, ყველაფერი ვიღონოთ, რომ გადავურჩეთ გრიპსა და გაცივებას, მით უმეტეს, რომ სპეციალისტთა პროგნოზით, წელს თბილი ზამთარი ნამდვილად არ გვექნება.
გრიპი ვირუსული დაავადებაა, აინფიცირებს ცხვირს, ყელსა და ფილტვებს. ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია. ახასიათებს ცხელება ან შემცივნება, ხველა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, სურდო ან ცხვირის „გაჭედვა“, დაღლილობა, ღებინება და დიარეა, უმეტესად -- ბავშვებში. მისი თავიდან აცილება კი მხოლოდ ვაქცინაციითა და ჰიგიენის წესების დაცვით შეიძლება.
ხალხი თვლის, რომ გრიპი მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ხველის, ცემინების ან საუბრის დროს ვირუსის შემცველი ნერწყვის წვეთი ახლოს მდგომი ადამიანის პირში ან ცხვირში მოხვდება. რეალურად კი, გრიპის ვირუსით დაინფიცირებისთვის, საკმარისია, საგნის ზედაპირზე მოხვედრილ წვეთს ხელით შევეხოთ და შემდეგ ეს ხელი პირზე, ცხვირზე ან თვალზე მოვისვათ. მართალია, ვირუსი არცთუ გამძლეა და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისთანავე კვდება, მაგრამ ოთახში მაინც მთელ 2 საათს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, ხოლო ყინვაში, საერთოდ, 7 საათამდე ცოცხლობს. ამიტომ ხელები, შეძლებისდაგვარად, ხშირად უნდა ვიბანოთ, უნდა ვერიდოთ დაუბანელი ხელის სახეზე მოხვედრას, ზედმიწევნით დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები. ლაპარაკი აღარაა ყოველი ჭამის წინ მათ საგულდაგულოდ დაბანაზე. საგულდაგულო, ექიმების ენაზე, საპნის ხელში სულ ცოტა, ორჯერ აქაფებასა და აუცილებლად გამდინარე წყლით თითთა შორისებისა და ფრჩხილების კარგად გამოსუფთავებას ნიშნავს. თავდაცვის ეს ღონისძიება საგრძნობლად ამცირებს ვირუსის ხელით გადატანის რისკს. ასეთივე, გამოცდილი საშუალებაა, რაც შეიძლება ხშირად, ბინის განიავება და სველი წესით დალაგება. ხოლო თუ უკვე დაავადებული ხართ, გარშემომყოფთა უსაფრთხობაზე ზრუნვაც გმართებთ: ხალხმრავალ ადგილებში აუცილებლად უნდა ისარგებლოთ პირბადით, რომელსაც, სხვათა შორის, მოხმარების მკაცრი წესები აქვს: მაგალითად, დაუშვებელია ერთი პირბადით 4 საათზე მეტხანს გაჩერება: ასევე, დაუშვებელია მისი ამობრუნება და ისე მოხმარება; არის შემთხვევები, როცა ერევათ ნიღბის წაღმა-უკუღმა, ან, გარკვეული მოსაზრებებით, ახლა უკუღმა პირიდან იკეთებენ და ეს საშიშია, რადგან შესაძლებელია, რომ ჩაისუნთქოთ მასზე არსებული ვირუსიც. ამასთან, პირბადე სახეს ზედმიწევნით უნდა ერგებოდეს და ცხვირის არეშიც უჭერდეს, რომ ჰაერი ღრიჭოდანაც არ შეიპაროს. ანუ მხოლოდ მასში უნდა ისუნთქოთ.
აქ ერთი ნიუანსიცაა: გრიპით დაავადებული ვირუსებს მანამ ავრცელებს, სანამ თავად იგრძნობს, რომ ავადაა. ხოლო ითვლება, რომ ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და გამოვლენიდან 5-7 დღის განმავლობაში. ერთი უმნიშველოვანესი დეტალიც: ხველისა და ცემინებისას შეეცადეთ, რომ ცხვირ-პირზე აიფაროთ ქაღალდის ხელსახოცი. ხოლო ცხვირს რომ მოიხოცავთ, ხელსახოცი მაშინვე გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ.
ბევრს საერთოდ არ აკრთობს გრიპის საფრთხე, თვლის, რომ რაკიღა „გადამდები არაფერი სჭირს“ და ავადობა, უმეტესწილად, მსუბუქად მიმდინარეობს, თავისი გაცივებით, გარშემომყოფთ არ უქმნის პრობლემას. არადა, ჩვენში საკმაოდ პოპულარული ტერმინი „გაცივება“ ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ 200-მდე დაავადებას აერთიანებს და მისი გართულებაც ვირუსული თუ ბაქტერიული პნევმონიით, შუა ყურის ანთებით, სინუსიტით, დეჰიდრატაციით და სხვა ასეთებით, არცთუ იშვიათია.
სამწუხაროდ, გრიპი ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის -- გულის ქრონიკულ უკმარისობას, ასთმას, დიაბეტს და ზოგჯერ, ადამიანის დაღუპვის მიზეზიც ხდება. ასე რომ თუ გრიპი შეგხვდათ. შეეცადეთ, გამოჯანმრთელებამდე შინ დარჩეთ, დაიცავით თავი მისი მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოება -- გავრცელებისგან. ნუ დააბრალებთ თქვენს სურდოს, ხველას, ყელის ტკივილს და გაცივების სხვა სიმტომებს მხოლოდ ცივ ამინდს, ქარს და წვიმას -- ხანგრძლივი კვლევებით დადგინდა, რომ ამ დაავადების ჩამოყალიბებაში.სიცივისა და უამინდობის გავლენა უმნიშვნელოა.
ამინდი, ისევე, როგორც ფსიქოემოციური სტრესი, ფიზიკური გადაღლა, ცუდი კვება და ფონური ქრონიკული დაავადებები (ალერგია, ფრონტიტი, ჰაიმორიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ანუ “გლანდები" და ა.შ.) მხოლოდ ხელშემწყობებია "გაცივების" განვითარებაში. უბრალოდ, თითოეული აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ზრდის მასში ინფექციების შეღწევადობას და ეს ფონი ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მობინადრე, პირობითად მავნე, ვირუსებს უფრო ააქტიურებს.
დედის თვალს არ გამოეპარება, როცა ჩვეულებრივ ხალისიანი და ენერგიამოზღვავებული ბავშვი მოწყენილი და ლოყებშეფარკლულია. პირით სუნთქავს, უმადოდაა, ჭირვეულობს და ცხვირიდანაც აქვს გამონადენი. ეს ნიშნავს, „გაცივდა“. ესე იგი, მის პაწია ორგანიზმში "გაცივების" რომელიღაც ვირუსმა შეაღწია.
თითქმის ყველა ჩვენგანი ცივდება ერთხელ მაინც წლის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით, რეკორდსმენები. რა თქმა უნდა, ბავშვები არიან, ისინი წელიწადში 3-6-ჯერ მაინც ცივდებიან და ეს „მსუბუქი“ დაავადება უამრავ სასწავლო დღეს აცდენინებთ. თუმცა, გრიპი, A და B ჯგუფის ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადება და ასევე, ე.წ. „ გაცივება“, ხშირად, არცთუ ისე მსუბუქი და უწყინარი დაავადებებია, როგორც ეს თავიდან შეიძლება მოგვეჩვენოს. გრიპი სიცოცხლისათვის საშიშიც შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვებისა და მოხუცებისათვის, აგრეთვე, მათთვისაც, ვისაც ქრონიკული დაავადებების ფონზე იმუნიტეტი დაუქვეითდათ. თუმცა, ბავშვებში გრიპის კლინიკური ნიშნების გამოხატულება ცვალებადიცაა და ასაკზე დამოკიდებულიც.
გრიპის ვირუსის გენოტიპი ყოველწლიურად იცვლება, შესაბამისად, რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ასწრებს კიდეც სრულიად ახალი თვისებების შეძენას და პანდემიად ჩამოყალიბებას. დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია მისი პრევენცია, თუმცა, არასდროს არ უნდა ვიყოთ, მაგალითად, წინა წელს ჩატარებული ვაქცინაციის იმედად, რადგან შესაძლოა, ახალ ვირუსზე მან არც იმოქმედოს. ამიტომ ახალი ვაქცინების დამზადება, სადაც ჯერს არს, კონვეირული პროცესია.
მოსალოდნელი ვირუსის ტიპსა და მის ვარიანტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს ხოლმე. მისი გამოქვეყნების შემდგომ კი ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები იწყებენ ამ რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებას. გრიპის ვაქცინაცია სასურველი, თუმცა, არასავალდებულო პროცესია. ჯანდაცვის ორგანიზატორები მოსახლეობას ურჩევენ, რომ გრიპზე აიცრას 6 თვის შემდგომი ასაკების ყველა ინდივიდი. უპირატესობა ენიჭებათ 5 წლამდე (განსაკუთრებით -- 2 წლამდე) ასაკის ბავშვებს, 65 წელს გადაცილებულ ქრონიკულ ავადმყოფებს (ასთმიანებს, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემით მოავადეებს), ორსულებს, ნერვული სისტემის დარღვევების მქონეებს (ეპილეფსიანებს, ინსულტიანებს, ანემიურებს, იმუნოდეფიციტიანებს (შიდსი, კიბო), ჭარბწონიანებს (40-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსით), ცერებრალური დამბლის, გონებრივი უნარშეზღუდულობის, კუნთოვანი დისტროფიის მქონეთ), ჯანდაცვის მუშაკებს და მათ შორის -- ხანშიშესულთა და უნარშეზღუდულთა მომვლელებს.
რა მდგომარეობაა გრიპის ვაქცინაციის თვალსაზრისით ჩვენთან, საქართველოში? უკანასკნელი მონაცემებით, ჩვენთან წელიწადში, საშუალოდ, 10 ათასი ადამიანი აიცრება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. ცნობილია, რომ გრიპის მოსალოდნელი ეპიდემიის გამო, მარტო 2010 წელს, ჯანმო-მ საქართველოს მოაწოდა 100 ათასი დოზა ვაქცინა, მაგრამ აიცრა სულ რაღაც 30 000 ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს აცრა მოსახლეობისთვის უფასო იყო. მეტიც, ამ აქციით რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანები და თვით ექიმებიც კი არ დანტერესებულან. ალბათ, არაკეთილგონივრულია ასეთი შანსების ხელიდან გაშვება. მით უფრო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა საკუთარი ხარჯით იცრება და სახელმწიფო გრიპის ვაქცინაციისთვის თანხებს იშვიათად გაიღებს.
ნოემბრის დასაწყისი პირველი ნახევარი საუკეთესო დროა ასაცრელად, ეს ის პერიოდია, როცა მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბავშვებში, გრიპიანობა იწყება. თუმცა, ჩვენში, როგორც წესი, ბევრს ეს საჭიროება ვირუსების გავრცელების პიკზე ახსენდება -- თებერვალში, როცა ვაქცინაციას, თავისთავად, აზრი ეკარგება, რადგან გაცილებით მეტია შანსი, რომ ადამიანი უკვე დაინფიცირებული იყოს. მაგრამ ამ ინერტულობის მიზეზი ალბათ, ზოგადად, იმუნიზაციისადმი ჩვენს დამოკიდებულებაშია. ამ თემასთან დაკავშირებითაც, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხთან, უამრავი ჭორ-მართალი აგორდება ხოლმე. შემოტანილ ვაქცინებს ბევრი არ ენდობა, თვლიან, რომ მათ მსუბუქი ფორმით, მაგრამ მაინც გრიპი შეიძლება გამოიწვიონ, მიუხედავად სპეციალისტთა განმარტებისა, რომ ეს დასავლური ვაქცინები არ შეიცავენ გრიპის ვირუსს და, ლოგიკურად, არც შეუძლიათ დაავადების გამოწვევა. ასევე, არის აზრი, რომ ვაქცინაცია მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს დაავადების გავრცელებას, რადგან შეუძლებელია, რომ ერთის აცრამ გარშემომყოფები ვირუსთან კონტაქტისგან დააზღვიოს. მოკლედ, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებას ჩვენში ნაკლებად აქვს ხოლმე საზოგადოებრივი ეფექტი. უბრალოდ, არ ჩავუფიქრდებით, რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც შედეგები ინდივიდუალურია. შესაძლოა, აცრილი ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს, მაგრამ არ დაავადდეს, ან დაავადება უფრო იოლად გადაიტანოს: ანუ ვაქცინაცია ყოველთვის ვერ იქნება ერთნაირად ეფექტური, მაგრამ ერთი კი უეჭვოა: ის იმუნიტეტს გამოგვიმუშავებს და ნამდვილად გვიცავს თავად დაავადებისგან თუ არა, გრიპის მძიმე მიმდინარეობისგან!
საგულისხმოა, რომ ამ სამიოდე წლის წინათ მეცნიერები გრიპის უნივერსალურ ვაქცინაზე ალაპარაკდნენ, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე ვაქცინა უკვე გამოიცდება, მაგრამ მის დანერგვამდე, ალბათ, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის. იქამდე კი, ვირუსებს უკვე გამოცდიული საშუალებებით და რაც მთავარია, ალბათ, კომპლექსურად უნდა შევებრძოლოთ -- ოჯახებში და განსაკუთრებით, ბავშვებთან: პირადი ჰიგიენის წესების ზედმიწევნთ დაცვით, ორგანიზმის ვიტამინური ბალანსის შევსებითა და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ბევრ მოძრაობასა და რაციონალურ კვებას გულისხმობს. შეძლებისგვარად, მოარიდეთ შვილები (და საკუთარი თავიც) თამბაქოს ბოლსა და მანქანების გამონაბოლქვს. შეეცადეთ, ზამთარში ჰაერი არ გამოაშროთ თქვენს ბინებში, ოთახები თანაბრად დაათბუნეთ და ხშირ-ხშირად გაანიავეთ. ამისთვის, შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ დამატენიანებელი გამათბობლები და კონდიციონერები. შეიძლება გამათბობელთან თავღია წყლიანი ჭურჭლის მოთავსებაც. ერთი სიტყვით, მთავარია, რომ ჰაერის მისაღები ტენიანობა შეინარჩუნოთ ბინაში, რადგან გამომშრალ ლორწოვან გარსებში ინფექცია ადვილად აღწევს.
უკვე ზამთრისპირია, სულ რაღაც ერთი თვე და, ალბათ, თოვლი ჩამოყრიც. მერე ყინვაც მოგვიკაკუნებს ფანჯრებზე და ჩვენც, შვილებთან ერთად, მათ ყოჩაღად უნდა დავუხვდეთ, რომ მერე გრძელი რიგები არ დავაყენოთ ექიმების კაბინეტებთან.